ტაშკენტის “ფახთაქორის” შემადგენლობაში კახა მახარაძემ უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მეორედ მოიგო.
ბოლო ტურში ტაშკენტელებმა სტუმრად “ბუნედკორს” 3:2 აჯობეს და პირველობა 72 ქულით დაისაკუთრეს. “ფახთაქორმა” უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ “ლოკომოტივს” 8 ქულით გაასწრო. “ბუნედკორთან” მატჩში ქართველმა ნახევარმცველმა გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა და 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. განვლილ სეზონში მან 25 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მახარაძე “ფახთაქორის” შემადგენლობაში ოქროს მედლებს პირველად 2012 წელს დაეუფლა. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამჟამად, თავისუფალი აგენტია.
“ქიზილქუმმა”, რომელშიც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, 14-გუნდიანი ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა. დასკვნით ტურში “ქიზილქუმი” სტუმრად “სოგდიანასთან” 0:1 დამარცხდა და ქართველმა მარცხენა მცველმა სრულად ითამაშა.
ლატვიის პირველობა მაჟორულ ნოტზე დაასრულა “ვენტსპისლმა”, რომლის ღირსებას თორნიკე თარხიშვილი იცავს. რამდენიმე ტურით ადრე ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებულმა ვენტსპილსელებმა სახლში დაუგავპილსის “დაუგავას” 4:0 აჯობეს და 10-გუნდიან ვირშლიგაში 83 ქულა დააგროვეს. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. “დაუგავაში” მცველ ბიძინა ცინცაძეს არ უთამაშია. დაუგავპილსელები 65 ქულით მე-5 ადგილზე გავიდნენ.
ზედიზედ მეორედ ვერცხლის მედლები ერგო ლატვიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ რიგის “სკონტოს”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის. რიგელებმა შინ თანაქალაქელ “დაუგავას” 4:1 სძლიეს. მცველმა ლაშა დვალმა და ნახევარმცველმა ირაკლი კლიმიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. “სკონტომ” თავი 71 ქულას მოუყარა. “მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ლატვიური მედიის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბის ხელმძღვანელობა კლიმიაშვილის დასჯას ღამის კლუბში წასვლისთვის აპირებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ვირშლიგიდან გავარდა “იურმალა”, რომლის ღირსებას გიორგი დიაკვნიშვილი იცავს. ბოლო ტურში იურმალელები გასვლაზე “დაუგავპილსთან” 2:4 დამარცხდნენ. ქართველ ნახევარმცველს სტუმრებში არ უთამაშია. სამაგიეროდ, მოედანზე 71 წუთი გაატარა და ვიდრე შეცვლიდნენ გოლი გაიტანა რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველმა ბესიკ ხარძიანმა. “იურმალამ” ჩემპიონატში მხოლოდ 7 ქულა მოაგროვა.
იურმალა “სპარტაკსმა”, რომელშიც ფორვარდი მიხეილ როსტიაშვილი ასპარეზობს, ჩემპიონატში 51 ქულა დააგროვა და მეხუთეა. იურმალელებმა 36-ე ტურში სახლში “ლიეპაიას” ვერ მოუგეს – 0:0. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 28-ე წუთიდან ჩაერთო.
ესტონეთის მეისტრილიგიდან გავარდნას გადაურჩა და გადათამაშებაში მოხვდა იოხვის “ლოკომოტივი”. ბოლო ტურში იოხველები სტუმრად “პაიდესთან” 0:1 წააგეს. თავდამსხმელმა ლაშა ნავერიანმა “ლოკომოტივში” 90 წუთი დაჰყო, ხოლო უკრაინის მოქალაქე ნახევარმცველი კოტე ალანია თადარიგშიც არ იყო. იოხველები 18 ქულით მე-9 პოზიციაზე არიან.
ბელარუსის უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის მე-7 ტურში, სოლიგორსკის “შახტიორმა” “გომელი” მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. ნახევარმცველი სანდრო გურული მასპინძლებში მოედანზე შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა, ხოლო სტუმრებში მცველი ზაზა ჭელიძე თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო. “შახტიორი” 48 ქულით მესამეა, “გომელი” კი, 35 ქულით – მეექვსეა.
ქვედა ექვსეულში “სლუცკმა” გასვლაზე გროდნოს “ნემანთან” 0:2 წააგო. ფორვარდი უჩა გოგოლაძე დამარცხებულთა სათადარიგო სკამზე იჯდა. “სლუცკი” 29 ქულით მეორეა.
