ფეხბურთი

17:41 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრუიძეს მორიგი ტიტული სურს, გოგიჩაიშვილს ჩისკოს კარგ ნოტზე გაცილება

საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, თბილისის “დინამოს” თავკაცმა კახი გოგიჩაიშვილმა და საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან შეხვედრას “დინამოს” ესპანელი ლეგიონერი ჩისკოც დაესრო, რომელიც 11 დეკემბერს კარიერას დაასრულებს.

სოსო ფრუიძე: “მომავალი თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი არაა, რომ გინდა თუ არა უნდა მოვიგოთ. კიდევ ერთი ტიტულის მოგება კარგი იქნება, რადგან ფეხზე ახლა ვდგებით და ვყალიბდებით. ჩემპიონატში “დინამოსთან” ბოლო თამაში კარგად დავასრულეთ და ვფიქრობ, თავს არც ახლა შევირცხვენთ”.

კახი გოგიჩაიშვილი: “ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და სუპერთასზე ბევრი პირველად თამაშობს, ამიტომ მნიშვნელოვანია თავს როგორ წარმოაჩენენ. პლუს ჩისკო “დინამოში” ბოლო მატჩს ატარებს და გვინდა კარგ ნოტზე გავაცილოთ. ჩვეულებრივად ვემზადებით. ვფიქრობ, საინტერესო თამაში უნდა ჩატარდეს”.

ჩისკო: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ვიცი, რომ “დინამოს” 6 წელი სუპერთასი არ მოუგია. იმ სამსეზონნახევრის განმავლობაში, რაც “დინამოში” გამიტარებია, ბოლო მატჩს ვატარებ და შევეცდები საუკეთესო თამაში ვაჩვენო”.

-სუპერთასი თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია? მისი ჩატარება სეზონის დაწყებამდე ხომ არ სჯობს?

ფრუიძე: “სუპერთასის ჩატარება ჩემპიონატის დაწყებამდე უკეთესი იქნებოდა. ამას ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რადგან მეორე წელია სუპერთასზე ვთამაშობთ. სეზონის წინ სჯობს, რადგან უკეთესად მოემზადები და ფორმაში შეხვალ”.

გოგიჩაიშვილი: “მეც იმავე აზრის ვარ. თითქმის ყველა ქვეყანაში სუპერთასი ჩემპიონატის დაწყებამდე ტარდება. სუპერთასი მოსამზადებელი ეტაპის დამამთავრებელი ფაზაა”.

-ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს გუნდიდან წასვლას აპირებთ?

გოგიჩაიშვილი: “არაფერს არ ვაპირებ”.

-როგორ შეფასებთ იმ ფაქტს, რომ “დინამო 2” მეორე ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში აღარ ითამაშებს?

გოგიჩაიშვილი: “რადგან კლუბმა გეზი გაახალგაზრდავებისკენ აიღო, შუა რგოლად “დინამო 2” ზედმეტი იყო. ვისაც საჭიროდ ჩავთვლით, “დინამო 2”-დან პირველ გუნდში დაწინაურდებიან. ახლა დუბლებიდან პირველ გუნდში უფრო მეტი ფეხბურთელი გადმოვა”.

-ტრავმების გამო ვინ დაგაკლდებათ?

ფრუიძე: “კუჭუხიძე ვერ გვეხმარება უკვე საკმაო ხანია. ოთხშაბათს ჯიღაურმა პირველად ივარჯიშა. მუმლაძეს სიცხე აქვს. დანარჩენები ვინც “დინამოსთან” ბოლო თამაში ჩაატარა მწყობრშია”.

გოგიჩაიშვილი: “ძარია, ცინცაძე და საბანაძე ტრავმირებულები არიან. ძარიამ შესაძლოა ითამაშოს, ხოლო ცინცაძე და საბანაძე გამორიცხულია”.

-მეორე წრის დაწყებამდე შემადგენლობის გაძლიერებას თუ აპირებთ?

ფრუიძე: “გაძლიერება გვჭირდება. საუბარი არაა საზღვარგარეთიდან ვინმეს ჩამოყვანაზე. 3-4 ფეხბურთელის დამატება გვსურს. ამ რესურსით უეფას თასის საგზურისთვის ვერ ვიბრძოლებთ”.

გოგიჩაიშვილი: “კარგად იცით, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდში ძირეული ცვლილებები მოხდა. თუმცა, ამ რესურსითაც პირველი წრე პირველ ადგილზე დავასრულეთ. ფეხბურთელების დამატება აუცილებელია თუ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა. სასურველია, გუნდში 2-3 ლეგიონერი იყოს, რომელიც გაგვაძლიერებს”.

-ჩემპიონატში ჩატარებული მატჩისგან თვისობრივად განსხვავებულ თამაშს თუ ელით?

ფრუიძე: “შესაძლოა, იმ თამაშისგან, რომელიც ჩემპიონატში მოვიგეთ, დიდი განსხვავება არ იყოს. ჩემი აზრით, “დინამო” უფრო მობილიზებული გამოვა”.

გოგიჩაიშვილი: “შევეცდებით უფრო სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ. მთავარია, მაყურებელი კმაყოფილი დარჩეს”.

-იმ პერიოდმა რაც “დინამოში” გაატარეთ რა შეგძინათ?

ჩისკო: “სამსეზონნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი სიყვარული მივიღე, მათ შორის მოედანს გარეთ. ბევრი მეგობარი შევიძინე. ძალიან მწყდება გული, რომ ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, ეს ურთიერთობა დამაკლდება. ზუსტად გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ შესაძლოა ესპანეთში რომელიმე სამოყვარულო გუნდში ცოტა ხანი ვითამაშო. არაა გამორიცხული ხელი სწავლას მივყო. წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მეუღლის მამა მძიმედ ავადაა და მინდა მეუღლესთან ახლოს ვიყო”.

-“დინამოს” საჩემპიონო შანსებს როგორ აფასებთ და ამ კონტიგენტით გუნდი ევროთასებზე რამდენად წარმატებული იქნება? ლეგიონერების დამატება ხომ არ სჯობს?

ჩისკო: “მიმდინარე სეზონი “დინამოსთვის” უფრო რთულია, რადგან კლუბში ახალი პროექტი დაიწყო. გოგიჩაიშვილი ბევრს შრომობს და მოვალეობას თავს კარგად ართმევს. უბრალოდ, დროა საჭირო. “დინამოსთვის” ჩემპიონობისთვის ბრძოლა რთული იქნება, რადგან სხვა გუნდებიც კარგად გამოიყურებიან. ევროთასებზე სხვა მიდგომებია”.

პრესკონფერენციის დასასრულს ორივე გუნდი მწვრთნელმა ჩისკოს მადლობა გადაუხადა და გულშემატკივრებს სუპერთასზე დასასწრებად სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ჩისკომ მადლობა “დინამოს” ფან-კლუბ “გლადიატორებს” გადაუხდა და თქვა, რომ ისინი მის გულში ყოველთვის იქნებიან.

11 დეკემბერს მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 17 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება უფასოა. წელს სუპერთასის გამარჯვებული თანხას ვერ მიიღებს, რადგან ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ფინანსურად დაეხმარა და სუპერთასისთვის დამატებითი სახსრები ვერ მოიძია.

0.11342