ფეხბურთი

21:22 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის საუკეთესო ტრანსფერები

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ცოტაღა დარჩა. ლა ლიგაში უკვე 16 ტური მიილია და მიმდინარე სეზონზე უკვე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია.

ნელ-ნელა ჩანს ესპანური კლუბების ზაფხულის სატრანსფერო საქმიანობის შედეგები. ბევრ მოთამაშეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა და იდეალურად მოერგო თავის კლუბს და ზოგზეც პირიქით...

დღევანდელ სტატიაში, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაჩარხულ საუკეთესო ესპანურ ტრანსფერებზე ვისაუბრებთ.

20. ჯონათასი – “პესკარადან” – “ელჩეში”

მიმდინარე სეზონში “ელჩე” ძალიან სუსტად გამოიყურება და 10 ქულით დამსახურებულად იკავებს ბოლო ადგილს. ვალენსიურ კლუბს 13 გოლი აქვს გატანილი, რაც დიდწილად ბრაზილიელი ფორვარდის, ჯონათასის დამსახურებაა. ის კლუბის ერთადერთი ნათელი წერტილია წინა ხაზში და გატანილი გოლების ნახევარზე მეტში ის მონაწილეობდა. 25 წლის თავდამსხმელმა ლა ლიგაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

19. ფედერიკო კარტაბია – “ვალენსიადან” – “კორდობაში”

“კორდობა” ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია. კლუბს ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და გოლის გატანა ძალიან უჭირს. ანდალუსიურ კლუბს მხოლოდ 11 გოლი აქვს გატანილი – ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ “გრანადას” აქვს (10 გოლი). “ელჩეს” მსგავსად, წინა ხაზში აქაც ერთი მოთამაშე გამოირჩევა, საუბარია 21 წლის არგენტინელ ნახევარმცველ ფედერიკო კარტაბიაზე, რომელიც “ვალენსიადან” ჰყავს ნათხოვარი “კორდობას”. კარტაბიამ 14 ჩატარებულ შეხვედრაში 3-3 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

18. მიგელ ანხელ მოია - “ხეტაფედან - “ატლეტიკოში”

30 წლის მეკარის ტრანსფერს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა მოია “როხიბლანკოს” მშვენივრად მოერგო და 16 მილიონად ნაყიდ იან ობლაკს ძირითადში მოხვედრის შანსს არ აძლევს. მოიამ მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა. მოიას ტრანსფერი “ატლეტიკოს” 3 მილიონი ევრო დაუჯდა.

17. კარიმ იოდა – “ასტრადან” - “ხეტაფეში”

“ხეტაფემ” რუმინეთის ჩემპიონატიდან ფართო პუბლიკისთვის უცნობი მოთამაშე მიზერულ ფასად დაიმატა. 26 წლის ნახევარმცველი მადრიდულ კლუბს ძალიან კარგად მოერგო და ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. იოდამ ლა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

16. ხოაკინ ლარივეი – “რაიო ვალეკანოდან” – “სელტაში”

30 წლის არგენტინელი თავდამსხმელი “სელტაში” მადრიდული “რაიო ვალეკანოდან” გადავიდა. ლარივეი გალისიურ კლუბს კარგად მოერგო და 16 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინია თავი. გამოსარჩევია “ნოუ კამპზე” გატანილი გოლი, რომლითაც “სელტამ” “ბარსელონა” დაამარცხა გასვლაზე.

15. ლეო ბაპტიშტაო – “ატლეტიკოდან” – “რაიო ვალეკანოში”

22 წლის თავდამსხმელი 2013 წლის ზაფხულში მადრიდის “ატლეტიკომ” თანაქალაქელ “რაიო ვალეკანოსგამ” დიდი იმედებით შეიძინა. ბრაზილიელმა ვერ გაამართლა პირველი წრის დასრულების შემდ გომ “როხიბლანკომ” “ბეტისში” გაანათხოვრა, სადაც ბევრი ვერაფრით გამოირჩა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი, ბაპტიშტაო “რაიო ვალეკანოში” დაბრუნდა იჯარით. ლეო კვლავ მშვენივრად ათამაშდა და 16 შეხვედრაში
7 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

14. ჟერემი მატიე – “ვალენსიადან” - “ბარსელონაში”

31 წლის მცველის ტრანსფერს ბევრი უარყოფითად შეხვდა, თუმცა ფრანგმა მცველმა თავისი მაღალი დონე დაამტკიცა. კატალონიელებს რომ მხოლოდ 7 ბურთი აქვთ გაშვებული ამაში ჟერემის დიდი წვლილი მიუძღვის. მიმდინარე სეზონში მატიემ 16 შეხვედრა ჩაატარა. “ბლაუგრანას” მისი ტრანსფერი ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

13. შკოდრან მუსტაფი – “სამპდორიადან” – “ვალენსიაში”

მსოფლიოს ჩემპიონ მცველში “ღამურებმა” 8 მილიონი ევრო გაიღეს. გერმანელმა მცველმა ნიკოლას ოტამენდისთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა და მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს ლა ლიგაში. “ლოს ჩეს” 13 ბურთი აქვს გაშვებული. ამ მხრივ ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “ბარსელონას” აქვს. მუსტაფიმ 14 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

12. გჟეგოჟ კრიშოვიაკი – “რეიმსიდან” - “სევილიაში”

ესპანურმა კლუბმა კრიშოვიაკი 4.4 მილიონ ფუნტად დაიმატა “რეიმსიდან”. 24 წლის საყრედენი დიდებულად მოერგო “დალაქებს” და 21 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა. დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “სევილია” პოლონელ ფეხბურთელს სარფიანად გაჰყიდის ინგლისში.

