ინტერნეტ-გამოცემა palitratv.ge-მ ძიუდოისტ ამბაკო ავალიანის ვიდეოკომენტარი გაავრცელა. საქართველოს ჩემპიონი ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც სპორტსმენის პოლიტიკაში გარევის ფაქტია დაგმობილი. ავალიანი აცხადებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან შეხვედრით უბრალოდ თავისი პოლიტიკური აზრი დააფიქსირა. პოლიტიკაში გადასვლასა და სპორტის მიტოვებაზე კი არც აქამდე უფიქრია და არც ახლა ფიქრობს.
“პრობლემა მას შემდეგ შემექმნა, როცა ძიუდოისტები ბიძინა ივანიშვილს შევხვდით. დაიწყო ჩემ ტელეფონზე რეკვები, შეხვედრები. ხან ვინ მომიგზავნეს, ხან ვინ. მეუბნებოდნენ, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი, აჯობებს ნაკრებში დაბრუნდეო. ყველას ვპასუხობდი, რომ ნაკრებიდან არც წავსულვარ. შემდეგ მითხრეს, სპორტის მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს უნდა შენი ნახვაო. წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდი. მინისტრს რომ შევხვდი, კატეგორიულად მომთხოვა, აირჩიე ან სპორტი და ნაკრები, ან პოლიტიკაო. განვუმარტე, ნაკრებიდან არსად წავსულვარ, ჩემი საქმე სპორტია-მეთქი. არც პოლიტიკაში ვერევი და პოლიტიკოსობას ვაპირებ, უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე-მეთქი. დამემუქრა, ხელფასს მოგიხსნი და ნაკრებსაც აღარ გაგაკარებო, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და სიტყვიერი შეურაცხყოფები. საღამოს შემხვდნენ ადამიანები, რომელთა ვინაობის გამხელაც არ მსურს. მოტყუებით ისევ მიმიყვანეს და დაიწყო მორიგი მუქარები, ეგენი შორს ვერ წავლენ და მაგათი და თქვენი დღეებიც დათვლილიაო. მე ჩემი თავმოყვარეობა და კაცობა მაქვს. ვდგავარ კაცების და საქართველოს გვერდით. ჩემი აზრი მაქვს, რომელსაც ვერც ვარძელაშვილი შემაცვლევინებს და ვერავინ” – განაცხადა ამბაკო ავალიანმა.









