ფეხბურთი

15:50 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე 1982 წლის მუნდიალს იხსენებს

 

თბილისის “დინამოსა” და სსრკ-ის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს. ეს ინტერვიუ რუსულ “სპორტ დენ ზა დნიომ”-ში გამოქვეყნდა. როგორც იცით, ესპანეთში გამართულ მუნდიალზე საბჭოეთის ნაკრებს სამი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა: ნოდარ ახალკაცი, კონსტანტინ ბესკოვი და ვალერი ლობანოვსკი:

-       ტრიუმვირატი შეცდომა იყო. ბესკოვსა და ლობანოვსკის შორის იქმნებოდა გაუგებრობები, ნოდარ ფარსადანოვიჩი კი მათ პირად უერთიერთობაში არ ერეოდა. “სპარტაკი” და კიევის “დინამო” შეურიგებელი მეტოქეები არიან, თამაშის სხვადასხვა ფილოსოფია აქვთ. ეს იგრძნობოდა.

-       კაპიტნად დაგნიშნეს თუ ფარული ხმის მიცემით აგირჩიეს? 

-       ბესკოვმა დამნიშნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გუნდის აზრიც გაითვალისწინა. 1980 წელს ოლეგ რომანცევი იყო კაპიტანი, მე კი ვიცე-კაპიტანი. 1982-ში კი სამკლავური მე გადმომეცა.

-       ჯგუფების წილისყრის შემდეგ, რას ფიქრობდით?  

-       კარგად გვესმოდა, რომ ბრაზილია ფავორიტი იქნებოდა, ჩვენ და შოტლანდიელებს კი მეორე ადგილისთვის უნდა გვებრძოლა. (მეოთხე ახალი ზელანდია იყო – ი.ნ).

-       პირველ მატჩში, ბრაზილიასთან, ესპანელმა მსაჯმა კასტილიომ რამდენჯერმე უცნაურად შეაფასა სათამაშო სიტუაციები... 

-       უფრო გაბედულად ვიტყოდი: კასტილიომ არაობიექტურად იმსაჯა! მას ყველა პენალტი რომ დაენიშნა, მატჩს გამარჯვებამდე მივიყვანდით (მსაჯმა შენგელიას წაქცევისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნა, მეორე ტაიმში კი ასევე შენგელიას სუფთად გატანილი გოლი გააუქმა – ი.ნ)

-       თქვენთვის ყველაზე დრამატული მატჩი შოტლანდიასთან იყო...   

-       რა თქმა უნდა. ბევრი ვინერვიულე. ფეხი დამიცდა და შოტლანდიელებმა ანგარიში გახსნეს. საოცრად განვიცდიდი, მაგრამ გასახდელში როცა შევედი, ბიჭებისგან მოვისმინე: “საშა, ყველაფერი ნორმალურად იქნება”. ვგრძნობდი, რომ რეაბილიტაციის დრო დამდგარიყო და შეტევებში უფრო ხშირად ვერთვებოდი. ერთ-ერთ მომენტში კი გოლი გავიტანე.

-       შოტლანდიას მე-12 მოთამაშე ეხმარებოდა გულშემატკივართა სახით, თანაც, “გრადუსში” იყვნენ...

-        მათ ასეთი ტრადიცია აქვთ. მატჩის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, როცა ჩვენს საჯარიმოსთან ლუდის ბოთლი გადმოვარდა.

-       ტრიბუნაზე დაბრუნების სურვილი არ გქონდათ?

-       რა თქმა უნდა, არა. კაპიტნის უფლებით ვისარგებლე, ბოთლი ავიღე და სტიუარდს მივაწოდე.

-       ჩვენი ქომაგები საერთოდ არ იყვნენ ესპანეთში?

-       ტურისტები იყვნენ, თუმცა სხვა ნაკრების ფანებთან შედარებით, ცოტანი. მათი ხმა მხოლოდ მაშინ გვესმოდა, როცა გოლს გავიტანდით ხოლმე.

-       ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთთან გადამწყვეტ მატჩში სსრკ-ის ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი ვერ ითამაშა. ნუთუ ასეთი საშიშნი იყვნენ პოლონელები?

-       საინტერესო მომენტია. გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო იმ დროს პოლონეთში? პროფკავშირმა “სოლიდარობამ”, რომელსაც ლეხ ვალენსა თავკაცობდა, სოციალიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა. პოლონეთში საომარი სიტუაცია იყო. ეს უკვე პოლიტიკა გახლდათ. ჩვენმა ხელმძღვანელობამ მატჩის წინ მიზნად დაგვისახა, რომ არ წაგვეგო. მათ სატურნირო მდგომარეობაზე აღარ უფიქრიათ. ეტყობა, ამ შეხედულებით აარჩიეს კიდეც პოლონეთთან 11-კაციანი სასტარტო შემადგენლობა. საწყენი იყო... ჩემი აზრით, მაშინდელი ჩვენი ნაკრები საბჭოეთის ისტორიაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო.

 

ვიდეოები: ბრაზილია – სსრკ 2:1, შოტლანდია – სსრკ 2:2

http://www.youtube.com/watch?v=eFeuQPS0byc 

http://www.youtube.com/watch?v=SPIFa8Gyyjc

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114371