11. ანდრე გომეში – “ბენფიკადან” – “ვალენსიაში”

“ვალენსიას” ახალ მფლობელ პიტერ ლიმს, ნიჭიერი პორტუგალიელი ნახევარმცველის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა. ანდრე უმალ მოერგო “ღამურებს” და კლუბის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. 21 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

10. დენის სუარესი – “ბარსელონადან” – “სევილიაში”


20 წლის ნახევარმცველი ანდალუსიურ კლუბში იჯარით თამაშობს. დენისი “სევილიას” შესანიშნავად მოერგო და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ ფეხბურთელად იქცა. სუარესმა მიმდინარე რიგებში 22 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

9. ლუსიანო ვიეტო – “რასინგიდან” – “ვილიარეალში”

21 წლის თავდამსხმელი “ვილიარეალმა” ზაფხულში 5.5 მილიონ ევროდ გაიფორმა. არგენტინელი შესანიშნავად მოერგო ვალენსიურ კლუბს და 23 შეხვედრაში, 12 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

8. ივან რაკიტიჩი – “სევილიდან” - “ბარსელონაში”

“ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდა. ივანი კარგად მოერგო კლუბს, თუმცა მას უფრო მეტი შეუძლია და რაც დრო გადის უფროდაუფრო დამაჯერებელი ხდება. რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

7. ანტუან გრიზმანი – “სოსიედადიდან” – “ატლეტიკოში”

“ატლეტიკომ” 23 წლის ფრანგში 30 მილიონი ევრო გაიღო და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებს. თავდაპირველად, გრიზმანს ახალ კლუბში გაუჭირდა, თუმცა ნელ-ნელა მოუმატა და “როხიბლანკოს” ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. 25 შეხვედრაში 9 გოლი და 2 ასისტი – ასეთია ფრანგი შემტევის მონაგარი.


6. დენის ჩერიშევი – “რეალიდან” – “ვილიარეალში”


24 წლის რუსი ფეხბურთელი “ვილიარეალში” იჯარის წესით თამაშობს. “რეალის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი “ყვითელი წყალქვეშა ნავების” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და გუნდის წარმატებულ თამაშში დიდი წვლილი მიუძღვის. ჩერიშევმა 20 ჩატარებულ შეხვედრაში თავი 3 გატანილი გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

5. მარიო მანძუკიჩი – “ბაიერნიდან” - “ატლეტიკოში”


ხორვატ თავდამსხმელს რთული მისია ეკისრა, მას “ჩელსიში” წასული დიეგო კოშტა უნდა შეეცვალა. მანძუკიჩს ეს არ გასჭირვებია და შესანიშნავად მოერგო მადრიდულ კლუბს. მარიომ 22 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

4. ხამეს როდრიგესი – “მონაკოდან” – “რეალში”

80 მილიონ ევროდ ნაყიდი კოლუმბიელი “რეალს” კარგად მოერგო და რაც დრო გადის კიდევ უფრო უკეთესი ხდება. ბევრი მიიჩნევს, რომ მასში გადახდილი თანხა მის დონეს არ შეეფერება, მაგრამ ხამესი კარგი თამაშით ამტკიცებს, რომ მასში ამხელა ფული ტყულიად არაა გადახდილი. 23 წლის შემტევმა 25 შეხვედრა ჩაატარა, 9-გოლი გაიტანა და 8-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

3. კლაუდიო ბრავო – “სოსიედადიდან” – “ბარსელონაში”


31 წლის მეკარე კატალონიურმა კლუბმა 12 მილიონ ევროდ დაიმატა. ბევრი მიიჩნევდა, რომ “ბლაუგრანაში” მას სათადარიგოთა მეკარის ფუნქცია ექნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. კლაუდიო შესანიშნავად გამოიყურება და შანსს არ უტოვებს მარკ ანდრე ტერ-შტეგენს, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა “ბარსა”. ჩილელმა კიპერმა საუკეთესო შეხვედრა ალბათ “ვალენსიას” წინააღმდეგ ჩაატარა. მას რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოუხდა და 3 ქულის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა “ბლაუგრანას”. ბრავომ ლა ლიგაში 16 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 7 ბურთი გაუშვა, რაც მის მაღალ დონეზე მეტყველებს.

2. ნიკოლას ოტამენდი – “პორტოდან” – “ვალენსიაში”


არგენტინელი მცველი “ღამურებმა” წინა ზამთარს 12 მილიონ ევროდ გაიფორმეს, თუმცა განაცხადში შეყვანა ვერ მოასწრეს და ზაფხულში შეუერთდა კლუბს. ნიკოლა კლუბს შესანიშნავად მოერგო და მთელი სეზონის განმალობაში ბრწყინვალედ გამოიყურება. მიმდინარე სეზონში “ვალენსიამ” მხოლოდ 13 გოლი გაუშვა, რითაც მხოლოდ “ბარსელონას” ჩამოუვარდება. ოტამენდის ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. მან ლა ლიგაში 16-ვე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

1. ტონი კროოსი – “ბაიერნიდან” – “რეალში”

მადრიდის “რეალს” მსოფლიოს ჩემპიონის გაფორმება 30 მილიონი ევრო დაუჯდა. გერმანელი მალევე მოერგო “სამეფო კლუბს” და ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. გარდა იმისა, რომ უამრავ საგოლე გადაცემას აკეთებს, შეტევებსაც მშვენივრად შლის და არც მისი წამოწყება ეშლება. 24 წლის ნახევარმცველმა 26 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 11-ჯერ გაატანინა გუნდელებს.

თეგებილა ლიგა
0.120061