ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისთვის მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი უცუდესთაგანია მის 9-წლოვან ისტორიაში. ალბათ, დაგვეთანხმებით, 24-ე ეროვნულში „ზესტაფონი“, უკეთეს შემთხვევაში, მე-5 ადგილზე დარჩება. ასეთი დაბალი შედეგი კი გუნდს უმაღლეს ლიგაში მხოლოდ სადებიუტო - 2004-2005 წლების სეზონში ჰქონდა. მართლაც, ზესტაფონელებმა ჯერ მიმდინარე გათამაშების წინასწარ ეტაპზე გაუცრუეს იმედები საკუთარ ქომაგთ, მერე პლეი ოფის პირველი წრეც მოუგებლად განვლეს. ჰოდა, დარჩენილ ტურებში „ზესტაფონს“, არსებითად, მხოლოდ ისღა შეუძლია, რომ სატურნირო ცხრილში თავს ზემოთ მყოფებს შეუშალოს ხელი დასახული მიზნებისთვის ბრძოლაში და კონკრეტული თამაშებისთვის სარევანშოდაც განეწყოს.
ფეროელებისთვის ამ მხრივ ნიშანდობლივი სწორედ დღევანდელი მატჩი გახლდათ, რადგანაც მიმდინარე გათამაშებაში მათ სამივე შეხვედრა წააგეს მეტოქესთან, თავმოყვარე გუნდისთვის კი მეოთხედ შერცხვენა უკვე მეტისმეტი უნდა ყოფილიყო. ერთი სიტყვით, „დავით აბაშიძის“ ბინადართ მოტივაცია ნამდვილად ჰქონდათ. აქ ყურადღებას აღარ გავამახვილებთ დღევანდელ მატჩში სტუმართა ამოცანაზე, ისედაც ცხადი გახლდათ - საჩემპიონო რბოლაში გორელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. ასეთი იყო ამ დაპირისპირების ინტრიგა.
მასპინძლები თამაშს საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. მათ 2 დისკვალიფიცირებულის გარდა ტრავმირებულებიც აკლდნენ. „დილას“ ძირითადიდან არავინ მოუსაკლისია, ვალდას ივანაუსკასს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავდა.
შეხვედრა საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყო. სტუმარ-მასპინძელი დებიუტშივე უპირატესობის დაუფლებას შეეცადნენ, მაგრამ დათმობაზე არცერთი წასულა და მეტოქეები მორიგეობით ახორციელებდნენ იერიშებს.
ასეთი თამაში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. დროის ამ მონაკვეთში გუნდებმა თითო მეტნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს. გორელთაგან ლეონარდო რამოსი შეეცადა გატანას, მან საჯარიმოს წინა ხაზიდან დაჰკრა კარში, მაგრამ არცთუ ძლიერად და როინ კვასხვაძეს არ გასჭირვებია ბურთის დაჭერა. ბექა შეყრილაძის კარს კი საფრთხე მე-14 წუთზე შეექმნა, როდესაც შოთა ბაბუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან კარის გასწვრივ ჩააწოდა, „დილას“ საჯარიმოში მაღალი ტრაექტორიის ბურთისთვის ბრძოლა ბოტი დემელმა მოიგო, მაგრამ თავური არაზუსტი გამოუვიდა.
გორელებმა თანდათან ისე გაიშინაურეს მოედანი, რომ სათამაშო უპირატესობაც იგდეს ხელთ და ეს უპირატესობა სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. „დილა“ ლაღი და კოლექტიური თამაშით აშკარად ჯაბნიდა და დიდ პრობლემებს უქმნიდა მასპინძლებს. სტუმრები ფართო ფრონტით, მწვავედ უტევდნენ და ზედიზედ ჰქმნიდნენ საგოლე მომენტებს. 23-ე წუთზე ზესტაფონელები ირაკლი მაისურაძის მიერ საშუალო მანძილიდან დარტყმულს გადაურჩნენ. მალევე რამოსმა ითამაშა კარგად, მეურვე ჩამოაშორა და დაახლოებით 18 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ხარიხას მცირედით გადააცილა.
მერე „დილას“ კაპიტნის ჯერიც დადგა, დავით კვირკველია მარცხენა ფლანგიდან ანაზდეული შორეული დარტყმით შეეცადა როინ კვასხვაძის კარის დალაშქვრას, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა და გრძელ ნახტომში კუთხურზე გადააგდო ბურთი. „ზესტაფონის“ დაცვას სულ უფრო უძნელდებოდა მეტოქის იერიშების მოგერიება და შესვენებამდე 2 წუთით ადრე მოსახდენიც მოხდა. კახა ალადაშვილმა მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოსკენ გაჭრა, იქ კი ირაკლი მოდებაძემ იყოჩაღა, ახლოდან, დაბალ ნახტომში თავურით გაიტანა.
თამაშის სურათი არც მე-2 ტაიმში შეცვლილა. მოედანზე ისევ ,,დილა“ დომინირებდა და გასაკვირი არ იყო, რომ სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს. საუცხოოდ მოთამაშე გოგიტა გოგუამ მარცხენა ფრთიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა ზესტაფონელთა საჯარიმოში შეჭრილ ჟუნიორს და - 0:2.
სწორედ ამ გოლის შემდეგ აევსოთ მოთმინების ფიალა ზესტაფონელ ფანებს. თავის უკმაყოფილებას ისინი კახა კაჭარავას მიმართ გამოთქვამდნენ და გუნდიდან გაცლას ურჩევდნენ. ,,კაჭარავა წადი, დაგვიბრუნეთ ზესტაფონში ფეხბურთი“ - ასეთი იყო შეძახილები.
