ფეხბურთი

18:31 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იმერული დერბი ივანწმინდაში

საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების შვიდი მერვედფინალური მატჩი ხვალ გაიმართება, ხოლო ზეგ მხოლოდ “შუქურასა” და “დინამო” თბილისის თამაშია.

თბილისში, მესხის სათადარიგო მოედანზე ცხინვალის “სპარტაკი” “საპოვნელას” უმასპინძლებს, ხოლო ივანწმინდაში “ჩიხურა” “ზესტაფონს” მიიღებს. ცენტრალურ შეხვედრად იმერული დერბი უნდა მივიჩნიოთ. ამ და სხვა მატჩებს ქვემოთ წარმოგიდგენთ.

დავით ყიფიანის თასი. მერვედფინალი, პირველი მატჩები

ბათუმის დინამო – სამტრედია

17 ნოემბერი, 14:00 საათი

ქობულეთი, “ჩელე არენა”

მერვედფინალამდე ბათუმის “დინამომ” ყიფიანის თასიდან “ჭიათურა” გამოთიშა. საშინაო მატჩში 5:0 დაამარცხა, ხოლო გასვლაზე ჭიათურელებმა 2:0 მოიგეს. ბათუმელთაგან გოლები ბერიაშვილმა, მუჯირმა და დიასამიძემ გაიტანეს, შონიამ კი დუბლი შეასრულა.

“სამტრედიამ” ორი მატჩის ჯამში 7:1 მოუგო “ბეთლემს.”სამი გოლი ქანთარიამ შეაგდო, ორი კერძევაძემ. ქედელებს გაბედავამ და დოლიძემაც გაუტანეს. იმერულ კლუბში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, გელა სანაია ზაზა ზამთარაძემ ჩაანაცვლა.

ვიტ-ჯორჯია - სიონი

17 ნოემბერი, 14:00 საათი

მცხეთა, “მცხეთა პარკი”

ზურაბ ბერიძის გუნდმა “გაგრა” დაამარცხა. მცხეთელები ჩემპიონატში მე-14 ადგილზე არიან, მათ ერთი ქულით და შესაბამისად ერთი ადგილით უსწრებს ლადო ბურდულის გუნდი.

“სიონმა” ევროტურნირებზე ითამაშა და თასის გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება. კვარაცხელიას გოლით ბოლსნისელებმა ბოლო მატჩში “ტორპედო” დაამარცხეს და ვითარება ოდნავ გამოასწორეს.

დილა – ფოთის კოლხეთი

17 ნოემბერი, 14:00 საათი

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”

უჩა სოსიაშვილის სადებიუტო სეზონის უმაღლეს ლიგაში წარმატებით დაიწყო. “დილას” მხოლოდ ჩემპიონი “დინამო” უსწრებს, ხოლო “კოლხეთი” გასავარდნ ზონაშია.

ამ ეტაპამდე “დილამ” თასიდან ვასილ მაისურაძის “ლოკომოტივი” გამოთიშა, ხოლო ფოთელებმა “სქურს” აჯობეს.

ცხინვალის სპარტაკი – საპოვნელა

17 ნოემბერი, 14:00 საათი

თბილისი, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი

კახა კაჭარავას გუნდი წარმატებულ სეზონს ატარებს, მეოთხე ადგილზე იმყოფება და ევროზონაში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.

რაც შეეხება ცხინვალელეთა მეტოქეს, “საპოვნელა” პირველი ლიგის ბ ჯგუფს ლიდერობს. ადვილად შესაძლებელია შემდეგი სეზონი გუნდებმა ერთ ლიგაში გაატარონ.

მარტვილის მერანი – ქუთაისის ტორპედო

17 ნოემბერი, 14:00 საათი

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

მეგრულმა კლუბმა თასის გათამაშების მიღმა ოზურგეთის “მერცხალი” დატოვა. უკრაინელი ვლადიმერ ლობასის გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფება, ხოლო რეზო ძოძუაშვილის “ტორპედო” მეათე ადგილზეა.

ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრაში ჩიმაკაძის დუბლითა და ფონიავას გოლით “მერანი” 3:0 ამარცხებდა ქუთაისელებს. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე პრესტიჟის გოლი ოთარ კვერნაძემ გაიტანა.

ზუგდიდი – რუსთავის მეტალურგი

17 ნოემბერი, 14:00 საათი

ანაკლია, “ცენტრალური სტადიონი”

ეროვნული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი “ზუგდიდი” ანაკლიაში ვარლამ კილასონიას გუნდს უმასპინძლებს. ფინანსური პრობლემების მიუხედავად რუსთაველები მე-9 ადგილს იკავებენ და გავარდნის საფრთხის წინაშე არ დგანან.

მეგრელებმა თასის გათამაშებიდან “მაჭახელა” გამოთიშეს, ხოლო “მეტალურგმა” პირველლიგელი “სასკო” დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში გუნდები უკვე შეხვედნენ ერთმანეთს. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

ჩიხურა – ზესტაფონი

17 ნოემბერი, 14:00 საათი

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

კლუბებმა ევროტურნირებზე ითამაშეს და თასის საწყისი ეტაპი გამოტოვეს. ჩემპიონატის ცხრილში “ჩიხურა” მეექვსე, ხოლო “ზესტაფონი” მეშვიდე ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში გუნდებმა ერთხელ უკვე ითამაშეს. ჭანკოტაძის გოლით ზესტაფონელები ივანწმინდაში იგებდნენ, თუმცა ჯიღაურმა გაათანაბრა, ხოლო თორნიკე მუმლაძემ გამარჯვების გოლი შეაგდო.

შუქურა – დინამო თბილისი

18 ნოემბერი, 14:00 საათი

ქობულეთი, “ჩელე არენა”

საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი “ჩელე არენაზე” იწყებს ყიფიანის თასის სეზონს. გოგიჩაიშვილის გუნდი ჩემპიონატს ლიდერობს, აჭარელები კი მე-12 ადგილზე არიან.

“შუქურამ” თასის საწყის ეტაპზე წყალტუბოს “სამგურალი” დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონატზე “დინამომ” მეტოქეს 6:0 მოუგო.

საპასუხო მატჩები 25-26 ნოემბერს გაიმართება

0.117543