ფეხბურთი

22:03 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როცა 6 გოლიდან 4 სტუმრებისაა (+VIDEO)

არსებობს მატჩები, სადაც ერთი გუნდი ყველაფერს აკეთებს გამარჯვების მოსაპოვებლად, გოლებიც გააქვს და უამრავ საგოლე მომენტსაც ქმნის, მაგრამ შეხვედრას მაინც აგებს. ამ დროს მეორე გუნდი პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს და თავის შანსებს მაქსიმალურად იყენებს. დაახლოებით ასეთი მატჩი გაიმართა “დავით აბაშიძეზე”, სადაც “ზესტაფონმა” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა.

სატურნირო ცხრილში აჭარელები ზესტაფონელებთან შედარებით 2 ქულით და 4 საფეხურით ზემოთ იყვნენ. ფეროელებს წარმატების შემთხვევაში მეტოქის გადასწრების შანსი ჰქონდათ, თუმცა როგორც ზემოთ ვახსენეთ, დღეს ზესტაფონელთათვის იღბლიანი დღე არ იყო. მათ, ბათუმელთა წინააღმდეგ გააზრებული და შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშეს, თუმცა აჭარელთა რაციონალურობამ და არჩეულმა სტრატეგიამ აშკარად გაამართლა. აქვე იმერთა მცველების შეცდომებიც უნდა ვახსენოთ, რომლებმაც მნიშვნელოვნად განაპირობეს საბოლოო შედეგი.

წვიმიანმა ამინდმა დაღი დაასვა ამ შეხვედრას. თამაში მაღალ ტემპში ჩატარდა, თუმცა ფეხბურთელებს უჭირდათ მძიმე გრუნტზე თამაში. თამაში მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ფეროელებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მათ იღბალმა უმუხთლა.

პირველად ჭანტურიშვილის ფლანგურ გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, მაგრამ გიორგი ილურიძეს მეკარემ აუღო, ხოლო მეორე შემთხვევაში ჯაბა დვალს სამიოდე მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. ამ მომენტში ჯაბას ასისტენტობას ენდელაძე უწევდა. ერთ მომენტში მასპინძლები პენალტსაც ითხოვდნენ, როდესაც ბურთი ბათუმელთა საჯარიმოში ერთ-ერთ მცველს შეეხო, მაგრამ არბიტრმა სიტუაცია სხვაგვარად განსაჯა და თამაშის გაგრძელება ბრძანა.

შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით გაგრძელდა, მაგრამ პირველივე შეტევა ზღვისპირელებმა შედეგიანად დაასრულეს. მე-18 წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგზე დიდებულად გაისარჯა გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც თავგზა აუბნია, ამ მატჩში უჩვეულოდ სუსტად მოასპარეზე რენე ფერეირას. ბათუმელთა ფორვარდი ბრაზილიელს გაცდა და საჯარიმოში მახვილი კუთხიდან შეიჭრა, საიდანაც ზუსტად უპასა ზესტაფონელთა საჯარიმოში, მეტოქის მცველთა გარემოცვაში მყოფ შონიას, რომელმაც ერთი შეხებით მოახერხა ყველასათვის ეჯობნა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.

დაწინაურებისთანავე, სტუმრებს კიდევ ორჯერ მიეცათ გატანის შანსი, მაგრამ ორივეჯერ დიმიტრი ტატანაშვილს გაუცუდდა მიზანი. პირველად გამოცდილმა ფორვარდმა ჭკუასელის ფლანგური ჩაწოდება ვერ გამოიყენა, ხოლო მეორედ - შონიასი. 25-ე წუთზე მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს. ავთო ენდელაძის მიერ სტანდარტული სიტუაციიდან ჩაწოდებულ ბურთს ყველაზე დროულად გიორგი ილურიძე დაუხვდა, მოხდენილი თავური დარტყმით საკმაოდ ეფექური გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა – 1:1.