ზესტაფონელთა დამრიგებელმა ვერც თამაშის შემდეგ აიცილა ობსტრუქცია. მანამდე მისმა გუნდმა კიდევ ერთი ბურთი გაუშვა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით წააგო. მასპინძელთა კარი ამჯერადაც ჟუნიორმა დალაშქრა ირაკლი მაისურაძის გადაცემის შემდეგ. ვიდრე ჟუნიორი დუბლს შეასრულებდა, რამოსს და მოდებაძეს მართებდათ გატანა, ხოლო 0:3-ზე გიორგი კახელიშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ სამივე შემთხევაში კვასხვაძემ იყოჩაღა. ოღონდ, მასპინძლებისათვის ეს ვერაფერი ნუგეში იყო. ,,ზესტაფონი“ მიმდინარე გათამაშებაში მეოთხედ დაიჩაგრა ,,დილასგან“.
ვალდას ივანაუსკასი: ,,რაც ,,დილაში“ მოვედი, ეს გუნდის საუკეთესო თამაში იყო. ჩვენ უკვე ვიცოდით ზუგდიდური მატჩის შედეგი, სადაც თბილისის ,,დინამომ“ მოიგო. კონკურენტისაგან მეტად ჩამორჩენის უფლება არ გვქონდა. ჩემპიონატს ინტრიგა შეუნარჩუნდა. ვამაყობ ჩემი ბიჭებით. სათამაშოდ უაღრესად კონცენტრირებულები გავედით და მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. ჩემპიონობის შანსი გვაქვს და მის გამოყენებას ვეცდებით“.
კახა კაჭარავა: ,,გუნდის ჩაბარებისთანავე განვაცხადე, რომ ჩვენი მიზანი მოწინავე ექვსეულში მოხვედრა იქნებოდა. ,,ზესტაფონი“ იმ დროისათვის 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, ახლები მოვიდნენ. ერთ და ორ თვეში ძნელია ძლიერი კოლექტივის ჩამოყალიბება. ამას დრო, შეთამაშება სჭირდება. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. კონკრეტულად დღევანდელი მატჩს რაც შეეხება, მეტოქე რეალურად ჩვენზე ძლიერი იყო და დამსახურებულად მოგვიგო.“
„ზესტაფონი“ – „დილა“(გორი) 0:3 (0:1)
ზესტაფონი. “დავით აბაშიძე“. 19 აპრილი. 18 საათი. 800 მაყურებელი
„ზესტაფონი“: როინ კვასხვაძე (კ), თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, იელიჩი, გაგოშიძე, პეტკოვი, ბაბუნაშვილი, გორგიაშვილი (აფციაური, 46), კუტალია (რაჟამაშვილი, 78), ენდელაძე (კვერნაძე, 57), დემელი
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
„დილა“: შეყრილაძე, ალადაშვილი (ბეჭვაია, 83), კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია(კ), გვალია, ირაკლი მაისურაძე (კახელიშვილი, 84), გოგუა, მოდებაძე (არზიანი, 78), რამოსი, ჟუნიორი
მთავარი მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი
გოლი: მოდებაძე (43), 0:2, 0:3 ჟუნიორი (54, 79)
გაფრთხილება: ალადაშვილი(59), პეტკოვი(85)
მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი,ლევან ვარამიშვილი, ლევან თოდრია, გიორგი ყრუაშვილი, დავით სანოძე, გიორგი კიკაჩეიშვილი
I-VI ადგილებისთვის
ზუგდიდი – დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)
გოლი: 0:1 გიორგი გველესიანი (60), 0:2 ლევან ხმალაძე (90)
ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 გიორგი ბერიაშვილი (65), 1:1 ნიკა კვასხვაძე (73)
ზესტაფონი – დილა (გორი) 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (43), 0:2, 0:3 ნათან ჟუნიორი (51, 79)
- დინამო (თბილისი) 28 20 6 2 73:20 66
- დილა (გორი) 28 20 2 6 50:19 62
- ტორპედო (ქუთაისი) 28 16 7 5 47:21 55
- ჩიხურა (საჩხერე) 28 15 6 7 41:28 51
- ზესტაფონი 28 11 6 11 31:27 39
- ზუგდიდი 28 10 6 12 28:42 36
VII-XII ადგილებისთვის
კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:0
დინამო (ბათუმი) – მერანი (მარტვილი) 6:0 (3:0)
გოლები: 1:0 ალექსანდრე კოშკაძე (12), 2:0 სანდრო გურული (14), 3:0, 4:0 ბესიკ ჩიმაკაძე (30, 65), 5:0 ვაჟა ქორიძე (72), 6:0 ამირან მუჯირი (89)
სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:3 (0:3)
გოლები: 0:1 ოთარ ჯავაშვილი (7), 0:2 გურამ ადამაძე (45), 0:3 გიორგი ვასაძე
- მეტალურგი (რუსთავი) 28 12 7 9 27:29 43
- მერანი (მარტვილი) 28 8 3 17 27:48 27
- დინამო (ბათუმი) 28 7 5 16 33:49 26
- ვიტ ჯორჯია (თბილისი) 28 6 8 14 20:38 26
- სიონი (ბოლნისი) 28 6 7 15 20:45 25
- კოლხეთი (ფოთი) 28 2 7 19 15:46 13
მეგოლეები:
21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
16 - საბა ლომია (1, “მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი), ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)
8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი)
6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)
5 - გიორგი კუხიანიძე (2, “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი (“დილა”)
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე, სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), (“დინამო” ბათუმი), აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი (ორივე - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)
2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გიორგი ჯანელიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
იუზა კაციტაძე ზესტაფონიდან
ავტორის ფოტოები






