ფეხბურთი

20:21 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიამ” რევანში აიღო

ბათუმის “დინამოსთან” სათასო დაპირისპირებაში სტუმრად 1:4 წაგებული თამაშის შემდეგ, “სამტრედიის” მომდევნო ეტაპზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში სამტრედილებმა დაამტკიცეს, რომ მათი პოტენციალი გაცილებით დიდია და გუნდს მეტი შეუძლია.

პირველი შეხვედრის ანგარიშის მიუხედავად, ადგილობრივი გულშემატკივარი გამამხნევებელი სიმღერებით და შეძახილებით შეიკრიბა ტრიბუნებზე, არც “დინამოს” გულშემატკივრები ჩამორჩნენ მოწინააღმდეგეს, მათი თქმით, საქმე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დამთავრებული და ბათუმიდან საქომაგოდ ჩამოყვნენ თავიანთ საყვარელ გუნდს.

მატჩს თან ახლდა ძლიერი ქარი, რაც ფეხბურთელებს ხელს უშლიდა თამაშის სწორად წარმართვაში. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა სპეციალური მაისურებით სოლიდარობა გამოუცხადეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს.

შეხვედრა კი საწყისი წუთებიდანვე მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და პირველი სახიფათო ეპიზოდი სწორედ სამტრედიელებმა შექმნეს, გორგიაშვილის პასით მეკარესთან პირისპირ გასულ გეწაძეს ალავიძემ არ გაატანინა, შეტევა გაგრძელდა და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმის განხორციელება ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა დოლიძემ ვერ შესძლო.

მე-14 წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა დათო კვირკველიამ, მეკარემ ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება. მოწინააღმდეგის მხრიდან კი 28-ე წუთზე ბერიაშვილის პასით ჩირიკაშვილის სახიფათო გარღვევას თუ არ ჩავთვლით, პირველ ტაიმში ბათუმელებს მასპინძელთა კიპერი მუჯრიშვილი არ შეუწუხებიათ. “დინამომ” თავიდანვე მეორე ნომრად დაიწყო თამაში და წინა შეხვედრის შედეგიდან (4:1) გამომდინარე, დაცვაში ჩაჯდომა არჩია.

სანამ ჩირიკაშვილს მიეცემოდა სიტუაციის გამწვავების შანსი, მანამდე გიორგი გაბედავას შესრულებულ ჯარიმას მოჰყვა ადგილობრივი გულშემატკივრების ოვაცია, გაბედავას დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ მეტოქე გუნდის კარის ზედა ძელი შეაზანზარა.

36-ე წუთზე ისევ გაბედავს დარტყმა და ისევ ძელმა იხსნა “დინამო”, გამოვარდნილი ბურთი კი მეკარემ მოიგერია კუთხურზე. კუთხური გაბედავამ გეწაძესთან გაითამაშა, გეწაძემ საჯარიმოში სახიფათოდ ჩაჰკიდა, წესით ბრაზილელ ლეონარდო რამოსს არ უნდა გასჭირვებოდა ახლო მანძლიდან კარში ბურთის გადაგზავნა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მარტო პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ იხსნა ძელმა “დინამო”, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი გეწაძის მოჭრილ დარტყმას მოჰყვა, თუმცა ამჯერადაც არ გავიდა გოლი, ტაიმის მიწურულს კი ერთგვარი არეულობა შეიქმნა ალავიძის კართან, ჯერ გორგიაშვილის დარტყმას გაუმკლავდა სტუმართა კიპერი, დამატებაზე ბრაზილიელსაც აჯობა, მესამე ცდაზე კი ლეონარდოს დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მშრალად შენახული ტაიმის შემდეგ “დინამო” მეორე ტაიმში უფრო ღრმად ჩაჯდა დაცვაში და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაწყვიტა თამაში, “სამტრედია” კი ზეწოლას განაგრძობდა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე დოლიძის კარგი პასის შემდეგ რამოსმა მკერდით დაუგდო გაბედავას, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

51-ე წუთზე მაინც გაიტანა ‘სამტრედიამ”, ერთ-ერთი შეტევის დროს გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებთან მყოფი ბეჭვაია მოძებნა, ბეჭვაიას შორეული ძლიერი დარტყმა ძელს კი მოხვდა, მაგრამ გამოვარდნილი ბურთი მეკარე ალავიძეს შეეხო და კარში შეგორდა.

გატანილმა გოლმა უფრო მეტი ჟინი და მოტივაცია მისცა “სამტრედიას”, მასპინძლებმა გაორმაგებული ენერგიით შეუტიეს და გოლის გატანიდან 4 წუთში თერთმეტმეტრიანი დარტყმაც გამოიმუშავეს, 54-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში “დინამოელებმა” დათუნაიშვილი მოცელეს. თერთმეტრიანის მოგერიება კი შესძლო ალავიძემ ნახტომში, მაგრამ ჩინებულად ითამაშა დამატებაზე გუნდის ლიდერმა დათო კვირკველიამ, მან მეკარე მოატყუა და მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგორა ბურთი.

ორი ბურთით დაწინაურების შემდეგ “სამტრედიას” ერთი გოლი ჰქონდა გასატანი, პროგრამა მაქსიმუმის შესრულებისთვის დარჩენილ დროში გუნდმა მთელი ძალებით შეუტია, 66-ე წუთზე გაბედავას ჩინებული პასი რომ გამოეყენებინა ბრაზილიელ ლეგიონერს საქმე მომთავრებული იქნებოდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა რამოსმა, ალავიძეს ვერ აჯობა.

79-ე წუთზე მაინც შედგა ზეიმი ე. მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, საჯარიმოს მისადგომებიდან დათუნაიშვილმა ძლიერად გაისროლა და რაც მთავარია ზუსტად - 3:0. ამ გოლით “სამტრედიამ” ურთულესი ამოცანა შეასრულა და სტუმრად 1:4 წაგებული თამაშის შემდეგ მაინც მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა.

ზაზა ზამთარაძე: “სათასო დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება და პირველი შეხვედრის ანგარიშის მიუხედავად ვამბობდი, რომ აუცილებლად ვიბრძოლებდით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. Dდიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, მათ მოახერხეს კონცენტრირება, ძალების გამონახვა და შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით. დღევანდელი გამარჯვება დაიმსახურა ხელმძღვანელობამ, მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა, გულშემატკივარმა და ყველას დიდ მადლობას ვუხდი.”

ლევან ხომერიკი: “პირველი შეხვედრის შემდეგ ბიჭებმა საქმე შესრულებულად მიიჩნიეს, რამაც ეს შედეგი მოიტანა. სიმართლე გითხრათ, “სამტრედია” ჩემთვის უცნობი გუნდი არ იყო, მაგრამ ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდი, დამსახურებულად მოგვიგეს და წარმატებებს ვუსურვებ. “

“სამტრედია" - “დინამო” (ბათუმი) 3:0 (0:0)

სამტრედია. 25 ნოემბერი. “ე. მანჯგალაძე”. 2000 მაყურებელი.

“სამტრედია”: მუჯრიშვილი, კაკუბავა, პაჭკორია, კვირკველია, ბეჭვაია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, დოლიძე (ქანთარია, 76), გეწაძე, გაბედავა (შ. კერძევაძე, 90+1) ლეონარდო (ი.კერძევაძე, 83).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

”დინამო”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, გელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, ჩირიკაშვილი (ქორიძე, 72), გოგიტიძე, (თევდორაძე, 82) მუჯირი, შონია, ჭკუასელი (მაკარიანი, 61), ბერიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გოლები: ბეჭვაია (51), კვირკველია (55), დათუნაიშვილი (79)

მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.218142