ბობრუისკის “ბელშინამ” ბრესტის “დინამოს” უმასპინძლა და 2:1 აჯობა. ნახევარმცველი გიორგი მაღალდაძე ბობურისკელთა 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ბელშინა” 31 ქულით მეოთხეა.
ჩეხეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, პრაღის “სლავიამ”, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ლევან ყენია შეუერთდა, თანაქალაქელ “დუკლასთან” სტუმრად 0:0 ითამაშა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი “სლავიას” სამატჩო განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. “სლავია” 18 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.
რუსეთის პირველი დივიზიონის მე-18 ტურში, ხაბაროვსკში ადგილობრივმა “სკა-ენერგიამ” “სახალინთან” 0:1 წააგო. დისკვალიფიკაციის მერე ხაბაროვსკელთა სასტარტო შემადგენლობას მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი დაუბრუნდა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს. მის მსგავსად მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველი გუჯა რუხაია და მოედანი 86-ე წუთზე დატოვა. რუსული პასპორტის მქონე ლაშა იმედაშვილი სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ნახევარმცველი გოგიტა გოგუა “სკა-ენერგიას” ტრავმის მიზეზით გამოაკლდა. “სახალინში” ნახევარმცველმა ზურაბ არზიანმა ორი ტაიმი იასპარეზა. ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. რუსეთის მოქალაქე მცველი ლაშა ჯღარკავა თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. ნახევარმცველი გიორგი კახელიშვილი კვლავ ტრავმირებულია და სახალინელებში არ გამოჩენილა. “სკა-ენერგია” 23 ქულით 18 გუნდში მეთორმეტეა. “სახალინი” 15 ქულით მეთექვსმეტეა.
წარუმატებელი სერია შეწყვიტა ტიხვინის “ტოსნომ”, რომელმაც სტუმრად სანკტ-პეტერბურგის “დინამოსთან” 3 ქულა აიღო – 3:1. მეკარე ნუკრი რევიშვილმა გამარჯვებულებში ორი ტაიმი დაჰყო. ტრავმამოშუშებული გიორგი ნავალოვსკი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა, ხოლო რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველი მიხაილ გორელიშვილი – 82-ეზე. ტრავმირებული ოთარ მარცვალაძე წელს ტიხვინელებს ვეღარ დაეხმარება. “ტოსნო” 31 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.
ნიჟნი ნოვგოროდში ადგილობრივი “ვოლგა” იაროსლავლის “შინიკთან” 1:5 განადგურდა. თავდამსხმელმა მერაბ ურიდიამ მასპინძლებში 74-ე წუთიდან ითამაშა. “ვოლგა” 24 ქულით მეათეა.
მახაჩყალის “ანჟიმ” კალინინგრადში “ბალტიკას” 3:2 სძლია. მცველი გია გრიგალავა და ნახევარმცველი ლევან გვაზავა გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელიამ კალინინგრადელებში ორი ტაიმი გაატარა. “ანჟი” გათამაშებას 36 ქულით ლიდერობს, ხოლო “ბალტიკა” 18 ქულით მეთხუთმეტეა.
ვლადივოსტოკში “ლუჩ-ენერგიამ” ძერჟინსკის “ხიმიკთან” 3 ქულა მიითვალა – 1:0. რუსეთის მოქალაქე მცველმა გურამ თეთრაშვილმა ვლადივოსტოკელებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. მის მსგავსად მოედანზე 90 წუთი გაატარა რუსეთის მოქალაქე მცველმა გიორგი ჯიქიამ. “ლუჩ-ენერგია” 26 ქულით მერვეა, “ხიმიკი” კი 10 ქულით ბოლოა.
მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-14 ტურში, “საქსანმა” თავის მოედანზე “დინამო-ავტოს” 2:1 მოუგო. ნახევარმცველ ირაკლი გოგინაშვილს მასპინძლებში არ უთამაშია. “საქსანს” 21 ქულა აქვს და 11 გუნდში მეექვსეა.
პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-15 ტურში, “ფეირენსე” “ლეიშოეშს” ესტუმრა და 1:3 წააგო. მეკარე გიორგი მაკარიძემ “ფეირენსეს” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და უკვე მერამდენე ტურია თადარიგში ზის. “ფეირენსე” 16 ქულით 24 გუნდში მეთვრამეტეა.







