სხვა

13:47 | 5.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკიდან მეორე ადგილით და დიდი იმედით

2012 წლის მიწურულს, ახალგაზრდა ქართველი წყალბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც “ქამერს ქაფის” საერთაშორისო ტურნირზე მხოლოდ ერთი თამაში წააგო, ისიც მსაჯის დიდი ხელშეწყობით ტურნირის ორგანიზატორი კლუბის გუნდთან და მეორე ადგილი დაიკავა, მერე კი, სამი ამხანაგური თამაში გამართა და აშშ გამარჯვებების სერიით დატოვა.
გუნდი 1997-1998 წლებში დაბადებული წყალბურთელებით, თბილისის “თბილისის” ბაზაზე დაკომპლექტდა და გაძლიერების მიზნით მან “ლიგამუსიდან” და “ივერიადან” რამდენიმე გამორჩეული წყალბურთელი დაიმატა. ქართველმა ახალგაზრდებმა აშშ-ში “თბილისის” სახელით იასპარეზეს და მათი გამგზავრებაც ამ კლუბის ხელმძღვანელობის და სპორტსმენთა მშობლების დამსახურებით მოხერხდა, რეალურად კი, შეიძლება ითქვას, რომ ტურნეზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საბაზო გუნდი გაემგზავრა.
13 სპორტსმენს თან ახლდნენ კლუბ “თბილისის” პრეზიდენტი ლევან ბერიშვილი და მთავარი მწვრთნელი ირაკლი ბაქრაძე, რომელიც ამავდროულად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელიცაა და მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ კანდიდატების საქმეში ნახვა, რომლებიც ამა წლის მაისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაებმებიან.
ირაკლი ბაქრაძე: “ქამერს ქაფი” საკმაოდ სერიოზული საერთაშორისო ტურნირია, რომელიც დაახლოებით ათი წელია რეგულარულად იმართება. მასში 32 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომელთაგან უმრავლესობა კლუბები არიან, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებებიც ჩადიან სათამაშოდ. ჩვენ იქ შარშანაც ვითამაშეთ და მაშინ მე-8 ადგილი დავიკავეთ. წელს გუნდი ნაკრების 4-5 წყალბურთელით გავაძლიერეთ, მათ თავი გამოიჩინეს და შედეგმაც არ დააყოვნა - ამჯერად მეორე ადგილზე გავედით, თუმცა, ვფიქრობ, გამარჯვებაც გვეკუთვნოდა.
-    იქნებ უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ ტურნირის მსვლელობაზე და ვინ იყო ის გუნდი, რომელმაც პირველობა არ დაგვანება?
-    საწყისი ორი თამაშის მოგების შემდეგ, გადამწყვეტი, ფინალის ტოლფასი მატჩი იმ გუნდთან გვქონდა, რომელიც ამ ტურნირის ორგანიზატორია. მათთან ერთი ქულით, 6:7 დავმარცხდით, მაგრამ მსაჯებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ სწორედ მასპინძლებს გაემარჯვათ. წამყვანი ორი მოთამაშე, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა - ანდრო ბითაძე და რეზო იმნაიშვილი, პირველივე ტაიმში გაგვიგდეს. ასეთი რამ თითქმის არ ხდება, რომ პირველ ტაიმში და თანაც შეტევაში წყალბურთელებს აგდებდნენ. საშინელი დამოკიდებულება იყო ტრიბუნებიდანაც, საიდანაც ბავშვებს რაღაცეებს ესროდნენ.