გილის გაშვებას “დინამოს” ფეხბურთელები არ დაუბნევია. პირიქით, ისინი საკმაოდ აქტიურობდნენ და მათ მცველებს დიდი ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ მოწინააღმდეგეთა მცველები. 31-ე წუთზე იმერლები ბერიაშვილის სახიფატო დარტყმისაგან სერბმა კიპერმა ბოიან პავლოვიჩმა იხსნა, თუმცა 39-ე წუთზე ბალკანელი კარის დარაჯიც უძლური გამოდგა ტატანაშვილის წინააღმდეგ. არადა, ამ გოლამდე ზესტაფონელებს კარგი შეტევის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბურთი დაკარგეს და ბათუმელთა სწრაფმა კონტრშეტევამ კიდევ ერთხელ გამოიღო შედეგი. აქვე კიდე ერთხელ უნდა გამოვყოთ რენე ფერეირას უსუსური თამაში, რომელმაც მომენტალურად კი შეძლო იერიშის შეყოვნება, მაგრამ ბურთი ძალიან მარტივად დაკარგა და ის ტატანაშვილს მიუვიდა. დიმამ ბურთიანად იარა მოწინააღმდეგის კარისკენ, საჯარიმოს ხაზს მიახლოებულმა, გამოზომილი და მოჭრილი დარტყმით პავლოვიჩს შანსი არ დაუტოვა – 1:2.

მასპინძლებმა გასათანაბრებლად გაიწიეს, რათა ტაიმი მინიმუმ ფრედ მაინც დაესრულებინათ, მაგრამ ბურთი ისევ საკუთარ კარში მიიღეს. ამჯერად სტუმრებმა სტანდარტულიდან, პავლოვიჩის არადამაჯერებლობით იხეირეს. გოგიტიძის მახვილი კუთხიდან ძლიერად შესრულებული საჯარიმოს მოგერიება ზესტაფონელტა კიპერს აშკარად მართებდა, თუმცა იგი შეცდა და ტაბლოზე 1:3 დაფიქსირდა ბათუმის “დინამოს” სასარგებლოდ.

თამაშის განახლებისთანავე ზესტაფონელებმა შტურმის მოწყობა სცადეს. ზედიზედ ორჯერ თავის გამოჩენა დვალს მართებდა, მაგრამ პირველად ჯაბას, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა ალავიძის მოტყუება არ გამოუვიდა და ხიფათიც განიმუხტა. თითქმის მაშინვე ზესტაფონელთა ბომბარდირმა ჭანტურიშვილის საოცრად ზუსტი პასი ვერ გამოიყენა და ახლო მანძილიდან კარის აღების რეალური მომენტი გაუშვა ხელიდან. ცოტა ხანში ბათუმელთა კარის აღება ილურიძემაც ცადა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას ზემოდან გადასცდა.

მუდმივად შეტევაზე ორიენტირებულ ზესტაფონელებს ამასობაში კიდევ ორი კონტრიერიში გაეპარათ, რომელთაგან ერთი მათი კარის აღებით დასრულდა. გატანა პირველ შემთხვევაში შეეძლო ბერიაშვილსაც, რომელმაც ბურთი ტატანაშვილისაგან მიიღო, ადვილად მოატყუა ფერეირა და ოდნავ მახვილი კუთხიდან გატანა ვერ მოახერხა. 66-ე წუთზე ბერიაშვილმა ისევ გააცურა რენე ფერეირა და ამჯერად ზუსტი დარტყმით პავლოვიჩი უსაქმოდ დატოვა. ამ შემთხვევაში სერბი კიპერის მიმართ სასაყვედურო არავის უნდა ჰქონდეს – 1:4.

თითქმის უიმედო მდგომარეობაში ყოფნამ მასპინძლები ვერ გატეხა და ისინი კვლავ განაგრძობდნენ მეტოქეზე ზეწოლას. 73-ე წუთზე ჭანტურიშვილის უძლიერესი დარტყმა ჯერ ალავიძეს შეეხო და შემდეგ ხარიხამ აისხლიტა. კუთხურიდან გვალიას მოწოდებული ბურთზე კი ყველაზე მაღლა ხიდეშელი ახტა, რომელმაც ანგარიში ორამდე შეამცირა – 2:4. ფეროელები კვლავ უტევდნენ. გვალიას დარტყმა მოწინააღმდეგის მცველს შეეხო და მცირედით აცდა მეტოქის კარს. ცოტა ხანში კაპანაძემ კი მოახერხა გატანა, მაგრამ ასისტენტმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე.

