ფეხბურთი

0:37 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძის გოლი და საგოლე პასი, გელაშვილის გაძევება

უკრაინის პრემიერლიგაში სანდრო კობახიძემ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ლუცკის "ვოლინმა" 4:0 მოუგო დონეცკის "ოლიმპიკს" და ქართველმა ფლანგელმა ნახევარმცველმა გოლი ბოლო წუთზე გაიტანა – დაახლოებით 10 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. სანდრომ შეუცვლელად ითამაშა. "ვოლინი" მერვე ადგილზეა.

უკრაინაში ტურის ცენტრალური მატჩი იყო "შახტარი"-"დნიპრო", რომელიც 0:0 დასრულდა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. "დნიპრო" მეორე ადგილზეა.

ბუბა დაუშვილის "კარპატიმ" სენსაცია მოახდინა და ლიდერ კიევის "დინამოსთან" გასვლაზე 0:0 ითამაშა. დაუშვილმა სრულად ჩაატარა მატჩი და ყვითელი ბარათიც მიიღო. "კარპატი" ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.

ალბანეთში ნიკა გელაშვილი გააძევეს. ეს მოხდა "აპოლონია"-"ფლამურტარის" შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. გელაშვილს 38-ე წუთზე უჩვენეს წითელი ბარათი.

თურქეთში შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" ორჯერ აგებდა "გენჩლერბირლიგისთან", მაგრამ 2:2 ითამაშა. შოთას გუნდი მერვე საფეხურზეა.

რუსეთში "რუბინმა" "კრასნოდართან" გასვლაზე 0:2 წააგო და მეშვიდე პოზიციაზეა. საბა კვირკველიამ კვლავ შეუცვლლად ითამაშა, ხოლო მამუკა კობახიძე სათადარიგოებში იყო. რაც შეხება ჯანო ანანიძეს, ის "სპარტაკისა" და ტულის "არსენალის" შეხვედრაში (2:0) განაცხადში ვერ მოხვდა. ანანიძე რამდენიმე დღის წინ დააბრუნეს დუბლებიდან ძირითად გუნდში.

დანიაში "ოდენსემ" სტუმრად 1:2 წააგო "სონდერისკესთან" და ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა. ოდენსელთა შორის 74 წუთი ითამაშა ლადო დვალიშვილმა.

ვერ ჰქონდა წარმატებული ტური ნიკა ძალამიძესა და მის "იაგელონიას". ქართველის გუნდმა პოლონეთის ტურში "რუხთან" სტუმრად 2:5 წააგო. ძალამიძე ძირითადში გახლდათ და 68-ე წუთზე შეცვალეს.

ნორვეგიაში ბოლო ტური გაიმართა და "სოგნდალი"-"სტაბეკის" მატჩში (0:2) 80 წუთი ითამაშა 19 წლის ქართველმა გიორგი გოროზიამ. გიორგი ამ ზაფხულს გადავიდა "სტაბეკში" და ბოლო ტურებში მწვრთნელის ნდობა მოიპოვა. "სტაბეკი" მეცხრე ადგილზ გავიდა.

ჰოლანდიაში არნემის "ვიტესმა" შინ 0:0 ითამაშა "ფეიენოორდთან" და მე-11 პოზიციაზეა. სასტარტოს დაუბრუნდა გურამ კაშია და კარგადაც ითამაშა. მან გაფრთხილებაც მიიღო. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, ის სკამზე გახლდათ და მინდოზრე არ შეუყვანიათ.

იტალიის სერია ა-ში "ემპოლიმ" 2:1 სძლია "ლაციოს", თუმცა ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე მოედანზე არ გამოჩენილან. მჭედლიძე განაცხადში გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111303