ფეხბურთი

19:36 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” პენალტი და შანსი ვერ გამოიყენა (+ვიდეო)

პირველი წრის ბოლო შეხვედრა “ზესტაფონის” წინააღმდეგ “ზუგდიდმა” “ბაიას” ბაზაზე გამართა. მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო - ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელის, ზუგდიდელი გივი ხოჭოლავას ხსოვნას.

“ზუგდიდს” ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი, სამივე მცველი აკლდა. ღონღაძემ დისკვალიფიკააციის გამო გამოტოვა დღევანდელი შეხვედრა, რიგვავას და მირცხულავას კი ტრავმები ჰქონდათ.

ძლიერი ქარი ორივე გუნდის ფეხბურთელებს ხელს უშლიდა, მიუხედავად ამისა. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდთან ერთად გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი დარტყმაც იხილა საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ მოსულმა გულშემატკივარმა.

პირველი ტაიმის საწყის წუთებში “ზესტაფონმა” არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნა მასპინძელთა კართან. 7-ე წუთზე სწრაფი გოლის გატანასთან ახლოს იყო ჯაბა დვალი. შეტევა გაგოშიძემ წამოიწყო. მან ფლანგზე ითამაშა კარგად და გამოზომილი ზუსტი გადაცემა შეუსრულა დვალს, მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ორ წუთში ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა გიორგი ილურიძე, სარდალიშვილის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ – ისიც თავით ურტყამდა, მაგრამ მანაც ააცილა.

13-ე წუთზე ილურიძეს უფრო რეალური მომენტი შეექმნა, რაც მასპინძელთა მცველის შეცდომას მოჰყვა - ქურდაძემ უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი და რომ არა მეკარე თევდორაძის ჩინებული თამაში, ანგარიშიც გაიხსნებოდა.

18-ე წუთზე “ზუგდიდმაც”, მოსინჯა შეტევაში ძალა და საკმაოდ სახიფათოდაც. შოთა ლომიამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ სტუმართა მცველებმა ითამაშეს უშეცდომოდ და შესძლეს ბურთის გამოტანა საჯარიმოდან. მეორე ეპიზოდში ჩინებულად ითამაშა ლომიამ, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნამ არ გაუღიმა მასპინძელთა კაპიტანს. ყველაფერი ეხვაიას კარგი თამაშით დაიწყო – მან ფლანგზე ადვილად ჩამოიშორა მეურვე და საჯარიმოს ხაზთან მარტო მყოფი ლომია მოძებნა. შოთამ კარგად გაისწორა ბურთი და მოჭრილი დაურტყა მეკარე პავლოვიჩს, ბურთი სანტიმეტრებით გადაცდა კარის ზედა ძელს.

მეორე ტაიმი სულ ორიოდე წუთის დაწყებული იყო, როცა დვალი მცველებმა უყურადღებოდ დატოვეს საკუთარ საჯარიმოში და რომ არა თევდორაძის კარგი თამაში, გოლი გარდაუვალი იყო. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის მხრიდან ზუგდიდელთა მეკარე საუკეთესო იყო.

52-ე წუთზე მასპინძლებმა ვალიკო ტყემალაძის შორეული დარტყმით უპასუხეს სტუმრების შეტევებს. ტყემალაძის დარტყმა ზუსტი კი იყო მაგრამ პავლოვიჩს პოზიცია შერჩეული ჰქონდა და ადვილად დაეუფლა ბურთს. ამას საპირისპირო მხრიდან ენდელაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, თუმცა, თევდორაძე ამჯერადაც დამაჯერებელი იყო. ცოტა ხანში სარდალიშვილის პასით თორნიკე გრიგალაშვილი აპირებდა კარში ბურთის გადაგზავნას, მაგრამ არც მას გაატანინა “ზუგდიდელთა” კიპერმა.

“ზუგდიდელებს” 72-ე წუთზე ყველაზე რეალური შანსი მიეცათ - ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს ეხვაიას პასით კუკავა შევიდა “ზესტაფონის” საჯარიმოში, თუმცა რენე ფერეირასთან ორთაბრძოლაში წაიქცა და მთავარმა მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. პენალტს “ზუგდიდელთა” გუნდში შოთა ლომია ასრულებს და დღესაც მას მიანდეს ეს პასუხისმგებლობა თანაგუნდელებმა, მაგრამ ლომიამ პავლოვიჩს ვერ აჯობა, მეკარემ ნახტომში შესძლო ბურთის მოგერიება.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ეცადა, სასურველი შედეგი მოეპოვებინა, მაგრამ არაფერი შეცვლილა და შეხვედრა 0-0 მორჩა.

ბესიკ შეროზია: “მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, ბიჭებს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, გააკეთეს. თერთმეტმეტრიანი რომ გამოგვეყენებინა, ვფიქრობ ამ თამაშს მოვიგებდით”.

გურამ ასპინძელაშვილი: “საინტერესო თამაში იყო, “ზუგდიდს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული და ვფიქრობ ფრე ლოგიკური შედეგი იყო. წარმატებებს ვუსურვებ “ზუგდიდს”.

“ზუგდიდი” (ზუგდიდი) – “ზესტაფონი” (ზესტაფონი) 0-0

ზუგდიდი. 7 დეკემბერი. ბაიას ბაზა. 1500 მაყურებელი

“ზუგდიდი”: თევდორაძე, ქურდაძე, ლომაია, აკობია, ჯავაშვილი, ტყემალაძე, კობერიძე, ლომია (გულორდავა, 89), წურწუმია (შენგელია, 90+2), ეხვაია, კვარაცხელია (კუკავა, 46).

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, რენე ფერეირა, თორნიკე გრიგალაშვილი, თევდორე გრიგალაშვილი, გაგოშიძე, სარდალიშვილი, გვალია, ჭანტურიშვილი (ფანცულაია, 88), ენდელაძე (კაპანაძე, 62), ილურიძე ( ჭანკოტაძე 78), დვალი.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: რენე ფერეირა (71), თორნიკე გრიგალაშვილი (74), გვალია (82)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

1. დინამო (თბილისი) 15 9 2 4 26:13 29
2. დილა 15 8 4 3 22:13 28
3. სამტრედია 15 7 4 4 17:11 25
4. სპარტაკი 15 7 3 5 15:21 24
5. დინამო (ბათუმი) 15 7 3 5 17:14 24
6. მეტალურგი 15 6 5 4 19:15 23
7. ჩიხურა 15 6 4 5 17:17 22
8. მერანი 15 5 5 5 11:10 20
9. ზესტაფონი 15 4 7 4 29:22 19
10. გურია 15 4 7 4 16:23 19
11. შუქურა 15 4 6 5 14:17 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. სიონი 15 3 5 7 12:19 14
15. ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 14:20 12
16. ზუგდიდი 15 2 6 7 8:17 12

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

მატჩის ვიდეო:

http://www.fczestafoni.ge/News/1884.htm

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112891