ფეხბურთი

22:54 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეები ფრემ დააკმაყოფილა

დავით ყიფიანის სახელობის თასის ბოლო მერვედფინალური შეხვედრა ქობულეთში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,შუქურამ” ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს თბილისის ,,დინამოს” უმასპინძლა. სიმბოლურია, რომ ახალგაზრდა დინამოელებს თამაში 18 ნოემბერს მოუწიათ, ზუსტად იმ დღეს, როცა ქართველმა ფეხბურთელებმა 50 წლის წინ პირველი დიდი გამარჯვება გამოსჭედეს და ტაშკენტში დამატებით მატჩში მოსკოვის ,,ტორპედოს” ძლევით (4:1) საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვეს.

შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო. მატჩის დებიუტში ბურთი უმეტესწილად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და ღირებული არაფერი შექმნილა. სტუმართა პირველივე სახიფათო შეტევა შედეგიანი გამოდგა. მე-9 წუთზე ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ ჩირგაძე საგოლე პოზიციაში აღმოჩნდა და ზუსტი დარტყმით აჭარელთა კარის ბადე შეარხია - 0:1.

ხუთ წუთში თბილისელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. ცინცაძის უზუსტესი პასით პაპუნაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა. დედაქალაქელ ფეხბურთელს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან დარტყმა ცუდად შეასრულა და კაკალაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა. დამატებას ჩირგაძე ცდილობდა, თუმცა იგი რატომღაც შეყოვნდა და მცველებმა სიტუაცია განმუხტეს.

ამის შემდეგ მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ და საკმაოდ სახიფათოდაც შეუტიეს. მე-17 წუთზე კუხიანიძის წამოწყებული კომბინაციის შემდეგ, შეტევაში ჩართული ტვილდიანი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა. მიგინეიშვილი ნახტომით მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. ზღვისპირელთა მიძალებამ შედეგი ორ წუთში გამოიღო. ჩელებაძის მახვილგონივრული, დიაგონალური გადაცემის შემდეგ მეტრეველი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მარცხენა ფეხით შორეული კუთხისკენ ზუსტი დარტყმა განახორციელა. ბურთმა კარის ძელი მოიკითხა და ბადეში მოთავსდა - 1:1.

აჭარლებმა გატანილი გოლის შემდეგ გაილაღეს და იერიშებს მოუხშირეს. ჩელებაძის კარგი პასით ტვილდიანი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და პირით ხაზთან მისულმა გამჭოლი გადაცემა განახორციელა. გველესიანი ახლო ძელთან ჩაუწვა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. კუთხურის გათამაშებას თბილისელთა კართან არეულობა მოჰყვა, რომელიც საჯარიმოს წინა ხაზიდან ბერუაშვილის შეუჩერებელი დარტყმით დასრულდა. მიგინეიშვილს სწორი პოზიცია ეჭირა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

მასპინძელთა უპირატესობა ერთი შეხედვით მოულოდნელი ჩანდა, მაგრამ ისინი უფრო და უფრო ავიწროვებდნენ მეტოქეს და საპასუხო იერიშების განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ. ნახევარი საათის მიწურულს ტუღუშს თავისიანების დაწინაურება შეეძლო. კუხიანიძის გადაცემის შემდეგ იგი საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტი დარტყმით ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა. მიგინეიშვილი ამჯერადაც უნაკლოდ გაისარჯა და ხიფათი განმუხტა.

ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა. 36-ე წუთზე დედაქალაქელებს საგოლე შანსიც მიეცათ. საჯაიას მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულზე კაკალაძემ ბურთის ხელებში შემაგრება ვერ მოახერხა და კარის წინ ეულად მყოფ პაპუნაშვილს გატანა მართებდა. საბოლოოდ ისევ მასპინძელთა კიპერმა იმარჯვა და ფეხებში ვარდნით თავისივე შეცდომა გამოასწორა.

ტაიმის ბოლო წუთები ისევ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მეტრეველის გადაცემის შემდეგ ჩელებაძე მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოს შუაგულისკენ გაიჭრა და ძლიერად გაისროლა. მიგინეიშვილი ბურთს ადგილზე დაუხვდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში აჭარლებმა ბოლო შეტევის განხორციელებაც მოასწრეს. კუხიანიძის პასით ჩალაძე ურტყამდა ერთი შეხებით, თუმცა გამოცდილ მიგინეიშვილს ვერც მან აჯობა.

