ფეხბურთი

18:55 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელიტრაუნდის საგზური ურთულეს ბრძოლაში

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 19-წლამდელების აღებული ტემპი არ შეანელა და მომავალ წელს ელიტრაუნდში ითამაშებს. ორივე ასაკობრივმა ნაკრებმა მომდევნო ეტაპის საგზური თბილისში მოიპოვა. 17-წლამდელების სათამაშო კლასი სახარბიელო ნამდვილად არ იყო, მაგრამ კარგია, რომ გუნდმა ხასიათი გამოავლინა და მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა.

ესტონეთმა პირველი თამაში პოლონეთთან 0:4 წააგო და ყველა ელოდა, რომ ტურნირის მასპინძლებიც ადვილად გაიმარჯვებდნენ. ამის საპირისპიროდ გოჩა ტყებუჩავას შეგირდებს რთული ბრძოლა მოუწიათ და დაპირისპირების ბედი ძირითადი დროის დასრულებამდე წუთით ადრე გადაწყვიტეს.

ქართველებმა პირველად ტაიმის შუაწელში შეუტიეს, როდესაც ირაკლი ბუღრიძე ერთ მეტოქეს გასცდა და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან მის მიერ დარტყმული ბურთი კარლ-რომერ ნომმა ხელებში დააფიქსირა. რამდენიმე წუთში მაგნარ ვაინაუმემ საშუალო მანძილიდან დაარტყა და გიორგი ჩოჩიშვილს პრობლემა არ შექმნია. მალევე, მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში დავით კობოურის გადაცემის მერე, ვატო არველაძემ თავით ანგარიშის გახსნის კარგი შანსი გაუშვა - ესტონელთა მეკარემ ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დააფიქსირა. ამას გიორგი არაბიძის გარღვევა და დაარტყმა მოჰყვა, მაგრამ კვლავ ნომმა იყოჩაღა.

32-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ვადიმ მიხაილოვმა ქართველების საჯარიმოში მატიას კაიტი მოძებნა, რომელმაც ბურთი უპრობლემოდ მიიღო, შემოტრიალდა და ხელი არავის შეუშლია ზუსტად ისე დაარტყა - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები აირია და კაიტს დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში თავისუფლად შევიდა და დაარტყა, თუმცა ჩოჩიშვილმა საიმედოდ ითამაშა. ესტონელი ფორვარდი, რომელიც ინგლისურ “ფულემში” ირიცხება, ამჯერად ტურნირის მასპინძლების საჯარიმო მარცხნიდან შეიჭრა, გზად ორ მცველს გასცდა და სახიფათოდ ჩააწოდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

ტაიმის მიწურულს ბუღრიძემ მარჯვენა ფლანგზე ერთი მეტოქე “მოატყუა”, მაგრამ ესტონელთა საჯარიმოში წინა გაექცა ბურთი, რომელიც კარიდან გამოსულმა ნომმა კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმი მცირე ხნის დაწყებული იყო, რომ არაბიძემ საჯარიმო დაარტყა და ბალტიისპირელთა მეკარეს ბურთის აღება არ გასჭირვებია. ამ ეპიზოდიდან 10 წუთში, ლაშა ლეჟავა ინდივიდუალური ქმედების ხარჯზე 2 მეტოქეს გაექცა და ბურთი არაბიძეს გადააწოდა, რომელმაც ოსტატური დარტყმით ნომს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა.

72-ე წუთზე, კაიტმა ჯარიმიდან უძლიერესად დაარტყა და ჩოჩიშვილმა მეტად რთული ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე ერიკ სორგს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. ძირითადი დროის დამთავრებამდე წუთით ადრე, ქართველების კონტრშეტევის დროს, არაბიძემ მარჯვენა ფლანგზე თორნიკე მუზაშვილი მოძებნა, რომელმაც ესტონელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ნიკა ნინუამ ნახტომში ფეხით მეტად ეფექტური გოლი გაიტანა. ამ შეტევის დაწყების დროს აკაკი ყურაშვილი დაშავდა და ფეხზე ვერ დგებოდა. თუმცა, ანგარიშის გაზრდამ ისე გაახარა, რომ თანაგუნდელებისკენ მისალოცად კოჭლობით გაიქცა, ხოლო ემოციების გამოხატვის მერე, კვლავ შეუძლოდ გახდა და საბოლოოდ გასახდელში საკაცით გაიყვანეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ტყებუჩავა არბიტრის ქმედებამ ძალიან გააღიზიანა და ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა, რის გამო, გააძევეს.

გოჩა ტყებუჩავა: “ლიხტენშტეინთან თამაშის მსგავსად შევეცადეთ ძალიან ფრთხილად გვეთამაშა და გოლი არ გაგვეშვა, რაც უკანა ხაზმა ვერ შეასრულა. ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა, რადგან პოლონეთი-ესტონეთის თამაშის ვიდეოფირს ორი დღე “ვატრიალებდი”. ესტონეთი მებრძოლი, ჯანიანი ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლებიც ბევრს დარბიან. გოლი რომ გავუშვით, რაღაცები შევცვალეთ. ურთულესი თამაში მოვიგეთ. მადლობა ბიჭებს და ჩემს სტაფს. მთავარია, რომ 0:1-ს როდესაც ვაგებდით, თამაშში გარდატეხა შევიტანეთ და 2:1 გავიმარჯვეთ. ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს. პოლონეთი ამ ტურნირზე ყველაზე კარგი გუნდია. ჩვენ ისევ ფრთხილ თამაშს ვითამაშებთ. პირველ ადგილს თუ ავიღებთ კარგი იქნება”.

საქართველო – ესტონეთი 2:1 (0:1)

28 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

საქართველო: ჩოჩიშვილი, ჭურაძე, ყურშავიშვილი (კ), ლოჩოშვილი, კობოური, ყურაშვილი (საღრიშვილი, 80), ნინუა, არველაძე (კოხრეიძე, 49), ბუღრიძე (მუზაშვილი, 74), არაბიძე, ლეჟავა.

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა.

ესტონეთი: ნომი, ნილოპი, კანელი, ვილოტა, კანტერი (იარველაიდი, 63), მუტსო (კ), მიხაილოვი (პადარი, 58), კაიტი, ვაინუმაე, ლიპი, ლეპიკი (სორგა, 41).

მთავარი მწვრთნელი: ლარს ჰოპი.

გოლები: 0:1 კაიტი (31), 1:1 არაბიძე (53), 2:1 ნინუა (79).

გაფრთხილებები: მუტსო (44), ნილოპი (51), პადარი (66), ლოჩოშვილი (67), იარველაიდი (75), კოხრეიძე (80+3), კოხრეიძე (80+5).

გაძევება: კოხრეიძე (80+5), ტყებუჩავა (80+5)

მთავარი მსაჯი: მიხალი ფაბიანი (უნგრეთი)

1.

პოლონეთი

2

2

0

0

8:0

6

2.

საქართველო

2

2

0

0

5:1

6

3.

ესტონეთი

2

0

0

2

1:6

0

4.

ლიხტენშტეინი

2

0

0

2

0:7

0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.571165