ფეხბურთი

13:56 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტიას განცხადება – პასუხი ყაველაშვილს

 

რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაცემა "საფეხბურთო არენაში" მიხეილ ყაველაშვილმა აკაკი ხუბუტია გააკრიტიკა. საუბარია საქართველო-ირლანდიის მატჩის გარჩევაზე.

გადაცემას ხუბუტია გამოეხმაურა და ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელ ყაველაშვილს "მსოფლიო სპორტის" მეშვეობითაც უპასუხა.

აკაკი ხუბუტიას განცხადება:  

"ყაველაშვილი ჩემზე მეტად ნამდვილად არ განიცდის ირლანდიასთან წაგებას. ის უფრო ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკობს. ჩემი აზრით ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არ უნდა ილაპარაკოს ასე. საქმე მე არ მეხება, თუნდაც ჩემი მეგობარი ყოფილიყო დღევანდელი შემადგენლობიდან, მაინც არ მესიამოვნებოდა და ჩემ პოზიციას დავაფიქსირებდი. ის თუ იცის და აქვს ინფორმაცია, რომ სხვა ფეხბურთელს თვენახევარი გაუცდა და ახსნა როგორც შეეძლო ისე ითამაშაო, ჩემზეც მოეძიებია ინფორმაცია თუ რამდენი ხანი ვიყავი უგუნდოდ. მოსამზადებელი პერიოდი არ გამივლია გუნდთან ერთად და აგვისტოს შუა რიცხვებში რომ გამომიჩნდა გუნდი! პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ვიცი, არ იყო კარგი ჩატარებული თამაში და არამარტო ჩემი მხრიდან. ამისთვის ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ყოფილი ფეხბურთელი ასე რომ ლაპარაკობს, თან თვითონაც ნაკრებში დიდი წარმატებისთვის რომ არ მიუღწევია, ჩემი აზრით არაა გამართლებული".

რაც შეეხება ხუბუტიას საკლუბო მომავალს, ის ჯერ უგუნდოდაა. აკაკი წამოვიდა ისრაელის ფეთაჰ-თიკვას "ჰაპოელიდან". წამოვიდა და არა გამოუშვეს.  

"ფინანსური გარანტიები ვერ შეასრულა კლუბმა. "ჰაპოელიდან" სპონსორი წავიდა და შემომთავაზეს, ნაკლებ ხელფასზე დაგვთანხმდიო და უარი ვთქვი. ფინანსური ამბების შესახებ გავიგე საქართველოში, ირლანდიასთან მატჩამდე ორი დღით ადრე. თავისუფალი აგენტი ვარ და ისრაელის ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი კონტრაქტი არც კი დარეგისტრირებულა. როცა კლუბი ასეთ რამეზე მიდის და ფეხბურთელს ასე ეპყრობა, თავად ფეხბურთელსაც არ გაუჩნდება დარჩენის სურვილი. აი, "ჰაპოელის" ბოლო ორი მატჩის შედეგებიც: ჯერ 0:6, მერე კი 0:4 წააგეს. ახლა თავისუფალი აგენტი ვარ და უახლოეს დღეებში გაირკვევა ჩემი მომავალი გუნდის სახელი".

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111826