ინტერვიუები

10:14 | 27.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: "მწვრთნელის დავალება შესრულდა"

მართალია, დღევანდელი კამერუნის ნაკრები როჟე მილას დროინდელს ვერ შეედრება, მაგრამ არც ისეთი ჯაბანია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მასთან 0:0 “ისე რა” შედეგად ჩაითვალოს. სხვა თუ არაფერი, “მოუთვინიერებელი ლომები” 100 საფეხურით გვისწრებენ რეიტინგში და მსოფლიოს ჩემპიონატზეც გავიდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თემურ ქეცბაიას გუნდს ავსტრიული ლიენცის სტადიონზე ყველაფერი გამოსდიოდა.
“შედეგი ცუდი არაა. კამერუნთან რომ გოლს არ გაუშვებ, ცოტას არ ნიშნავს. უბრალოდ, ვერმოგებამ მაინც დაგვწყვიტა გული”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გერმანული “კარლსრუეს” შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა, რომელიც უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო კამერუნთან შეხვედრაში.
იაშვილს მაშინვე კონტრკითხვა შევაგებეთ:
- გასაგებია, ნებისმიერი გუნდის მიზანი მოგებაა, მაგრამ უკვე იმ დონეზეა ჩვენი ნაკრები, რომ კამერუნთან ფრემ არ დააკმაყოფილოს?
- რა თქმა უნდა, ჯერ მაგ დონეზე ვერ ვართ, მაგრამ ყველამ ნახეთ, რომ მოგებაც შეგვეძლო. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც ბოლო დარტყმისას ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ ფეხბურთელები და ასე გაგვიცუდდა შანსი. მე-2 ნახევარში კი, ალეკო ამისულაშვილს ახლოდან შეეძლო გატანა, მაგრამ ვერც აქ გავიტანეთ.
- მთლიანობაში როგორ შეაფასებდი მატჩს?
- უპირველესად, მწვრთნელის დავალება შესრულდა. კარგად უნდა გავმაგრებულიყავით დაცვაში. ორ მომენტს თუ არ ჩავთვლით, თითქმის უშეცდომოდ ვითამაშეთ უკანა ხაზში. პირველ ტაიმში სახიფათო ჩაწოდების შემდეგ, კამერუნელთა ფორვარდი მარტო იყო და ბურთზე ფეხის მორტყმა ვერ მოასწრო, შეხვედრის ბოლო წუთებზე კი, სტანდარტული სიტუაციის მერე ჰქონდათ გასატანი, როცა თავით ააცილეს. მეტი არაფერი. მთლიანობაში, უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს.
- მე-2 ტაიმი უკეთ ჩაატარეთ: მანამდე თუ კამერუნელებს თქვენს ნახევარზე ხვდებოდით, შესვენების შემდეგ მოედნის ცენტრშივე ჯგუფურად ეთამაშებოდით ართმევაზე და შეზღუდულები იყვნენ. ეს ქეცბაიას დავალება იყო?
- დიახ. საქმე ისაა, რომ თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ დაახლოებით 15 წუთის მერე, კამერუნმა უპირატესობა მოიპოვა და გაგვიჭირდა. შესვენების შემდეგ, მალხაზ ასათიანმა და ზურაბ ხიზანიშვილმა პოზიციები გაცვალეს, რამაც საქმე გაგვიადვილა. ქეცბაიამ დაგვავალა, რომ  უფრო აქტიურად გვეთამაშა მეტოქის ნახევარზე, ანუ შეგვეტია.
- ყველაზე თვალშისაცემი ის იყო, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა დიდი მოცულობის სამუშაო გასწია.
- მაგის გარეშე შედეგი წარმოუდგენელია. დიდი ენერგია შევალიეთ ამ შეხვედრას, მაგრამ სხვაგვარად არც შეიძლებოდა. თემურ ქეცბაია როგორი ფეხბურთელიც იყო, იგივეა მწვრთნელობაში. თითოეულისგან მაქსიმალურ თავდადებას ითხოვს. ასეც უნდა იყოს. პლუს, გუნდური თამაში: ჩვენ არ გვყავს მესი ან რონალდო, რომ ერთ კაცზე ავაწყოთ თამაში.
- როგორ ფიქრობ, გუშინდელი მატჩი თავდაჯერებას შემატებს ნაკრებს? და თუ შემატებს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თუ გადაჰყვება?
- უნდა გადაგვყვეს. თავდაჯერება აუცილებლად შეემატება ნაკრებს, მაგრამ მოგების შემთხვევაში, უფრო შეემატებოდა. თუ შესარჩევშიც ასე მწყობრად ვითამაშებთ დაცვაში, დარწმუნებული ვარ, შედეგი გვექნება. თითოეული ფეხბურთელის მაქსიმალური კონცენტრაცია – ეს აუცილებელი წინაპირობაა. თანაც, კამერუნთან ამხანაგური მატჩი იყო და ეიფორიას არ უნდა მივეცეთ.
- მატჩის შემდეგ რა სისუსტეებზე მიგითითათ ქეცბაიამ?
- ყველაფერი კარგად ვერ იქნებოდა. იდეალურად რომ არ გვითამაშია, ამას თქმა რად უნდა. დიდი განხილვა არ გვქონია. ქეცბაიამ მადლობა გადაგვიხადა მონდომებული თამაშისთვის. მთლიანობაში, კმაყოფილი იყო. თუმცა, სამუშაო ბევრი გვაქვს.
- ბოლოს კლუბზეც გკითხავ. კერძოდ, დავით თარგამაძის “კარლსრუეში” შესაძლო გადასვლაზე.  
- თარგამაძე ჩამოსული იყო კარლსრუეში და ვარჯიშებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კლუბის ხელმძღვანელებს მისი გუნდში აყვანა სურთ. ახლა ბოლო სიტყვა “კარლსრუეს” მთავარ მწვრთნელზეა.
- რამდენი დღე ივარჯიშა თარგამაძემ “კარლსრუეში”?
- 2-3 დღე. ახლა გუნდს არდადაგები აქვს და სავარაუდოდ, ვარჯიშების განახლებისთანავე თარგამაძეც შემოგვიერთდება.

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087464