ამ მატჩის შედეგზე ბევრად იყო დამოკიდებული - შეძლებდა თუ არა “ლოკომოტივი” ბოლო ტურებამდე შეენარჩუნებინა უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი. პირველი ტაიმის შემდეგ, ინტრიგის მოყვარულები სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტდნენ (ალბათ სიცივისგანაც), მგონი “რკინიგზელებსა” და ზუგდიდელებს შორის ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შემცირდაო. თუმცა, მეორე ტაიმში გლდანურ საფეხბურთო არენაზე მომხდარმა, მათ მოლოდინს მსხვილი წერტილი დაუსვა.
თითქმის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში თბილისელთა “მაშველი რგოლის” როლში მყოფმა მაქსიმე ქვილითაიამ, თანაგუნდელის მიერ დაახლოებით მოედნის ცენტრიდან დაბრუნებული (ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო იმის გასააზრებლად გუნდელისგან იყო ბურთი თუ მეტოქისგან) ბურთი ხელში აიღო და არბიტრმაც “ლოკოს” საჯარიმოში თავისუფალი დარტყმა დანიშნა. ვიდრე მასპინძლები ცოცხალ კედელს აწყობდნენ, ბურთის შეუმჩნეველი დაგორება და გოგა ფიფიას დარტყმული კიპერისაგან შორეული ძელის შემდეგ ბადეში გაეხვა.
ეს მოხდა 53-ე წუთზე და ამ დროს ანგარიში გათანაბრდა. პირველი ტაიმის ბოლოს ზუგდიდელთა საჯარიმოში შეჭრილი ზვიად მეტრეველი გიორგი კვესიეშვილმა მოცელა და ჭელიძემ პენალტი გოლად ზუსტად გარდასახა. ეს იყო და ეს - პირველ ტაიმში ბურთი კარის ჩარჩოში მეტჯერ არ მოხვედრილა. იყო მცდელობა ორივე მხრიდან, მაგრამ მცდელობა და მეტი არაფერი.
შესვენების შემდეგ ზუგდიდელთა შორის საგრძნობი გადაადგილებები მოხდა. თვალში საცემი იყო, რომ 34 წლის როინ ონიანი შეტევის წინა ხაზზე იქნა “გადასროლილი”. ირაკლი ეხვაია მარტო აღარ უტევდა - მას გოგა ფიფიაც ხშირად ეხმარებოდა, აღარაფერს ვამბობთ ფლანგებიდან აკობიასა და სახოკიას ხშირ ჩართვას შეტევებში.
საპასუხო გოლის გაშვების შემდეგ თბილისელთა დაცვა საფუძვლიანად აირია - ეს ფეხბურთელებს შორის ხშირ ხმაურიან გადალაპარაკებაშიც ისახებოდა და კარის ბადიდან ბურთის გამოღებაშიც. “ბაია” მე-60 წუთზე დაწინაურდა, როცა მარცხნიდან ლევან აკობიას მიერ მეტოქის საჯარიმოში დაბალი ტრაექტორიით გაგზავნილ ბურთს ეხვაიამ მიმართულება შეუცვალა და ქვილითაიამ ვერც ამჯერად შეძლო რეაგირება - 1:2.
ზუგდიდელებმა მასპინძელთა უსუსურობა შესაბამისად შეაფასეს და სწრაფ კონტრშეტევებს მოუხშირეს. ასეთ შეტევაში “ბაიას” მცველთა მორიგი ჩართვისას ფიფიას პასის შემდეგ, კვესიეშვილი, ძალიან ახლოს იყო კიდევ უფრო დაეწინაურებინა სტუმრები - ბურთი ხარიხას მცირედით გადასცდა. თუმცა, აქედან ორიოდე წუთში “ბაიამ” მაინც გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან აკობიას ჩაწოდებულზე როინ ონიანი გაიხსნა და “ლოკოს” მცველთა გარემოცვაში მყოფმა, თავით, რომ იტყვიან ჩაალურსმა - 1:3. ეს ვეტერანი ზუგდიდელის მესამე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
სიტუაციის ასეთი შემოტრიალება თბილისელ “რკინიგზელებზე” მეტად გამოცდილ ფეხბურთელებს აუბნევდა თავგზას. მატჩის ბოლომდე 20 წუთზე მეტი იყო დარჩენილი და გათანაბრების თუ არა, სხვაობის შემცირების საშუალებაც იყო. “ლოკომოტივმა” კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, მაგრამ “ბაია” ამ დღეს მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა - პირველ რიგში სათამაშო დისციპლინით.
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი): “პირველი ტაიმიც არ უნდა წაგვეგო, მაგრამ მოწინააღმდეგემ პოზიციური შეცდომა არ გვაპატია და სავსებით სამართლიანად დანიშნული 11-მეტრიანით დაგვსაჯა. შესვენებაზე გუნდი 4-3-3-ზე გადავაწყვე, რადგან შედეგიდან გამომდინარე შეტევაზე უნდა გაგვეკეთებინა აქცენტი. გვერდით ნახევარმცველებს დავალება მიეცათ, უფრო ხშირად დახმარებოდნენ წინა ხაზს. როგორც ნახეთ, ასეთმა გადაადგილებებმა შედეგი გამოიღო”.
