ძიუდო

17:55 | 13.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილი ვენაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ვენის მსოფლიოს თასზე პირველი-სამი წონითი კატეგორიის წინასწარი ეტაპის შეხვედრები დასრულდა და მედლისთვის ბრძოლას საქართველოს ნაკრების ერთადერთი წევრი, 60 კილოგრამში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი განაგრძობს. მეოთხედფინალში იგი ბრიტანელ ჯეიმს მილართან 39 წამში იპონზე დავარდა და რეპეშაჟში გადაერთო. დამამშვიდებელი ეტაპი ქართველმა მსუბუქწონოსანმა მონღოლი გამბატ ბოლდბაატარის ძლევით დაიწყო და ბრინჯაოს მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. რეპეშაჟის ფინალში პაპინაშვილის მეტოქე მონღოლი დავაადორჟ ტუმურხულეგისა და იაპონელი დაიჩი იანოს ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებული იქნება.
ძირითად ბადეში, მილართან დაპირისპირებამდე ამირან პაპინაშვილმა ორი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა. შვედ ოლე სანდსტრიომს 51 წამში მოუმთავრა საქმე, იტალიელ ფაბრიციო პიატის - 2 წუთსა და 21 წამში.
60 კილოგრამში ქართული დროშის ქვეშ მხოლოდ ერთი ძიუდოისტი გამოვიდა. დანარჩენ ორ წონაში კი ორ-ორმა ქართველმა მოირგო კიმონო. 66-ში გიორგი ფერსაშვილმა და გიორგი შოშიაშვილმა პირველსავე შეხვედრებში დაკარგეს კვარცხლბეკზე ასვლის შანსი. ფერსაშვილმა ეგვიპტელ აჰმედ ავადთან 3 იუკოთი წააგო. შოშიაშვილი კი ბრაზილიელმა ალექს სილვამ მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
73 კილოგრამში დავით კობერიძე ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და ყაზახი ნაურიზბეკ შილდებაევის ძლევის შემდეგ მერვედფინალში კანადელ ნიკ ტრიტონს დაეჭიდა. რომ მოეგო, სულ ცოტა, დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ... შეხვედრის ბედი ტრიტონის მიერ შესრულებულმა ვაზარმა გადაწყვიტა. ამავე წონაში, ანზორ ხმიადაშვილმა ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან მხოლოდ 2 წუთსა და 17 წამს გაძლო.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.162134