ფეხბურთი

20:36 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი ზესტაფონში გაირკვევა        

დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური წყვილებიდან ყველაზე გამოსარჩევი ზემოიმერული დერბი გახლდათ. საჩხერის “ჩიხურას” და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი დაპირისპირება ივანწმინდაში შედგა. მოგეხსენებათ, საჩხერლები ბოლო წლებია განსაკუთრებული შემართებით და წარმატებით გამოდიან სათასო ასპარეზობებზე, რასაც თავის დროზე არც ზესტაფონელები უჩიოდნენ. ორივე გუნდი, წლევანდელ ეროვნულში არასტაბილურობით გამოირჩეოდა. “ჩიხურას” ფეხბურთელების ჯანმრთელობის კუთხით უიღბლო პერიოდი აქვს. მატჩი არ ყოფილა, გუნდს ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშოს. რაც შეეხება “ზესტაფონს”, გუნდმა ზედიზედ რამდენიმე ტურის განმავლობაში გამარჯვება ვერ მოახერხა. თანაც, ყველა ამ პაექრობის პირველი ტაიმი მის სასარგებლოდ იყო დასრულებული.

ორივე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა. თუ პირველ ნახევარში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მეორე ტაიმში სათამაშო ინიციატივას უკვე სტუმრები დაეუფლნენ. თუმცა, წინასწარ ვიტყვით, რომ დაფიქსირებული საბოლოო ანგარიში სრულად ასახავს იმ რეალობას, რაც ივანწმინდაში “ცენტრალურზე” 90 წუთის განმავლობაში ხდებოდა - უპრიანი იქნებოდა, “ბურთიანი” ფრე ყოფილიყო.

მიუხედავად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნისა, საჩხერლებმა პირველი ტაიმი მეტოქეზე უკეთ ჩაატარეს. უკვე დებიუტშივე ღონღაძის ძლიერი დარტყმული პავლოვიჩმა გაჭირვებით მოიგერია. ამ მომენტში სერბმა კიპერმა მართლაც დიდებულად ითამაშა, თორემ თემურ ღონღაძე ყოფილი გუნდის კარში პირველ გოლს გაიტანდა. ამის შემდეგაც სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ ეს საგოლე მომენტებში დიდად არ ასახულა. მე-19 წუთზე ზესტაფონელთა დამრიგებელი გია გეგუჩაძე იძულებული შეიქმნა შეცვლა გაეკეთებინა. “ფეროელების” ნახევარმცველმა გიორგი ჭანკოტაძემ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მის ნაცვლად მინდორზე ლაშა გვალია გამოვიდა.

32-ე წუთზე შეიქმნა მეორე სახიფათო მომენტი სტუმართა კართან და გატანასთან ახლოს ისევ ღონღაძე იყო. თემურს გადაცემა შეტევის მარცხენა ფლანგიდან კორიფაძემ გაუკეთა. დარტყმა ჯერ სიხარულიას შეეძლო, მაგრამ მან ბურთი ოსტატურად გაატარა და შანსი ღონღაძეს მიეცა, თუმცა მარჯვენა მცველის დარტყმული მცირედით ასცდა “ზესტაფონის” კარს. ცოტა ხანში ღონღაძე ასისტენტის როლში აღმოჩნდა, როდესაც მან დასარტყმელ პოზიციაზე ქიმაძე გაიყვანა, მაგრამ საჩხერელთა მარცხენაფლანგელის საგოლე მცდელობა არაზუსტი გამოდგა. შესვენებამდე ერთადერთი დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით ზესტაფონელებმა მე-40 წუთზე განახორციელეს. დვალმა საჯარიმო შეასრულა, თუმცა მისი მცდელობა არაზუსტი გამოდგა. ტაიმის მიწურულს ზესტაფონელთა კარის აღება დეკანოიძემ სცადა, მაგრამ პავლოვიჩი იოლად დაეუფლა მისი კარისკენ მიმქროლავ ბურთს.

