ფეხბურთი

0:48 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანიას გოლი, ოქრიაშვილის ფრე, უკრაინული თასები

კვიპროსზე მეხუთე ტური გაიმართა და "ანორთოსისმა" შინ 4:1 სძლია "აია ნაპას". გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი მაისურაძე მე-60 წუთზე შეცვალეს. ერთი გოლი აბურჯანიას ანგარიშზეა – მან 79-ე წუთზე 3:1 გახადა ანგარიში: დაახლოებით 13 მეტრიდან მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ეს 19 წლის ქართველის პირველი გოლია კვიპროსის ჩემპიონატში. "ანორთოსისი" მეშვიდე პოზიციაზეა.

"ოთელოსმა" სტუმრად 0:4 წააგო "აპოლონთან". "ოთელოსში", რომელიც მეათე პოზიციაზეა, სამივე ქართველი სასტარტოში იყო – როინ კვასხვაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი და ლევან ხმალაძეც.

ბელგიაში, მეცხრე ტურში მეექვსე ფრე ითამაშა "გენკმა", კერძოდ, შინ "შარლერუასთან" 1:1. თორნიკე ოქრიაშვილმა 79 წუთი ითამაშა. გენკელები იგებდნენ, მეტოქემ გაათანაბრა და "ოქრიც" ერთ წუთში შეცვალეს. თორნიკე პირველ ნახევარში უფრო აქტიური გახლდათ. რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, განაცხადში არ იყო. 

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" სტუმრად 1:1 ითამაშა აზალ_თან. ლაშა სალუქვაძე, ალეკო ამისულაშვილი და ბაჩანა ცხადაძე სასტარტოში იყვნენ, ხოლო გიორგი ლომაია მინდორზე არ გამოჩენილა. ქართველთაგან მხოლოდ ცხადაძე შეცვალეს (70-ე წუთზე). მის ნაცვლად შესულმა მიკელ ალვარომ კი გოლი გაიტანა. ალვარო, როგორც იცით, თბილისის "დინამოში" თამაშობდა. "ინტერი" ჩემპიონატს ლიდერობს. აზალ-ში შეუცვლელად ითამაშა ლაშა კასრაძემ. მისი გუნდი მეშვიდე საფეხურზეა.

უკრაინის თასზე მერვედფინალის პირველი მატჩები გაიმართა. სანდრო კობახიძის "ვოლინმა" შინ 1:0 სძლია ჯაბა კანკავას "დნიპროს". ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. კობახიძე საკმაოდ აქტიური იყო და ყოფილ გუნდს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

ლვოვის "კარპატიმ" შინ 0:1 წააგო კიევის "დინამოსთან". ბუბა დაუშვილი ძირითადში გახლდათ და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.

უნგრეთში გიორგი ქვილითაიას არ უთამაშია. "დიორმა" კი, სადაც ქართველი ირიცხება, შინ 1:2 წააგო მტკ-სთან და მერვე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126456