ძალიან კარგი დროება უდგას იტალიური “მილანის“ ფეხბურთელ ინიაციო აბატეს. ინიაციოს სპორტულ წარმატებებს (როგორც იცით, აბატეს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება, როგორც იქნა, ეღირსა) პირადი ბედნიერებაც დაემატა. გუშინწინ საღამოს, აბატე პირველი შვილის – ნანატრი ბიჭის მამა გახდა!
”მილანის” ფეხბურთელმა თავის ვაჟიშვილს გარდაცვლილი მამის სახელი - მატეო უწოდა და მიუხედავად იმისა, რომ მის მეუღლეს, ჟოსინია აბატეს ბავშვისთვის სხვა სახელი ჰქონია შერჩეული, მასიმილიანო ალეგრის შეგირდი ”ვირზე შეჯდა” და შვილს მაინც მატეო დაარქვა.
პატარა აბატე, რომელიც დედასთან ერთად ჯერ ისევ მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამშობიაროშია, 4 კილოგრამია, რაც ახალდაბადებული ჩვილისათვის კარგ, შეიძლება ითქვას, შესანიშნავ წონად ითვლება. ინიაციო და მისი მეუღლე შვილის გაზრდას თავად გეგმავენ და მატეოსათვის ძიძის აყვანა ჯერჯერობით არ სურთ.







