რუსეთის პრემიერლიგის კლუბ “სპარტაკ-ნალჩიკის” მიერ შეთავაზებული გაუმჯობესებული საკონტრაქტო პირობების მიუხედავად, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა.
“კლუბთან კონტრაქტი კიდევ ნახევარი წელი მაკავშირებს. თბილისში წამოსვლამდე, ვესაუბრე გუნდის მთავარ მწვრთნელ იური კრასნოჟანს და “სპარტაკ-ნალჩიკის” ხელმძღვანელობას, რომლებმაც საკმაოდ კარგ პირობებზე კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზეს. თუმცა, მათ უარი ვუთხარი, ვინაიდან, უკვე სამი წელია ნალჩიკში ვარ და წასვლა მინდა”, – განუცხადა “მსოფლიო სპორტს” რუსეთიდან ორშაბათს დაბრუნებულმა ამისულაშვილმა.
- ბუნებრივია, რომ “სპარტაკ-ნალჩიკზე” ამბიციურ კლუბში გსურთ კარიერის გაგრძელება?
- ყველა ფეხბურთელს “ბარსელონაში”, ან “რეალში” სურს თამაში, მაგრამ ცხადია, რეალობა სხვაა. ჩემს შემთხვევაში, საუბარი რუსულ კლუბებზეა. წლის დასაწყისში, ნალჩიკელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ დიდი თანხა მოითხოვეს და არ გამიშვეს. ზაფხულში, როდესაც გუნდი რთულ ვითარებაში იყო, დახმარება მთხოვეს და მეც დავრჩი. ახლა კი, კარიერის გაგრძელება სხვაგან მსურს. სხვათა შორის, ნალჩიკელებს ვუთხარი, რომ სატრანსფერო ფურცელი მოეცათ და ჩაეწერათ რეალური თანხა, რომელსაც ჩემს სანაცვლოდ ითხოვდნენ, მაგრამ მსგავსი რამ არ გააკეთეს. ზამთარში უკვე შემეძლება სასურველ კლუბთან მოლაპარაკება ვაწარმოო და წინასწარი კონტრაქტი გავაფორმო.
- სეზონის დასაწყისში გროზნოს “ტერეკს” ჰქონდა თქვენი შეძენის სურვილი და ეს დაინტერესება, კვლავ არსებობს?
- მართალი გითხრათ, ზამთარში მართლაც მქონდა “ტერეკში” გადასვლის სურვილი, მაგრამ ამჟამად, ნალჩიკელები იგივე პირობებს მთავაზობენ. ასე რომ, გროზნოში გადასვლა გამორიცხულია.
- ცოტა ხნის წინ, რუსულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრემიერლიგაში წელს გადასული “ანჟი”, ამისულაშვილსა და სირაძეს ეპატიჟება...
- ამის შესახებ მეც გაზეთიდან გავიგე. ჩემთვის არავის დაურეკავს. თან, ნალჩიკიდან “ანჟიში”, რომელიც პრემიერლიგაში წელს გადავიდა, წასვლის სურვილი არ მაქვს. ამას მირჩევნია, სადაც ვარ, იქ დავრჩე.
- განვლილ სეზონში გუნდისა და თქვენს გამოსვლას, როგორ შეაფასებთ?
- ჩემპიონატის პირველ წრეში ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ, რადგან არ გვიმართლებდა და გოლებს ბოლო წუთებზე ვუშვებდით. მეორე წრეში, გაცილებით წარმატებით ვითამაშეთ და მე-11 ადგილი დამსახურებულად დავიკავეთ. საკუთარ თამაშს ნორმალურად შევაფასებდი, მაგრამ უკეთაც შემეძლო. რაც მთავარია, ტრავმებს არ შევუწუხებივარ. ამიტომ, ჩემპიონატში ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე და 4 გოლის გატანის გარდა, ერთი საგოლე გადაცემაც გავაკეთე.
- დათო სირაძეს კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება დაუმთვარდა და მომავალ სეზონში, ნალჩიკში დარჩენას თუ აპირებს?
- კლუბში სირაძის დატოვება ძალიან უნდათ. ხელმძღვანელობას ერთად ვესაუბრეთ და ყველაფერი მხარეების მიერ პირობებზე შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სეზონის მიწურულს, მან ძალიან სერიოზული შედეგი აჩვენა, რადგან ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, სირაძე დარჩება.
- გოგიტა გოგუა, რომელიც “სპარტაკ-ნალჩიკს” გროზნოს “ტერეკში” ჰყავდა განათხოვრებული, რუსეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩებში აღარ ჩანდა...
- გოგუას ტრავმა აწუხებდა და ამიტომ თბილისში, სეზონის დასრულებამდე თვენახევრით ადრე ჩამოვიდა. მას ნალჩიკელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს და იანვარში, სეზონისწინა შეკრებას გუნდთან ერთად დაიწყებს.
- საქართველოს ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ლეგიონერებს, რომლებიც ნაკრების პოტენციურ კანდიდატებად განიხილებიან, ინდივიდუალურად დაელაპარაკებოდა და გაარკვევდა, განვლილ პერიოდში, ზოგიერთ მათგანს, შეკრებაზე რატომ არ იძახებდნენ. თქვენ სწორედ ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებით და ქეცბაიასთან უკვე ხომ არ გისაუბრიათ?
- ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია. თუ მსგავსი საუბარი მართლაც შედგება, ამას მხოლოდ მივესალმები და შეხვედრისთვის მზად ვარ. ამ მხრივ, პრობლემას ვერ ვხედავ.
ლაშა თაბაგარი







