ფეხბურთი

0:24 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტორესი “ჩელსის” დატოვებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი “მილანთან” სრულყოფილ კონტრაქტს 2015 წლის 5 იანვარს ოფიციალურად გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” ვებგვერდმა გაავრცელა.

“ტორესი “სან სიროზე” ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით აგვისტოში გადავიდა, 5 იანვარს კი “მილანთან” სრულყოფილ კონტრაქტს გააფორმებს. მადლობა ტორესს “ჩელსის” დახმარებისთვის და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში.” – აღნიშნულია “არისტოკრატების” ოფიციალურ ვებგვერდზე.

ევროპული მედია მტკიცედ იუწყება, რომ ესპანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ნახევარს და 2015/16 წლების სეზონს განათხოვრების წესით მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარებს, “როხიბლანკო” აღნიშნულ ტრანზაქციაში კი ალესიო ჩერჩის ჩართავს.

მადრიდში გასაყიდად უკვე გამოჩნდა ტორესის 19-ნომრიანი მაისური და შეგვიძლია ვივარაუდოთ ესპანელი მშობლიურ კლუბს მალე დაუბრუნდება.

ტორესის ინგლისური ვოიაჟი 2007 წლის ზაფხულში დაიწყო. ესპანელმა კონტრაქტი “ლივერპულთან” გააფორმა. “მერსისაიდელთა” რიგებში თავდამსხმელმა სამსეზონნახევარი გაატარა და 142 შეხვედრაში 81 გოლი გაიტანა. 2011 წლის იანვარში ტორესი ლონდონში გადაბარგდა, სადაც “ლივერპულის” მსგავსად სამ სეზონნახევარი იასპარეზა. “არისტოკრატების” მაისური 172 შეხვედრაში მოირგო და თავი 45 გატანილი გოლით გამოიჩინა. “ჩელსის” რიგებში ფერნანდომ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგაც მოიგო.

“მილანში” განათხოვრებულ ტორესს საქმე კარგად არ წაუვიდა, 10 შეხვედრაში მეტოქე მხოლოდ ერთხელ დაამწუხრა და საბოლოოდ ესპანელი სამშობლოში დაბრუნდება. მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილი ფეხბურთელი მთავარი გუნდის ღირსებას 2001 წლის ზაფხულიდან იცავდა. “როხიბლანკოს” მაისურით ჩატარებულ 244 შეხვედრაში 91 გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109796