რუსეთის საჭადრაკო ჩემპიონატის სუპერფინალში მოთამაშე ქართველმა ნაზი პაიკიძემ (რეიტინგი 2401) მეორე მარცხი განიცადა და ლიდერობის დათმობა მოუხდა, თუმცა, ჩემპიონობის შანსს მაინც ინარჩუნებს.
მე-8 ტურში პაიკიძე თეთრი ფიგურებით რუსეთის ნაკრების წევრ ალისა გალიამოვას (2487) გადაეყარა და საინტერესო დაპირისპირებაში, რომელიც 83 სვლას გაგრძელდა, მარცხი განიცადა.
ნაზის 5.0 ქულა შერჩა და ლიდერობა სწორედ გალიამოვას გადააბარა, თავად კი ტატიანა კოსინცევასა (2581) და ნატალია პოგონინასთან (2472) ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
მოსკოვში მიმდინარე სუპერფინალი 11 ტურად მიმდინარეობს და 27 ნოემბერს დასრულდება, მისი გამარჯვებული კი 400 ათას რუბლს მიიღებს. დარჩენილ ტურებში პაიკიძე შავებით ანასტასია ბოდნარუკსა (2407) და ნადეჟდა კოსინცევას (2581) ეთამაშება, თეთრებით კი – ვერა ნებოლშინას (2377).







