საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ცნობილი ქართველი ჟურნალისტის დემიკო ლოლაძის წიგნის “ქართული ფეხბურთის დიდგორი” პრეზენტაცია გაიმართა. ეს წიგნი 1964 წელს თბილისის “დინამოს” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველი გამარჯვების 50 წლისთავს მიეძღვნა.
დემიკო ლოლაძე: “ამ წიგნში 1964 წლის გამარჯვებაა გაცოცხლებული. მასში ტაშკენტის მატჩის ჩათვლით იმ სეზონის ყველა თამაშის მიმოხილვაა, თავისი პროგრამებითა და ფოტომასალით. წიგნი მხატვარმა მურად მურვანიძემ გააფორმა ხოლო შესავალი მწერალმა ზაალ ბოტკოველმა დაწერა. ნამდვილად არ მეგონა თუ იმ გამარჯვებიდან კიდევ 50 წელი ვიცოცხლებდი და ამ წიგნის გამოცემას მოვესწრებოდი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას კეთილი განწყობა რომ არა, ეს წიგნი არ გამოვიდოდა. განვლილი ერთი წლისა და ათი თვის განმავლობაში ფედერაციის დახმარებით 7 წიგნი გამოვეცით.”
ზვიად სიჭინავა:” ეს პირველი წიგნი არაა, რომელიც ფედერაციის დახმარებით გამოიცა. ამ სერიის გაგრძელებას ვაპირებთ. იმედია, სანამ მე პრეზიდენტი ვიქნები, კიდევ არაერთი წიგნი გამოვა. ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც მომავალს უნდა დარჩეს.”
პრეზენტაციას 1964 წელს ჩემპინატის მომგები ფეხბურთელები დაესწრნენ, სიტყვით გამოვიდნენ ილია დათუნაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, ფეხბურთელ ალექსანდრ აფშევის მეუღლე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე, მწერალი გულბათ თორაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.