გელა სანაია (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “ძალიან ცუდად ვითამაშეთ. კი ვიგებდით პირველ ტაიმში, მაგრამ იმ უცნაურმა ბავშვურმა შეცდომებმა საბოლოოდ აგვრია და “წელში გაგვტეხა”. ამ ახალგაზრდებს, არამდგრადი ფსიქოლოგიის გამო, როგორც ჩანს, უჭირთ გადამწყვეტ თამაშებში სათანადო კონცენტრირება. იმედი მაქვს, გამოცდილების ხარჯზე მოუვათ ეს ფსიქოლოგიაც. ალბათ, ჩვენ, მწვრთნელებიც ვერ მივუდექით მათ ფსიქოლოგიურ მომენტში სწორად, თუმცა მგონია, რომ ისეთი შეცდომები იქნა დაშვებული, ჩვენი დარიგებებიც ვერაფერს შეცვლიდა.
რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა თეორიულად კია შესაძლებელი, მაგრამ ძალიან გამოუსწორებელი ოპტიმისტი უნდა იყო გჯეროდეს - “ლოკომოტივს” ლიგაში დარჩენის შანსი რომ აქვს. ახლა უფრო თამამად შემეძლება, იმ ხალხს მივცე თამაშის საშუალება, ვისაც არ უწევდა მოედანზე გამოსვლა და უფრო მეტი გამოცდილება მივაღებინო”.
18 აპრილი, თბილისი. “ამერი”. 300 მაყურებელი
“ლოკომოტივი” (თბილისი) - “ბაია” (ზუგდიდი) 1:3 (1:0)
“ლოკომოტივი”: ქვილითაია, გუშარაშვილი, ხატიაშვილი, ლევან ჩაგელიშვილი, სარალიძე, დიაკვნიშვილი, ქებაძე (ბორის მახარაძე, 64), გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე (დავით ჩაგელიშვილი, 72), ბონდო გოცირიძე (ალექსანდრე შენგელია, 51), ჩიკვაიძე, მეტრეველი.
“ბაია”: სომხიშვილი, სევასტი თოდუა, კვესიეშვილი, როინ ონიანი, სახოკია (გუგუჩია, 76), ეხვაია (გიორგი ქირია, 89), წურწუმია (ბაკარანძე, 84), ყველაშვილი, ვართაგავა, აკობია, ფიფია.
გოლები: 1:0 ჭელიძე (43, პენალტით), 1:1 ფიფია (53), 1:2 ეხვაია (60), 1:3 ონიანი (68).
გაფრთხილებები: ხატიაშვილი (22), წურწუმია (23), ჩიკვაიძე (33), გუშარაშვილი (71), სომხიშვილი (74).
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი).
| № | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
| 1 | ოლიმპი | 30 | 22 | 6 | 2 | 59-17 | 69 |
| 2 | დინამო | 30 | 17 | 7 | 6 | 47-17 | 58 |
| 3 | ზესტაფონი | 30 | 16 | 10 | 4 | 48-26 | 58 |
| 4 | ვიტ ჯორჯია | 30 | 14 | 11 | 5 | 41-28 | 53 |
| 5 | ცხინვალი | 30 | 10 | 9 | 11 | 36-45 | 39 |
| 6 | სამტრედია | 30 | 8 | 7 | 15 | 36-56 | 31 |
| 7 | სიონი | 30 | 6 | 13 | 11 | 22-38 | 31 |
| 8 | ბაია | 30 | 6 | 8 | 16 | 25-39 | 26 |
| 9 | ლოკომოტივი | 30 | 3 | 10 | 17 | 14-40 | 19 |
| 10 | გაგრა | 30 | 3 | 7 | 20 | 22-50 | 16 |
შენიშვნები
• პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
• 5 თებერვალს გამართული “სიონი”-”სპარტაკი” სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებულად მიიჩნია და ორივე გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა. ფედერაციისვე სააპელაციო კომიტეტმა გააუქმა ეს გადაწყვეტილება და შედეგი (0:1) ძალაში დატოვა.
• 20 მარტს გამართულ და ვადაზე ადრე 1:1-ზე შეწყვეტილ “ზესტაფონი”-”ოლიმპის” მატჩში სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორივე გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა. სფფ-ის აღმასკომმა კი, რუსთავურ გუნდს სასჯელი კიდევ უფრო გაუმკაცრა და 3 ქულა დააკლო.
ბომბარდირები
აკინო (ოლიმპი) - 26 (10 პენალტით), ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი) - 15 (1), ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია) - 11 (1), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 10, გიორგი გაბედავა (გაგრა) - 10 (1).
ფრიდონ კერვალიშვილი