თამაშის ეპილოგში საერთო სათამაშო სურათი არ შეცვლილა. შეტევაში მუდმივად ზესტაფონელები იყვნენ. ზედიზედ ორჯერ ჭანტურიშვილმა დააქუხა შორიდან უძლიერესად, მაგრამ ორივე შემთხვევაში ალავიძე იყო მოწოდების სიმაღლეზე. ანალოგიურად ითამაშა სტუმართა კარის დარაჯმა გვალიას ცაციათი დარტყმულზეც, მან საკუთარი კარის უსაფრთხოების მიზნით მუშტებით ითამაშა და მდგომარეობაც განმუხტა. მასპინძელთა მცდელობების მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. ძალიან საინტერესო და დაძაბულ პაექრობაში ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელებმა უფრო მეტი პრაგმატულობა და თავდაჯერებულობა გამოავლინეს, რამაც მათი შთამბეჭდავი გამარჯვება განაპირობა.

ლევან ხომერიკი (“დინამო”): “კარგი თამაში გამოვიდა. ასეთი სანახაობრივი პაექრობები ეროვნულ ჩემპიონატში იშვიათია. ვიცოდით მეტოქის ძალა და ამიტომაც ავარჩიეთ ეს სტრატეგია. თასზე განცდილი მარცხის შემდეგ ჩვენი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება,”.

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”): “მცველების შეცდომების გამო წავაგეთ. მარცხის მიზეზი არ იყო სათამაშო ტაქტიკა და მონახაზი. ბევრს ვუტევდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. სამაგიეროდ, მეტოქემ თავისი შანსები 100%-იანი სიზუსტით გამოიყენა”.

“ზესტაფონი” – “დინამო” ბათუმი – 2:4 (1:3)

30 ნოემბერი. 14:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 700 მაყურებელი

“ზესტაფონი: პავლოვიჩი, თედორე გრიგალაშვილი (მიქელთაძე, 88), ხიდეშელი, რენე ფერეირა, გაგოშიძე, შარიქაძე, ენდელაძე (კაპანაძე, 64), ჭანტურიშვილი, ილურიძე (ფანცულაია (74), გვალია, დვალი.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“დინამო”: ალავიძე, სუხიაშვილი, მახარაძე, ტეტუნაშვილი, ჭკუასელი, შონია, გოგიტიძე (ვარშანიძე, 68), ჩირიკაშვილი (მაკარიანი, 75), ტატანაშვილი, მგელაძე, ბერიაშვილი (87).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გოლები: 0:1 შონია (18), 1:1 ილურიძე (25), 1:2 ტატანაშვილი (39), 1:3 გოგიტიძე (43), 1:4 ბერიაშვილი (66), 2:4 ხიდეშელი (74).

გაფრთხილება: შარიქაძე (42).

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)

1. დინამო (თბილისი) 14 9 2 3 26:12 29
2. დილა 14 8 3 3 20:11 27
3. სამტრედია 14 7 3 4 17:11 24
4. სპარტაკი 14 7 3 4 14:19 24
5. დინამო (ბათუმი) 14 7 2 5 17:14 23
6. მეტალურგი 14 5 5 4 18:15 20
7. მერანი 14 5 4 5 11:10 19
8. ჩიხურა 14 5 4 5 16:17 19
9. ზესტაფონი 14 4 6 4 29:22 18
10. გურია 14 4 6 4 16:23 18
11. შუქურა 14 4 5 5 14:17 17
12. ტორპედო 14 3 7 4 17:17 16
13. კოლხეთი 14 3 5 6 11:16 14
14. სიონი 14 3 4 7 12:19 13
15. ვიტ ჯორჯია 14 3 2 9 12:18 11
16. ზუგდიდი 14 2 5 7 8:17 11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118918