ამის შემდეგ კიდევ სამი თამაში გვქონდა, ერთი მექსიკის ახალგაზრდულ გუნდთან, რომელსაც დიდი სხვაობით მოვუგეთ, მოვიგეთ დარჩენილი ორი მატჩიც და დავიკავეთ მეორე ადგილი, პირველზე კი, სწორედ ის გუნდი გავიდა, რომელთანაც ასე ძალით წაგვაგებინეს. ამ გუნდს “ფუტ ჰილი” ქვია და ტურნირის შემდეგ ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებს და იქ მცხოვრებ ქართველებს რომ გავესაუბრეთ, მათ გვითხრეს, რომ სწორედ ეს კლუბია ამ ტურნირის ორგანიზატორი და მეექვსე თუ მეშვიდე წელიწადია მათ თამაშს არ აგებინებენ.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ბავშვების საქციელი. ამხელა გზაზე მივდიოდი უცხო ქვეყანაში და თავიდან ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ საუკეთესოდ მოიქცნენ. ეს საქციელი თამაშ გარეთაც აღსანიშნავი იყო და რაც მთავარია, გამგზავრებამდე ორკვირიანმა შეკრებამ ისინი ისე შეათამაშა, რომ უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. საერთო ჯამში მე ბიჭებით კმაყოფილი ვარ.
-    რომელი ქვეყნის გუნდები თამაშობენ ამ ტურნირზე?
-    აშშ-ს, კანადის, ვენესუელას, მექსიკის კლუბები და ნაკრებები და წელს უნგრეთის ერთ-ერთი გუნდიც იყო ჩასული. ეს არის წლის შემაჯამებელი, ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი, რომელიც კი ამ ასაკში ტარდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ იქ 1996 წელს დაბადებული წყალბურთელების წაყვანაც შეგვეძლო, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღეთ და ერთი წლით უფროსებთან ვათამაშეთ ბავშვები, რითაც მათ უდიდესი გამოცდილება მიიღეს.
-    ზემოთ ახსენეთ თქვენი გუნდის მიმართ ცუდი დამოკიდებულება როგორც მსაჯების, ასევე მაყურებლების მხრიდან და ეს მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ მატჩს ეხება?
-    არა, სხვა თამაშებშიც იყო ამის მცდელობა, მაგრამ იმხელა უპირატესობა გვქონდა, რომ ამას აზრი აღარ ქონდა და მეორე ტაიმში მაყურებელიც მშვიდდებოდა. ამერიკაში ახლა წყალბურთის ბუმია, კალიფორნია მისი ცენტრია, მაგრამ მთელს ქვეყანაშიც მშობლებს მრავლად შეყავთ ბავშვები წყალბურთში. ის გუნდი, ვისთანაც წავაგეთ, სერიოზული გუნდი იყო, მაგრამ თანაბარ პირობებში მათ დამარცხებასაც მოვახერხებდით. 2010 წლიდან, აშშ-ში ყველა კოლეჯში მოთხოვნაა, რომ ჰყავდეს წყალბურთის გუნდი, ჩაყვანილი ჰყავთ სერბი და ხორვატი სპეციალისტები და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის სერიოზული მუშაობა მიდის.
-    წელს აშშ-ში ერთი წლით უმცროსების გუნდით ჩახვედით და მაინც შარშანდელზე უკეთესი შედეგი გქონდათ.
-    წელს მართლაც ბევრად უკეთესი გუნდი გვყავდა და მართლაც გამორჩეული იყო მთელს ტურნირზე. სხვათა შორის, ამჯერად ტურნირი უკეთ იყო ორგანიზებული, მაგრამ მსაჯების ქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, არადა, თამაშებს საკმაოდ ცნობილი მსაჯები ემსახურებოდნენ. საქართველოში წყალბურთის დონის ამაღლება წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და მწვრთნელების მუშაობის დამსახურებაა. ჩამოყვანილი გვყავს ისეთი ცნობილი სერბი მწვრთნელი, როგორიც იოვან პოპოვიჩია. ხშირად დავდივართ ტურნირებზე ისეთ ქვეყნებში, როგორიც სერბეთი, ხორვატია, ჩერნოგორიაა და ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა. საქართველოს ჩემპიონატის დონეც მნიშვნელოვნად ამაღლდა და ეს ბოლო წლების შედეგებზეც აისახა.
