ფეხბურთი

20:45 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,ზესტაფონის“  ბედი ორ დღეში გაირკვევა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ რამდენიმე საფეხბურთო კლუბი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ზოგიერთი მათგანის ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ასეთ სიტუაციაში ,,ზესტაფონიც“ აღმოჩნდა. ქვეყნის ორგზის ჩემპიონი გუნდი პრაქტიკულად დაშლის საშიშროების წინაშე დგას.

საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონში“ შექმნილი რთული ვითარებით შეშფოთებული გულშემატკივრები 8 იანვარს ,,დავით აბაშიძის“ სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ. ისინი გუნდის გადასარჩენად ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. ქომაგებთან შესახვედრად სტადიონზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით მაღრაძე მობრძანდა, რომელმაც დამხვდურებს განუცხადა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტს კლუბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 300 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ვინაიდან კლუბი კერძო მფლობელობაშია, გუნდის სხვა მიმართულებით დაფინანსება აქამდე ვერ ხერხდებოდა. თუ კლუბი ან მისი გარკვეული ნაწილი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა, მაშინ იურიდიული საკითხებიც მოგვარდება და გუნდის მომავალი პერსპექტივა უფრო ნათლად გამოჩნდება. თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მოხარული იქნება, თუ კლუბის ამჟამინდელი მფლობელი ბატონი ილია კოკაია გუნდის ერთ-ერთ მეწილედ დარჩება და თავის დაწყებულ საქმეს ძველი შემართებით გააგრძელებს.

ამის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი” ფანკლუბის პრეზიდენტს კოტე ბოჭორიშვილს გაესაუბრა: ,,მომხდარით ყველანი გაოგნებული ვართ. არ დავუშვებთ, რომ ზესტაფონში ფეხბურთი მოკვდეს. გუნდს მხარდაჭერა ახლა სჭირდება. კლუბის მფლობელი, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელები, ფანკლუბის წევრები თუ რიგითი გულშემატკივრები ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენი თანადგომით გუნდი ამ უკიდურესი მდგომარებიდან გამოვიყვანოთ“.

სტადიონიდანვე კლუბის მფლობელთან დაკავშირება მოხერხდა, რის შედეგადაც ილია კოკაიასთან მიმდინარე წლის 10 იანვარს მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელთა შეხვედრა დაიგეგმა, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი, ზესტაფონელი შალვა კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე დაესწრებიან და კლუბის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის გზებზე იმსჯელებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სტადიონზე გამართული შეხვედრის შემდეგ ზესტაფონელმა ქომაგებმა, გუნდის გადარჩენისა და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენის მოთხოვნით, ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს.

ვახტანგ დათიაშვილი ზესტაფონიდან

ავტორის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.187382