ინტერვიუები

14:26 | 19.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე კობახიძე: “ჩემს კარიერაში მსგავსი რამ არ მახსენდება”

კიევის “არსენალის” ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “შახტარის” კარში გატანილი გოლი პირველმა “დნიპროს” ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ მიულოცა. მიმდინარე სეზონში დონეცკელები პირველად კიევში “არსენალთან” დამარცხდნენ (0:2) და მატჩში წერტილი ძირითადი დროისთვის დამატებულ მე-3 წუთზე სწორედ კობახიძემ დასვა.
- როგორ მოახერხა “არსენალმა”, გამხდარიყო მიმდინარე სეზონში პირველი გუნდი, რომელმაც “შახტარი” შეაჩერა?
- არავითარი საიდუმლო არ არსებობს. თავს ძალიან კარგად ვიცავდით და კონტრშეტევაზე არცთუ ცუდად ვთამაშობდით. ბიჭებმა იყოჩაღეს და 90 წუთის განმალობაში დონეცკელებს არ გაატანინეს. ერთი სიტყვით, იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ საკუთარი შანსები ჭკვიანურად გამოვიყენეთ.
- უკრაინის ჩემპიონთან მატჩისთვის ისე ემზადებოდით, როგორც მორიგი კალენდარული შეხვედრისთვის?
- როგორ შეიძლება “შახტარისადმი” ისე განეწყო, როგორც რიგითი მეტოქის მიმართ? ჩვენთვის ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. “არსენალს” წარუმატებელი სერია ჰქონდა, რის გამოც რეაბილიტაცია და ქულების აღება ძალიან გვსურდა. რა თქმა უნდა, მეტოქის დონეს ადეკვატურად ვაფასებდით, მაგრამ თამაშიდან მაქსიმალური შედეგის მიღება გვინდოდა. კარგია, რომ საბოლოოდ ყველაფერი ასე მოხდა.
- ადრე ასეთი ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაგიტანიათ?
- მადლობა კომპლიმენტისთვის. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემს კარიერაში მსგავსი რამ არ მახსენდება. ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ისეთი მაღალი დონის გუნდის კარში გაგაქვს, როგორიც “შახტარია”. ამ გოლს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშის გაორმაგების შემდეგ, დამსახურებული გამარჯვების თაობაზე ყველა კითხვა მოხსენით?
- თავს უფლებას მივცემ, რომ არ დაგეთანხმოთ. 1:0 რომ მოგვეგო, ამ შემთხვევაშიც გამარჯვებას შემთხვევითს ვერ ვუწოდებდით. რა თქმა უნდა, რაც მეტს გაიტან, მით უკეთესია. თუმცა, ერთ გოლსაც შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.
- რას გკარნახობდათ ინტუიცია, როდესაც სათადარიგოთა სკამზე იჯექით?
- მწვრთნელმა ამოცანა დამისახა და მასზე ვიყავი კონცენტრირებული. მოედანზე გასულს, შეტევაში მეტი იმპროვიზაცია მევალებოდა. გატანა ყოველ მატჩში მსურს, ამიტომ ინტუიციაზე საუბარს აზრი არ აქვს.
- რომელი ტაიმი უფრო გამოუვიდა გუნდს?
- ჩემი აზრით, პირველი. მართალია, შესვენებამდე დაცვიდან, მაგრამ მაინც ჩვენს ფეხბურთს ვთამაშობდით.
- დონეცკში “დინამოს” მიერ ქულების დაკარგვამ გაგაკვირვათ?
- რთული სათქმელია. უნდა მივეჩვიოთ, რომ უკრაინის ჩემპიონატში გასაკვირი არაფერია. გუნდების სათამაშო კლასის მხრივ ისეთი განსხვავება აღარ არის. საშუალო დონის გუნდს ლიდერის დამარცხება შეუძლია. “დინამო” ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზი კლუბში მიმდინარე ცვლილებების ბრალია: მთავარი მწვრთნელის შეცვლა, ახალი მოთამაშეები, შესაძლოა, კიდევ რაღაც მოვლენები, რომელთა შესახებ არ ვიცით. თუმცა, განვლილ ტურს ობიექტურად თუ შევხედავთ, დონეცკში და კიევში დაფიქსირებული შედეგები ცოტა მოულოდნელია. განსაკუთრებით ეს “შახტარის” მარცხს ეხება ხანგრძლივი წაუგებელი სერიის მერე. დარწმუნებული ვარ, ჩვენგან ამას არავინ ელოდა.
- ამ შემთხვევაში თქვენთან კამათი რთულია...
- მეტსაც ვიტყვი, არავის სჯეროდა, რომ “შახტარს” შევაჩერებდით. რა თქმა უნდა, ჩვენს გარდა. საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. ვფიქრობ, “არსენალმა” მთელი უკრაინა გააოცა.
- მატჩის მერე, მირჩა ლუჩესკუმ თქვა, რომ ეს მარცხი მის შეგირდებს ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ წაადგებათ...
- რა კარგად გამოვიდა! (იცინის). ჩვენც კმაყოფილები დავრჩით და “შახტარიც” იხეირებს.
- მეტოქემ მოედანი იმედგაცრუებულმა დატოვა?
- შესამჩნევი იყო, რომ ფეხბურთელები გასახდელში ცოტა უხასიათოდ შედიოდნენ. თუმცა, მალე მათ ჩემპიონთა ლიგაში უფრო მნიშვნელოვანი მატჩი ელით. წარმატებას ვუსურვებ და ვგულშემატკივრობ.
- რა განსხვავებაა ამჟამინდელ და შარშანდელ “არსენალს” შორის?
- ბევრი ამბობს, რომ ჩვენ ახლა შედარებით უარესად გამოვიყურებით. თუმცა, რთულია, ამას დაეთანხმო. ალბათ, უფრო რაღაც წარუმატებლობის სერია გვაქვს. მსგავსი პერიოდი ნებისმიერ კლუბს აქვს. მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენი შედეგის გაუმჯობესება, ვეროპის ლიგაში მოხვედრა და იქ წარმატებით თამაში გვინდა.
- კლუბის ხელმძღვანელობა “შახტართან” მოგების შემთხვევაში გაზრდილ პრემიალურ თანხას დაგპირდათ?
- არ ვიცი, რადგან ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ამჯერად, ჩვენთვის ფული მეორეხარისხოვანია.
- გატანილი გოლი პირველი ვინ მოგილოცათ?
- ჯაბა კანკავამ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10631