აეკ-ის პრეზიდენტ მელისანიდისს გუნდის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას მიყვანა სურს. ამის შესახებ ბერძნული პრესა იუწყება. აეკ-ის ხელმძღვანელობამ არ დამალა, რომ კანდიდატთა შორის, ქეცბაია პირველ ადგილზეა.
ათენურ კლუბს ამჟამად საბერძნეთის ნაკრების ყოფილი მცველი, ევროპის ჩემპიონი ტრაიანოს დელასი წვრთნის. დელასი “ანორთოსისშიც” თამაშობდა, როცა გუნდს ქეცბაია თავკაცობდა.
აეკ-ი 2012 წელს ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა და გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მერე კი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი ლიგით ქვემოთ გადაიყვანა. ანუ, აეკ-ი ამჟამად რანგით მესამე ლიგაშია, თუმცა დიდი უპირატესობით ლიდერობს და მომავალ სეზონს მეორე დივიზიონში გაატარებს.
აეკ-ს კი სურს ქეცბაია, მაგრამ ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობს და არაერთხელ უთქვამს, რომ ჯერ არსად წასვლას არ აპირებს. ასე რომ, ათენელთა სურვილი სურვილად რჩება.







