ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალესანდრო მატრის გულისსწორი, სხვაგვარად კი გერლფრენდ-საყვარელი, მშვენიერი ფედერიკა მარჯი აპენინელ ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ის და მისი ოჯახი ოდიდგანვე მილანის ”ინტერის” ქომაგები იყვნენ და ახლაც ამ მილანურ კლუბზე შესტკივათ გული. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფედერიკამ და ალესანდრომ ერთურთის სხეული კარგად შეისწავლეს, მარჯის გული ”იუვესკენაც” მოუბრუნდა და მისთვის “ზებრების” მიერ ნაჩვენები შედეგები უკვე აღარ არის სულერთი.
როგორც ფედერიკა მარჯი ირწმუნება, მას ალესანდრო იმდენად უყვარს, რომ როდესაც მისი სატრფო მწვანე მინდორზე ოფლს ღვრის, იგი ამ დროს ლოცულობს, რომ მატრიმ ტრავმა არ მიიღოს და ყველაზე მეტად სწორედ ტრავმისა ეშინია. ამას გარდა, ლამაზმანს დიდი იმედი აქვს, რომ მატრისთან მალე ოჯახსაც შექმნის და მათი ურთიერთობა გაოფიციალურდება.
აღსანიშნავია, რომ ფედერიკა მარჯი ფეხბურთელების გულისსწორთაგან პირველი სულაც არ გახლავთ, რომელიც მოკალმეებს სხვა კლუბის ქომაგობაში გამოუტყდა. რამდენიმე თვის წინ, იკერ კასილასის შეყვარებულმა, სარა კარბონერომ განაცხადა, რომ ბავშვობიდან მეორე მადრიდულ კლუბს – ”ატლეტიკოს” ქომაგობს და გადაწყვეტილება ვერც იკერმა შეაცვლევინა.







