ფეხბურთი

21:16 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთი” თასის გათამაშებას გამოეთიშა

საინტერესო შეხვედრა გაიმართა დღეს ლანჩხუთში ფოთის “კოლხეთსა” და გორის “დილას” შორის. “კოლხეთს” სტადიონის პრობლემა რომ აქვს, ახალი ამბავი არ არის, ზაზა ინაშვილის შეგირდებს ჩემპიონატის და სათასო მატჩების ჩატარება ლანჩხუთში უწევთ, რაც არცერთი გუნდისთვის არ არის სასურველი.

პირველი დაპირისპირება გორში ამ გუნდებს შორის ნულოვანი ფრით 0:0 დასრულდა და “კოლხებს” რეალური შანსი ჰქონდათ განმეორებითი თამაშის წინ, მეოთხედფინალური ეტაპისთვის ებრძოლათ, თუმცა სწრაფმა გაშვებულმა გოლმა მათი დავალება უფრო რთული შესასრულებელი გახადა. Gგოლი კი თენგიზ წიქარიძემ ინდივიდუალური კარგი თამაშის ხარჯზე გაიტანა. წიქარიძე “კოლხეთის” საჯარიმოში ადვილად შეიჭრა და მიუხედავად იმისა, რომ ფოთელი მცველების გარემოცვაში იყო, მაინც შესძლო კარში ბურთის დარტყმა და რაც მთავარია ზუსტად - 0:1.

გაშვებული სწრაფი გოლის მიუხედავად, ფოთელთა გუნდი არ დაბნეულა და რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელა სტუმართა კარის მიმართულებით, მაგრამ რიგ ეპიზოდებში დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავნდენ ნომინალური მასპინძლები, ხან კი მეკარე სომხიშვილი იყო მოწოდების სიმაღლეზე. მე-17 წუთზე ჯიქია აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე და კარგადაც ურტყამდა, თუმცა მცველები გადაეღობნენ ბურთს და ხიფათი განიმუხტა.

“დილამ” ფოთელთა შეტევას სეთურიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმით უპასუხა, სეფიაშვილს პოზიცია კარგად ჰქონდა შერჩეული და მშვიდად დაეუფლა ბურთს. Mმორიგი იერიში ისევ ფოთელებმა განახორციელეს, კუთხურიდან ბურთი ლევან კაკულიამ ჩააწოდა კარგად “დილას” საჯარიმოში, რასაც თემურ ფარულავა გამოეხმაურა თავური დარტყმით, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ტაიმის მიწურულს კი “კოლხეთი” ყველაზე ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს ჯიქიამ ჟიშკარიანი მოძებნა კარგი პასით, საჯარიმოსთან მყოფ ჟიშკარიანს არცერთი მცველი არ უშლიდა ხელს საბოლოო დარტყმა გოლით დაეგვირგვინებინა, მაგრამ მის დარტყმასაც სიზუსტე დააკლდა.

აღნიშნული ანგარიში, წინა შეხვედრის გათვალისწინებით, გორელებს აძლევდა საშუალებას უფრო მშვიდად ეთამაშათ და მეორე ტაიმში მათ შეტევებს სიმწვავე დააკლდა, “კოლხეთი” კი თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ საბოლოო ფაზაში მაინც უჭირდათ ფოთელებს კომბინაციების დაგვირგვინება.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა დრო იყო გასული, როცა თემურ ფარულავას შესრულებული ჯარიმის დროს ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, რიკოშეტით კარისკენ წავიდა, მაგრამ მეკარე სომხიშვილმა ითამაშა ყურადღებით. ფოთელები მოწინააღმდეგის მიერ ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

სახიფათო იყო “დილას” კონტრიერიშები მეორე ტაიმში, ჯერ მოდებაძის, მომდევნო ეპიზოდში სეთურიძის მონაწილეობით, მაგრამ ფოთელთა მცველებმა საჯარიმოს შესვლამდე გადაუკეტეს გზა მოწინააღმდეგეს.

68-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ლემონჯავამ ფლანგზე ითამაშა კარგად, შემდეგ კი საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი, თუმცა ჟიშკარიანის თავური დარტყმა ადვილი მოსაგერიებელი გახდა მეკარე სომხიშვილისთვის.

მატჩის 84-ე წუთზე მაინც გაიტანა “კოლხეთმა”, კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თანაგუნდელებმა დათა სიჭინავა გაიყვანეს კარგ დასარტყმელ პოზიციაზე, სიჭინავას შორეული ძლიერი დარტყმა კი ზუსტი გამოდგა, მარჯვენა დაბალ კუთხეში ბურთი ჯერ ძელს შეეხო და შემდეგ კარში შეგორდა.

გატანილი გოლის შემდეგ ფოთელებს გამარჯვების კარგი შანსი გაუჩნდათ და მთელი ძალებით შეუტიეს მეტოქეს, მაგრამ “დილას” გამოცდილმა ფეხბურთელებმა კარგად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას და სასურველი შედეგიც მოიპოვეს. შესაბამისად, თასის გათამაშების მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება გორის “დილამ” მოიპოვა.

ზაზა ინაშვილი: “ძალიან ცუდად დავიწყეთ მატჩი, სწრაფი გოლი მივიღეთ. ამის შემდეგ ბიჭებმა გამოასწორეს თამაში, მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა, რაღაცეებში ვაჯობეთ გორის “დილას”, ანგარიშიც გავათანაბრეთ, მაგრამ ეს საბოლოოდ არ გვეყო იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გვეთამაშა.. წარმატებებს ვუსურვებ “დილას”.

უჩა სოსიაშვილი: “გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით, რა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა თამაშით არა, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში სულ სამჯერ დავარტყით კარში.”

“კოლხეთი” (ფოთი) - “დილა” (გორი) 1:1 (0:1) (პირველი მატჩი 0:0)

ლანჩხუთი. 26 ნოემბერი. “ე. შევარდნაძე”. 300 მაყურებელი

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, ფარულავა, თ. კაკულია (ლემონჯავა, 46), გოგონაია, ბარამიძე (სიჭინავა, 56), ჯიქია, ლ. კაკულია (ამბროლაძე, 46), ნ. სიჭინავა, ჟიშკარიანი.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

“დილა”: სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ხურცილავა, ჯაფარიძე, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, სეთურიძე, ჭეჭელაშვილი (ერისთავი, 67), ახალკაცი (სადაღაშვილი, 70), მოდებაძე (არაბული, 90+2).

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლები: 0:1 წიქარიძე (3), 1:1 დ. სიჭინავა (84)

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)

0.128074