საქართველოს ძიუდოს ფედერაციას უახლოეს მომავალში ახალი პრეზიდენტი ეყოლება, ხოლო ნაკრებს – ახალი მთავარი მწვრთნელი. პირველი ინფორმაცია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გუშინ, ლონდონის ოლიმპიადის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დაადასტურა - ალექსიძე ფედერაციის ხელმძღვანელის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებსო. ზაიზენბახერის დარჩენა - არდარჩენაზე კი კონკრეტულად და გადაჭრით ჯერ არავინ საუბრობს, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ავსტრიელი სპეციალისტის ქართველი მწვრთნელით ჩანაცვლებაც უკვე გადაწყვეტილი ყოფილა.
“უახლოეს დღეებში გადადგომის შესახებ განცხადებას დავწერ - ფედერაციის აღმოსკომს მივმართავ, ჩემი თხოვნა დააკმაყოფილოს. შემდეგ კი რიგგარეშე ყრილობა და არჩევნები გაიმართება. თანამდებობას საკუთარი სურვილით ვტოვებ. ჯერ კიდევ შარშან ვთქვი, რომ ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე ასე მოვიქცეოდი და ბიზნესს მივუბრუნდებოდი. ოღონდ იქამდე ლონდონში ქართველი ძიუდოისტი ჩემპიონი გახდებოდა. საბედნიეროდ ასეც მოხდა. ბიზნეს-საქმიანობას არც ძიუდოში ყოფნის დროს ჩამოვშორებივარ, მაგრამ საკმარის ყურადღებას ვეღარ ვუთმობდი. უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა ჩემი პროექტი იყო და ეს პროექტიც დასრულდა. ჯერ ვერ გეტყვით, შესთავაზებს თუ არა ზაიზენბახერს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა კონტრაქტის გაგრძელებას. ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი აღარ იქნება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გიორგი ალექსიძემ.
დაბოლოს, კულუარული ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ცეზარ ჩოჩელი გახდება. იგი ამჟამად საპატიო ვიცეპრეზიდენტია.
ოთარ მაღლაკელიძე







