ფოთში გრძელდება მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონისა და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 9-გზის გამარჯვებულის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ფესტივალი.
“ნანა ალექსანდრიას თასი-2011”, რომლის საპრიზო ფონდიც 30 ათას ლარს შეადგენს, 2006 წლიდან ტარდება და მისი ორგანიზატორი ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობაა, შეჯიბრი კი როგორც ასაკობრივი ჯგუფებში, ასევე ღია ტურნირის ფორმატით მიმდინარეობს.
ცხადია, ფესტივალის მონაწილეთა უმრავლესობა ქართველია, თუმცა, ფოთში აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, ირანელი და სინგაპურელი მოჭადრაკეებიც იმყოფებიან.
სამი ტურის თავზე ღია ტურნირს უდანაკარგოდ შვიდი მონაწილე ლიდერობს, რომელთაგან ხუთი ქართველია: ლევან ფანცულაია (2612), დავით ზარქუა (2433), ივერი ჭიღლაძე (2401), ირაკლი ბერაძე (2281) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2376).
მეოთხე ტურში ცენტრალური მორჩიაშვილი-ფანცულაიას, ბერაძე-ჭიღლაძისა და შაჰინიანი (სომხეთი)-ზარქუას პარტიები იქნება.







