საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, ანატოლი ხარლამპიევის სახელობის მსოფლიოს თასზე 8 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ რუსეთს ჩამორჩა.
ხუთი ქართველი სამბისტი: გივი ნადარეიშვილი (52 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), უშანგი კუზანაშვილი (62 კგ), პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და ონისე ბუღაძე (+100 კგ) ფინალამდე მივიდა და ოქროს მედლის მოპოვებამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდათ. დიმიტრი მულაძე (52 კგ), ფრიდონ ზურაბიანი (90 კგ) და ლაშა გურული (100 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
მოსკოვური ტურნირი ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იყო ჯონდო მუზაშვილისთვის, რომელმაც გუნდი რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა. ახლა იგი სპორტსმენებს მოსამზადებელ შეკრებებზე დააკვირდება და მათგან ნაკრების იმ შემადგენლობას შეარჩევს, რომელსაც მაისის შუა რიცხვებში, იტალიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იახლებს.