თამაშის განახლების შემდეგ უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა. მეტოქესთან შედარებით ისინი უფრო აქტიურები და მოტივირებულნი ჩანდნენ. 48-ე წუთზე სარდალიშვილმა მოსინჯა ქვილითაიას საიმედოობა და “ჩიხურას” კიპერმა ამ გამოცდას ღირსეულად გაართვა თავი. 55-ე წუთზე საჩხერლებმა ერთადერთი, თუმცა ძალიან კარგი მომენტი შექმნეს მოწინააღმდეგის კართან. კორიფაძის ჩაწოდებულ კუთხურზე ლაშა ჭელიძეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა ანგარიში გაეხსნა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა. არადა, დარტყმის მომენტში “ჩიხურას” მცველს ხელს არავინ უშლიდა.

65-ე წუთზე ძალიან კარგი მომენტი ამჯერად სტუმრებმა ვერ გამოიყენეს. შეტევის მარცხენა ფლანგიდან გაგოშიძის ჩაწოდებულზე ქვილითაია შეცდა და ბურთი იქვე მდგომ ჯაბა დვალს მიუვიდა, რომელმაც ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა. საქართველოს ჩემპიონატის უპირველესი მეგოლისაგან ასეთი მომენტის გამოუყენებლობას არავინ ელოდა. საკმაოდ კარგად ჩაერთო თამაშში ავთო ენდელაძე, რომელმაც მეტი აქტიურობა შეჰმატა საკუთარ გუნდს. თავდაპირველად ავთომ ასისტენტობა სარდალიშვილს გაუწია, რომლის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. შემდეგ კი ახალგაზრდა ნახევარმცველი დაძაბულობაში ამყოფებდა მეურვეებს. ბოლო სახიფათო მომენტი ისევ ზესტაფონელებმა შექმნეს. ამჯერადაც ყურადღების ცენტრში შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იყო. გიორგი ილურიძემ, მეურვე იოლად და მოხდენილად ჩამოიშორა, მაგრამ დარტყმა ზუსტი არ გამოუვიდა და ხიფათიც განიმუხტა.

მთლიანობაში მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. განმეორებითთ მატჩში კი უფრო დაძაბულ ორთაბრძოლას უნდა ველოდეთ - ორივე გუნდს ფინალში გასასვლელად ნორმალური და თანაბარი შანსი აქვს.

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”): “ჩვენი გუნდების დაპირისპირება ყოველთვის დაძაბული გამოდის და ასე იყო დღესაც. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ვერცერთმა ვერ გამოვიყენეთ მომენტები. ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია”.

სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”): “თამაშს პრობლემებით შევხვდით. ტრავმების გამო თავდასხმაში სერიოზული პრობლემები გვქონდა. თამაშის გამწვავება ფორვარდების არყოფნაში გვიჭირდა. მიუხედვად ამისა, შანსები რომ გამოგვეყენებინა მოგებაც შეიძლებოდა. გადაწყვეტილი არაფერია, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ”.

“ჩიხურა” – “ზესტაფონი” 0:0

17 ნოემბერი. დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/8 ფინალი. პირველი შეხვედრა. ივანწმინდა. “ცენტრალური”. 300 მაყურებელი

“ჩიხურა”: ქვილითაია, თემურ ღონღაძე, კაშია, ლაშა ჭელიძე, ქიმაძე, ოდიკაძე, დობროვოლსკი, კორიფაძე, სიხარულია (ბაჯელიძე, 86), დეკანოიძე, ჩიკვაიძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, თედორე გრიგალაშვილი, ხიდეშელი, რენე ფერეირა, გაგოშიძე, შარიქაძე (ილურიძე, 46), ჭანკოტაძე (გვალია, 19), სარდალიშვილი, ფანცულაია (ენდელაძე, 69), დვალი, ჭანტურიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)

გიორგი წურწუმია ივანწმინდიდან

0.1122