ცუდი საყურებელი არც მეორე ტაიმი გამოდგა. 51-ე წუთზე საბანაძემ მაღალი გადაცემით საჯარიმოში ჩირგაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი პაპავას დაუგდო. თბილისელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელების წამოწყებული კომბინაცია შეუჩერებელი დარტყმით დაასრულა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ხუთ წუთში აჭარლებს ანგარიშში დაწინაურების 100%-იანი შანსი ჰქონდათ. დიდებულად გაისარჯა ჩელებაძე. იგი ორ მცველს დაუსხლტდა, საჯარიმოში შეიჭრა და შორეული კუთხისკენ გამიზნული დარტყმა განახორციელა. მიგინეიშვილი უმოქმედოდ იყო, მაგრამ ბურთმა კარის მარჯვენა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

ტაიმის შუაწელს თავის გამოჩენა შეცვლაზე შესულ კოპალიანს შეეძლო. ჩელებაძის დროული გადაცემით იგი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან კარის დალაშქვრა სცადა. დინამოელები ომარ მიგინეიშვილის თავგანწირულმა ნახტომა იხსნა.

დარჩენილ დროში მოვლენების ეპიცენტრში ისევ შეცვლაზე შესული ფეხბურთელები აღმოჩნდნენ. კოპალიანის პასის შემდეგ ტაკიძე ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან, თუმცა მას მცველები გადაეღობნენ, გამოვარდნილ ბურთს საჯარიმოს წინა ხაზთან კუხიანიძე დაეუფლა და ძლიერად გაისროლა, მაგრამ მისი მცდელობაც უშედეგო გამოდგა.

ამის შემდეგ მატჩის ბოლომდე აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. ორივე გუნდი თითქოს შეეგუა საყაიმო ანგარიშს და საპასუხო შეხვედრის წინ სიტუაციის გამწვავებას მოერიდა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

კახა გოგიჩაიშვილი (,,დინამო”): ,,რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა. ზოგი ტრამვის გამო, ზოგიც შეგნებულად დავასვენეთ. საპასუხო შეხვედრა თბილისში გვაქვს, ამიტომ შედეგიანი ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგია.”

კონსტანტინ ფროლოვი (,,შუქურა”): ,, გუნდის შენების პროცესში ვართ. ვერ ვიტყვი, რომ თასის მომდევნო ეტაპზე გასვლა არ გვინდა, მაგრამ ორ ფრონტზე ბრძოლა ნამდვილად გაგვიჭირდება. ჩვენ ლოკალური ამოცანის წინაშე ვდგავართ. ვცდილობთ ყოველი მომდევნო შეხვედრა წინაზე უკეთესი იყოს და მაყურებელს სიამოვნება მივანიჭოთ.”

რევაზ ჩელებაძე (,,შუქურას” პრეზიდენტი) – ,,18 ნოემბერი ქართული ფეხბურთისთვის ღირშესანიშნავი თარიღია. 50 წლის წინ საქართველომ პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავ ყველას და პირველ ყოვლისა ჩემს უფროს მეგობრებს, რომლებიც დღესაც ცოცხლები არიან: სიომა ბარქაიას, ილია დათუნაშვილს, ჟორა სიჭინავას და მურთაზ ხურცილავას. იმედი მაქვს არანაკლები წარმატება ქართულ ფეხბურთს წინ ელოდება. დღევანდელი შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი ვართ, რადგან არც ერთი არ დავმარცხებულვართ”.

,,შუქურა” (ქობულეთი) - ,,დინამო” (თბილისი) 1:1 (1:1)
დავით ყიფიანის სახელობის თასი 1/8 ფინალი. პირველი შეხვედრა.

18 ნოემბერი. 14.00. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 2000 მაყურებელი.

,,შუქურა”: თ. კაკალაძე, ტვილდიანი, ბერუაშვილი, ხოჭოლავა, გ. გურული, ჩალაძე, ლობე (კომახიძე 65), კუხიანიძე, ტუღუში, ჩელებაძე (კ) (ტაკიძე 73), მეტრეველი (კოპალიანი 59);

მთ. მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე

,,დინამო”: მიგინეიშვილი (კ), ნ. ჭანტურია, მჭედლიშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი (პარუნაშვილი 68), საბანაძე, პაპავა, საჯაია (შერგელაშვილი 65), ლობჟანიძე (დ. ჯიქია 82), ჩირგაძე, გველესიანი;

მთ. მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გოლები: 0:1 ჩირგაძე (9), 1:1 მეტრეველი (19);

აფრთხილება: მჭედლიშვილი (65), პარუნაშვილი (90+2);

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

0.134081