სხვა

23:25 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ქართველი მოციგურავეების წარმატება

8 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში მინისტრ ლევან ყიფიანის და ფიგურული ციგურაობის ასოციაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

წლევანდელი სეზონი ქართველმა მოციგურავეებმა წარმატებით დაასრულეს და პრესკონფერენცია სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა.

6 დეკემბერს, ესტონეთში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში, ქართველმა მოციგურავეებმა ორ ასაკობრივ კატეგორიაში (უფროსები და იუნიორები) იასპარეზეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს.

მოცეკვავეთა წყვილმა – ტატიანა კოზმავა და ალექსანდრ ზოლოტარიოვი უფროსებს შორის მეორე ადგილი დაიკავა, 140.67 ქულა დააგროვა და 2015-2016 წლებში გასამართი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ლიცენზია მოიპოვა. წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის სავალდებულო 39 ტექნიკურ ქულას 8 ქულით გადააჭარბა.

იუნიორებში ასევე მეორე ადგილი დაიკავა არმენ აგაიანმა. მან 156.65 ქულა დააგროვა და უფროსთა შორის ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა. მარტში ის იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა, რომელსაც ასევე ესტონეთი უმასპინძლებს. იმავე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს კიდევ ერთი წყვილი – ანა რიაბინინა და მარკ კალინინი. თანაგუნდელების მსგავსად, მათ ხსენებულ საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ტექნიკური ქულები დააგროვეს.

ესტონეთის საერთაშორისო ტურნირზე იუნიორ გოგონათა შორის გამოვიდა ნია გადელიაც, რომელიც 41 მონაწილეს შორის მე-14 იყო. ჩვენი ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენები სამივე დისციპლინაში გამოვლენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობა გაინაღდა ჩვენი გუნდის ლიდერმა ელენე გედევანიშვილმა. მან ორივე ტურნირის ლიცენზია ოქტომბერში, ჩიკაგოს გრან-პრიზე მოიპოვა. ელენეს მხარდამხარ, ლიცენზია აღებული აქვს ირაკლი მაისურაძესაც, რომელიც 2015 წელს ავსტრიაში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზეც წარადგენს საქართველოს.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117304