ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის აზრით, ფეხბურთელთა აგენტების უფლებების ზრდა, ფეხბურთის მომავალს საფრთხეს შეუქმნის.
“ბლექბერნიდან” მეგობრის, სემ ელერდაისის გაშვების შემდეგ, სერ ალექსმა ფეხბურთელებთან მომუშავე სააგენტო SEM Group-ი და მოთამაშეთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Kentaro დაადანაშაულა (სწორედ ამ სააგენტოების რჩევით, გაათავისუფლეს ელერდაისი “ვარდების” მფლობელებმა): “თანამედროვე ფეხბურთში რთულია ისეთი გუნდის პოვნა, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია”. აგენტები კი ცხვირს იქ ყოფენ, სადაც საჭირო არ არის. სემის გუნდს რომ ბოლო მატჩი მოეგო, მისი გუნდი მე-5 იქნებოდა პრემიერლიგაში. წარმატების შემთხვევაშიც იგივეს გააკეთებდნენ და იტყოდნენ, რომ “ბლექბერნი” მოწინავე ოთხეულში უნდა იმყოფებოდეს. ახლა მოდაშია მწვრთნელების გაშვება. “ბლექბერნმა” მაგალითი უაზრო “ნიუკასლისგან” აიღო?”
სერ ალექსმა, რომელიც აღშფოთებულია მესამე პირთა უფლებების გაზრდით, The Telegraph-თან საუბარში, რუნისა და ტევესის შემთხვევებიც გაიხსენა: “ამ ფეხბურთელებს აგენტები უქმნიდნენ პრობლემას. აგენტების გავლენა ფეხბურთში იზრდება. ეს ფეხბურთს მომავალში უდიდეს პრობლემებს შეუქმნის”.
ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ სამომავლოდ ფიფა აგენტების ლიცენზირების სისტემის გადახედვას აპირებს.









