ფეხბურთი

20:34 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამეგრელოს” პირველი წრის შეჯამება და საზეიმო კონცერტი

ჩხოროწყუს საფეხბურთო კლუბ “სამეგრელოზე”, გუნდის მრავალრიცხოვან სამაგალითო გულშემატკივარზე ადრე წერდა “მსოფლიო სპორტი”, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა კარგი კუთხით. ამჯერად “სამეგრელომ” პირველი წრე შეაჯამა და გუნდს, რომელმაც პირველი წრე ისე ჩაამთავრა, რომ თამაში არ წაუგია, რაიონმა წარმატებული სტარტი დაუფასა და საზეიმო კონცერტი მიუძღვნა.

კარგი ზეიმი შედგა, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. ღონისძიებაზე იყვნენ ფეხბურთელები, მედია, გულშემატკივრები, ადგილობრივი მმართველობა და მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ასევე დაესწრო ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გოგიტა გოგუა, რომელიც გუნდს ფინანსურად და მორალურად გვერდში უდგას და მის მიმართ რომ ჩხოროწყუელები განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ, ნიშანდობლივაცაა.

ქართველებს რომ ფეხბურთი გვიყვარს, ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ბევრი ქალაქი შეიძლება ითქვას ფეხბურთით ცხოვრობს და ერთ-ერთი გამორჩეული რაიონია ჩხოროწყუ, სადაც რიგითი გულშემატკივრებიდან დაწყებული რაიონის ხელმძღვანელობით დამთავრებული, თავიანთი კლუბის “სამეგრელოს” გვერდით დგანან და მისი თითოეული წარმატებით ამაყობენ. იმ ფონზე, როცა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების ზოგიერთ თამაშზე 30 და 50 კაცს ნახავთ, ამ დროს რეგიონლიგაში მოასპარეზე “სამეგრელოს” სტადიონზე ათასობით გულშემატკივარი იკრიბება და ქომაგობს საყვარელ გუნდს, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სიამაყით განმიცხადა, რომ გასვლით თამაშებზეც 300 კაცამდე დავყვებითო..

როცა წლებია ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებულად სასიკეთოს ვერაფერს ვხედავთ, სასიამოვნოა ასეთი გამონათებები. პირობები არც ჩხოროწყუშია დამაკმაყოფილებელი და ისეთი, როგორც უნდა იყოს, მაგრამ არ წუწუნებენ, რაიონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მწვრთნელი, გულშემატკივრები, ფეხბურთელები ყოველდღე შრომობენ ერთად ხელჩაჭიდებულნი იმისთვის, რომ უკეთესობისკენ წავიდნენ და თავიანთი გუნდის სჯერათ. აღნიშვნის ღირსია მთავარი მწვრთნელის გიზო შენგელიას პირველი ნაბიჯები სამწვრთნელო საქმიანობაში, წარმატებულ პირველ წრესთან ერთად გუნდში რომ წესრიგი და ერთსულოვნებაა, ეს ახალგაზრდა სპეციალისტის დამსახურებაა. “სამეგრელო” პირველი წრის დასრულების შემდეგ მეორე ადგილზეა და პირველ ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია..

გოგიტა გოგუა: “ მე აქ ჩხოროწყუში რაც ვნახე, მსგავსი რამ საქართველოს არცერთ ქალაქში არ მინახავს, ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და ბედნიერია. ეს პატარა ნაბიჯებია რაც წამოვიწყეთ, მაგრამ თუ ასე ერთსულოვნად, ერთად დგომით გავაგრძელებთ, აუცილებლად იქნება დიდი გამარჯვებები. დიდი იმედი მაქვს ასევე ფეხბურთის ფედერაციის, რომელიც შეგვპირდა, რომ ხელს შეგვიწყობენ ყველანაირად. მე ჩემის მხრივ რითაც შემეძლება ყოველთვის დავეხმარები ამ გუნდს, მინდა წარმატებები ვუსურვო".

ბესო ესებუა (ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე): ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. მწვრთნელის მოსვლა, ჩვენი მიმართება ფეხბურთთან დაკავშირებით, აქვე უნდა აღინიშნოს ის შრომა, რომელიც იყო ჩადებული ბიჭების მიერ. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს, რეალური სურათი. არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩხოროწყუელი გულშემატკივრების განსაკუთრებული როლი, რომლებმაც გამოხატეს დიდი ინტერესი და მხარდაჭერა “სამეგრელოს” მიმართ.

გიზო შენგელია (“სამეგრელოს” მთავარი მწვრთნელი): სასიამოვნოა ასეთი მხარდაჭერა რომ გვაქვს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან, იგივე საკრებულო და გამგეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე ხელი შეგვიწყონ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ხალხს ფეხბურთი უყვართ და ამიტომაც ჩამოვყალიბდით ერთ დიდ ოჯახად. გულშემატკივრები ცალკე თემაა, ბევრ გუნდს არა აქვს ასეთი ფუფუნება გულშემატკივრობის მხრივ, ათასობით ადამიანი რომ მოვა სტადონზე მხარდასაჭერად, ეს დიდი სტიმულია და სიყვარულია. მათ ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი და ვპირდებით, რომ წარმატებულად გავაგრძელებთ დაწყებულს საქმეს.”

საბოლოოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებებით წამოვედი ჩხოროწყუდან, იმ იმედით და განცდით, რომ თუნდაც ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა “სამეგრელოს” და ზოგადად ქართულ კლუბებს შესაბამისი ორგანოებიდან, რადგან ეს ხალხი მართლა იმსახურებს ფეხბურთს. იმედია “სამეგრელოს” ქომაგობა გადამდები იქნება ეროვნულ ჩემპიონატში და მეორე წრიდან მოყოლებული უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა სტადიონებზე, ბევრად უფრო გაუმჯობესდება ქართული ფეხბურთის ხარისხი. ამით არამარტო “სამეგრელო”, სრულიად საქართველოს ფეხბურთი გაიმარჯვებს!

0.134502