ფეხბურთი

22:18 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,საპოვნელამ” ღირსეულად იბრძოლა  

ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად მერვედფინალის პირველ მატჩში გაირკვა, როცა ცხინვალის ,,სპარტაკმა” თბილისში გამართულ შეხვედრაში თერჯოლის ,,საპოვნელა 3:0 დაამარცხა. მართალია შიდაქართლელებს ცოტა გაუმართლათ, როცა კენჭისყრამ მერვედფინალურ დაპირისპირებაში მეტოქედ ერთადერთი ქვედალიგელი არგუნა, თუმცა ანგარიშგასაწევია, რომ ,,საპოვნელა” ერთობ წარმატებულ სეზონს ატარებს, პირველ ლიგაში ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და Uუმაღლეს ლიგაში გადასვლის მშვენიერი შანსი გააჩნია.

შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა სოლიდარობა გამოხატეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ. ისინი მოედნის ცენტრში თეთრი მაისურებით განლაგდნენ, რომელზეც წარწერილი ჰქონდათ: ,,სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ,” შემდეგ კი შესაბამისი წარწერით ბანერიც გაშალეს.

ამის შემდეგ ფეხბურთელებმა მაისურები გამოიცვალეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ,,საპოვნელას” აწ გარდაცვლილი გუნდის ექიმის რობერტ მაღლაკელიძის ხსოვნას.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ბურთი უმეტესად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. პირველი შეხვედრის ანგარიშიდან გამომდინარე სტუმრებს თამაშის ასე წარმართვა ხელს აძლევდათ. რაც შეეხება იმერლებს, ისინი ბევრს ცდილობდნენ, არც ბრძოლას ერიდებოდნენ, მაგრამ რეალურ მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ.

პირველი სერიოზული შეტევა სტუმრებმა მე-10 წუთზე განახორციელეს. ივანიშვილი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და დიაგონალური გადაცემით შინდაგორიძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის მახვილი კუთხიდან დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო.

ტაიმის შუაწელიდან უპირატესობამ მასპინძელთა მხარეს გადაინაცვლა და მალე ბერუაშვილს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა. საჯარიმოს მისადგომებიდან მისი მოჭრილი დარტყმა ოდნავ გადასცდა ხარიხას.

28-ე წუთზე თავის გამოჩენის შანსი ცქიფურიშვილს ჰქონდა. მარცხენა ფრთიდან ჩხიკვაძის ჩაწოდებულს მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. გამოვარდნილ ბურთს ცქიფურიშვილი ვარდნაში ეფექტურად ურტყამდა, მაგრამ სამიზნეს მანაც ცოტათი გადააცილა.

მე-40 წუთზე კი აშკარა გოლისგან თავისიანები ნადირაძემ იხსნა. საჯარიმოს რკალთან ახლოს დანიშნული საჯარიმო ჯიმშელეიშვილმა შეასრულა და ზუსტი ძლიერი დარტყმით ბურთი სტუმართა კარისკენ გაგზავნა. ნადირაძე აკრობატულ ნახტომში მისწვდა ცხრიანისკენ მიმავალ ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის ბოლოს მოედანზე ცოტა საჩოთირო სიტუაცია შეიქმნა. 43-ე წუთზე ტყეშელაშვილი ბურთიანად საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქე მცველთან ჭიდილში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, ბეუქლიშვილმა სხვაგვარად განსაჯა და თამაში არ შეაჩერა, რითაც ,,საპოვნელას” გულშემატკივრები ერთობ განარისხა. ამ ეპიზოდს ადგილობრივ ქომაგებსა და სტუმართა სათადარიგო სკამზე მჯდომ ფეხბურთელთა შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა ყველაფერი მალევე ჩაწყნარდა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც პრაქტიკულად იგივე სცენარით გაგრძელდა. ორივე გუნდი იბრძოდა, მაგრამ სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. თამაშის ასეთი მიმდინარეობა ტაიმის შუაწელამდე გაგრძელდა.

