სხვა

15:48 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

აკი ბაშო ჰაკუჰოს და ტოჩინოშინის ჰეგემონიით

29 წლის მონღოლმა მუნხბატინ დავააჯარგალმა იგივე ჰაკუჰომ “იმპერატორის თასი” 31-ედ მოიპოვა და დიდ ჩემპიონ ჩიონოფუჯის გაუტოლდა, ლეგენდარული ტაიჰოს რეკორდამდე კი სულ ცოტაღა რჩება.

69-ე იოკოძუნამ სუმოს მექა ტოკიოს “კოკუგიკანში” 14 ორთაბრძოლა მოიგო, ერთადერთი მარცხი კი აკი ბაშოს მე-13 დღეს – ოძეკი გოეიოდოსთან განიცადა.

შემოდგომის სუპერტურნირზე “თეთრი ფენიქსის” მთავარ მეტოქედ მოულოდნელად იქცა უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტი იჩინოჯო. 21 წლის მონღოლი ტურნირში აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით ჩაერთო და წესით, იოკოძუნებთან და ოძეკებთან არ უნდა ებრძოლა, თუმცა, მას შემდეგ, რაც იჩინოჯომ ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა, მსაჯთა კოლეგიამ გადაწყვეტილება შეცვალა.

პროფესიულ სუმოში 8 თვის წინ მიღებული ახალგაზრდა მონღოლის შეჩერება ვერც იოკოძუნა კაკურიუმ და ვერც ოძეკებმა – კისენოსატომ და გოეიდომ მოახერხეს.

აკი ბაშოს ბოლოსწინა დღეს იჩინოჯო ჰაკუჰოს დაუპირისპირდა და იოკოძუნამ ალტანჰოიაგიინ იჩინოროვს მასტერ-კლასი ჩაუტარა. “თეთრმა ფენიქსმა” მარცხენა ხელით მეტოქის მავაში მოიგდო და მას საპასუხო ჰიდარი-უვატეს დაფიქსირების საშუალება არ მისცა, შემდეგ კი 199-კილოგრამიანი მეტოქე შეატრიალა და უვატედაშინაგე განახორციელა.

იჩინოჯო “იმპერატორის თასს” ვერ შესწვდა, თუმცა, უკმაყოფილო მაინც არ უნდა დარჩენილიყო, რადგანაც კაკურიუს ძლევის კვალად “ოქროს ვარსკვლავი” (კიმბოში) მიიღო და ორ პრესტიჟულ ჯილდო შიუკუნ-შოს (სანახაობრივი ასპარეზობისთვის) და კანტო-შოს (მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის) გამორჩა.

4 მარცხი მოუგროვდა კაკურიუს, სხვა ოძეკებს კი უარესი მაჩვენებელი ჰქონდათ. კოტოშოგიკუმ და კისენოსატომ 6-6 წაგება მიითვალეს, გოეიდო კი 7-ჯერ დამარცხდა და მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) ძლივს გადაურჩა.

იოკოძუნა ჰარუმაფუჯი სექტემბრის სუპერტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა. 70-ე დიდი ჩემპიონი იოშიკაძესთან პაექრობისას დაშავდა და მართალია, ოპერაცია არ სჭირდება, ძალიან უნდა მოინდომოს, რომ მომავალ კიუშიუ ბაშოს სათანადო ფორმაში შეხვდეს.

მე-3 იერარქიული საფეხური ვერ შეინარჩუნა ტაკეკაძემ, რომელმაც მე-8 მარცხი სენსიურაკეს (ტურნირის დასკვნითი დღე) განიცადა. ამგვარად, 35 წლის ვეტერანი სეკივაკეობიდან კომუსუბობამდე დაქვეითდება.

 ისევ რიგითი მაეგაშირები გახდებიან მიოგირიუ, რომელმაც აკი ბაშო ტრავის გამო გამოტოვა და ძიოკორიუ და ჩიოტაირიუ, რომელთაც სანიაკუში (სიმბოლური კატეგორია, რომელიც ოთხ უმაღლეს წოდებას – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი) დებიუტი ჰქონდათ.

სანიაკუში გამოთავისუფლებულ ადგილებს 28 წლის ბულგარელი აოიამა, ხსენებული იჩინოჯო და იკიოი დაიკავებენ.

კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო გინო-შო, რომელიც სუმოისტებს ტექნიკური ასპარეზობისთვის გადაეცემათ, 35 წლის ვეტერანმა ამინიშიკიმ მიიღო.

ელიტას ემშვიდობებიან ტოკიტენკუ, კაგამიო, სადანოფუჯი და ჰომაშო და აძუმარიუ, რომელთაც სექტემბრის ბაშო ტრავმების გამო გამოტოვეს.

საპირისპიროდ, ძურიოდან მაკუუჩიში აინაცვლებენ ტოჩინოშინი, ამური, ტოკუშორიუ, ჰომარეფუჯი და კოტოიუკი.

26 წლის ქართველი ტოჩინოშინი ტრავმებმა ვერ “გატეხა”. ლევან გორგაძეს, რომელსაც ოთხ ბაშოზე კომუსუბის წოდება უტარებია, გასული წლის ივლისში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესი გაუწყდა, თუმცა, დოჰიოს ხმაურიანად დაუბრუნდა. ტოჩინოშინმა ჯერ რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში მოიგო 2 ტურნირი, შემდეგ კი ძურიოშიც წყვილად იმარჯვა.

ქართველი გოლიათი მხოლოდ მე-5 სუმოისტია, რომელმაც ძურიოს დივიზიონში ჩემპიონობა ძიონ-შოთი (ყველა მოგება) მოიპოვა.

კიდევ ერთი ქართველი ექს-კომუსუბი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, ტოკიოში 10-ჯერ დამარცხდა და ძურიოს ქვედა ნაწილში გადაინაცვლებს.

ისიც ვთქვათ, რომ იაპონიის სუმოს ასოციაცია ოფიციალურ რეიტინგ-ლისტს (ბანძუკე) 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, მომავალი ბაშო კი 9-23 ნოემბერს ფუკუოკაში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111832