-    წლის განმავლობაში რამდენჯერ გიწევთ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა?
-    წინა წლებთან შედარებით, ახლა ამ მხრივ სიტუაცია მკვეთრად გამოსწორდა და 6-7-ჯერ ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირში. ეს რაც შეეხება ნაკრებს, “თბილისს” კი, მხოლოდ ერთხელ აქვს გასვლითი ტურნირი და მის დაფინანსებაში დიდი წილი სპორტსმენთა მშობლებზე მოდის.
-    ვის გამოარჩევდით იმ 13 წყალბურთელიდან, რომლებმაც აშშ-ს ტურნირში მიიღეს მონაწილეობა?
-    სამ ბავშვს გამოვყოფ, რომლებიც ნაკრების წევრებიც არიან. ესენი არიან ანდრო ბითაძე, რომელიც 10 იანვრიდან სერბეთში მიდის სათამაშოდ. მან მიწვევა სერიოზულ გუნდ “ვოივოდინადან” მიიღო. ასევე რეზო იმნაიშვილი და დავით რევია. მათი წაყვანა აშშ-ში შედეგის ჩვენებაში ძლიერ დაგვეხმარა.
-    ამ ტურნირზე თუ იყო ინდივიდუალური პრიზები?
-    ინდივიდუალური პრიზები არ ყოფილა. რაც შეეხება მეორე ადგილისთვის განკუთვნილ თასს და მედლებს, ტურნირი 23 დეკემბერს დასრულდა და დაჯილდოების ცერემონიალი მომდევნო დღეს უნდა გამართულიყო. ჩვენ მას ვერ დავესწარით, რადგან მეორე დღეს მიწვეული ვიყავით სალ-ვეგასში ამხანაგური თამაშების გასამართად და იმ დღესვე გავემგზავრეთ. მაგრამ დაგვპირდნენ, რომ ჩვენს კუთვნილ ჯილდოებს გამოგვიგზავნიან.
-    ლას-ვეგასში ვის ეთამაშეთ?
-    ბრაზილიის ორი კლუბი იყო ჩამოსული, რომლებიც წვრთნას გადიოდნენ და ადგილობრივი კოლეჯის გუნდი. სამივე თამაში მოვიგეთ და იქიდანვე თბილისში გამოვემგზავრეთ.
-    რას მოუტანს თქვენს გუნდს და ამ ბიჭებს ეს ტურნირი?
-    მაისის ბოლოს გველის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 1996-97 წლებში დაბადებული წყალბურთელებისთვის და კანდიდატები საქმეში ვნახე. მე ბიჭებით კმაყოფილი ვარ, დანარჩენს კი, შემდეგი შეკრებები გვიჩვენებს. ინვრიდან წვრთნას თბილისში ვიწყებთ და თებერვალ-მარტში საერთაშორისო ტურნირები გვექნება სერბეთში. ინვრის ბოლოს გაიმართება კენჭისყრა, სადაც ჩვენი მომავალი მეტოქეების ვინაობას და ტურნირის გამართვის ადგილს შევიტყობთ. ევროპის ჩემპიონატი სექტემბერში მალტაშია დანიშნული.
-    როგორ ფიქრობთ, რა შანსი გვაქვს მალტაში მოსახვედრად?
-    დიდი იმედი მაქვს, რომ შესარჩევ ეტაპს დავძლევთ. გააჩნია ვინ შეგხვდება შესარჩევ ჯგუფში და მომდევნო მეტოქედ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მალტას საგზურს მოვიპოვებთ და იქაც შედეგიანად ვითამაშებთ.
-    გისურვებთ წარმატებას...
-    მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ფედერაციას და კლუბებს, იმისათვის, რომ ასეთი კარგი ბავშვები გვეზრდება. იდი მადლობა მერიას და კონკრეტულად მერაბ ჩიქობავას, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია აშშ-ში გასამგზავრებლად.

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180249