68-ე წუთზე მასპინძლებს დაწინაურების 100% -იანი შანსი მიეცათ. სულაბერიძემ მეკარის და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა, ბურთს დაეუფლა და წინ გამოსულ ნადირაძეს თავზე გადაუგდო. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ სტუმრებს მშველელად კარის ძელი მოევლინათ. დამატებას ცქიფურიშვილი ცდილობდა, თუმცა ქემოკლიძემ დაასწრო და სიტუაცია განმუხტა.

ამის შემდეგ მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. შეცვლაზე შესულ ქოჩლაძის ჩაწოდებულს კაჭარავამ თავური დარტყმა მოაყოლა, თუმცა მის მცდელობას წინ გიორგაძე აღუდგა. თითქმის მაშინვე ასევე თამაშში ახლადჩართულ დარსაველიძეს ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, როცა იგი ფურთუხიას მარჯვენა ფრთიდან წამოწყებულ კომბინაციას აგვირგვინებდა, მაგრამ თავის ვიზავის არც ნადირაძე ჩამორჩა. მან სწორი პოზიცია შეარჩია და ხიფათი განმუხტა.

75-ე წუთზე შიდაქართლელებს შეეძლოთ შინ გამარჯვებით დაბრუნებულიყვნენ. კაჭარავამ ენდელაძის წამიერი მოდუნებით ისარგებლა, ძალისმიერ ბრძოლაში ბურთი წაართვა და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერი დარტყმა განახორციელა. გიორგაძემ აკრობატულ ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება.

ეს იყო და ეს. ამის მეტი აღსანიშნავი მატჩის ბოლომდე არაფერი მომხდარა. სტუმრებს მეოთხედფინალში გასასვლელად მიმდინარე ანგარიში ხელს სავსებით აძლევდათ. როგორც ჩანს იმერლებიც ბედს შეეგუვნენ და შეხვედრის დარჩენილმა დრომ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

არბიტრის საფინალო სასტვენმა ნულოვანი ფრე დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

მირიან გეწაძე (,,საპოვნელა”): ,,გუნდებს შორის დიდი ფინანსური განსხვავებაა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მათ ჩვენზე მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. ჩემმა ბიჭებმა იბრძოლეს რაც შეეძლოთ. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ჩვენ სხვა კონკრეტული მიზანი გვაქვს და მთელი ყურადღება სჯობს ჩემპიონატისკენ მივმართოდ .“

კახა კაჭარავა (,,სპარტაკი”): ,,პირველი შეხვედრიდან გამომდინარე გამარჯვება თვითმიზნად არ დაგვისახავს. მეტოქე ნორმალური გვყავდა. ისინი პირველ ლიგაში ჯგუფის ლიდერები არიან. დღევანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ. მომდევნო ეტაპზე გავედით. ,,საპოვნელას” მომავალ წარმატებებს ვუსურვებ.”

დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/8 ფინალი. განმეორებითი მატჩი.

,,საპოვნელა (თერჯოლა) - ,,სპარტაკი (ცხინვალი) 0:0 (0:0) (პირველი მატჩი 0:3)
26 ნოემბერი
. 13:30 სთ. თერჯოლა. ,,ცენტრალური” სტადიონი. 200 მაყურებელი.

,,საპოვნელა”: გიორგაძე, ჯიმშელეიშვილი, იობაშვილი, ზ. ენდელაძე, ჩხიკვაძე, ფურთუხია, ტყეშელაშვილი, ლაბაძე (დარსაველიძე 64), ბერუაშვილი (კ), ცქიფურიშვილი, სულაბერიძე;

მთავარი მწვრთნელი: მირიან გეწაძე

,,სპარტაკი”: ნადირაძე (კ), კაჭკაჭიშვილი, იოსელიანი, მახარობლიძე (ბურძენაძე 90+1), გიგაური, თექთურმანიძე (ქოჩლაძე 57),ცერცვაძე, ივანიშვილი, ქემოკლიძე, შინდაგორიძე, ნ. კაჭარავა (მაქაცარია 78);

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: მახარობლიძე (30), ჯიმშელეიშვილი (41);

გაძევება: დავით მაისაშვილი ("სპარტაკი" - მსაჯმა შესვენების დროს სათადარიგოთა სკამიდან გააძევა)

არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177031