ფეხბურთი

17:56 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა კარგად დაიწყეს
გოჩა ტყებუჩავა: “ყველა თამაშს მოგება უნდა!”

საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. გოჩა ტყებუჩავას გუნდმა პირველ მატჩში ლიხტენშტეინის ნაკრები 3:0 დაამარცხა. პატარა "ჯვაროსნები" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და შეხვედრის მოგება უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ.

მატჩი ქართველთა უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე წუთში სახიფათო მომენტი ირაკლი ბუღრიძეს ჰქონდა, თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა მის მიერ დარტყმული მეტოქის კარს აცდა. მალევე გიორგი არაბიძემ წამოიწყო ცენტრიდან შეტევა, რამდენიმე ფეხბურთელს გაცდა და ერთი პასით ლაშა ლეჟავა მეკარესთან პირისპირ დატოვა, "ლოკომოტივის" ნახევარმცველს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში ფოსერის კარს მცირედით ააცილა.

27-ე წუთზე ლიხტენშტეინის კაპიტანმა ელიას ქუადერერმა საჯარიმოში შესული გიორგი არაბიძე წააქცია, თერთმეტმეტრიანი კი თავად "ლოკომოტივის" თავდამსხმელმა ზუსტად შეასრულა - 1:0.

ერთ წუთში კვლავ არაბიძემ საჯარიმოსთან ახლოს, ცენტრიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა ააცილა.

35-ე წუთზე ლეჟავამ მეტოქის ნახევარზე სოლორეიდი მოაწყო, მარცხენა ფლანგისკენ გადაიწია, საჯარიმოში შეიჭრა და ფოსერს კარის ახლო, ზედა კუთხეში დაურტყა, გოლკიპერმა კი ვარდნაში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

უნდა აღინიშნოს არაბიძის თამაში, რომელმაც პირველ ტაიმში ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული გახლდათ. "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ბევრს აქტიურობდა, სახიფათო მომენტებს ქმნიდა, შეტევების სულისჩამდგმელი გახლდათ და პენალტიც, როგორც აღინიშნა, მის აქტიურობას მოჰყვა.

შესვენების შემდეგ მოედანზე სიტუაცია არ შეცვლილა, ქართველები კვლავ უტევდნენ და ბურთსაც ფლობდნენ. მატჩის განახლებიდან 7 წუთში დავით კობოურმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი ჩააწოდა, მეორე სართულზე ბუღრიძემ იყოჩაღა, თუმცა მეტოქე გოლის გაშვებისგან კარის ზედა ძელმა იხსნა.

51-ე წუთზე ქართველთა აქტიურობამ არ დაახანა და ფოსერის კარის ბადე მეორედ შეირხა - ნიკა ნინუამ ცენტრიდან საჯარიმოში მდგარი ლაშა ლეჟავა მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა კი ფოსერს შანსი არ დაუტოვა - 2:0.

9 წუთში ბუღრიძეს ქართველთა უპირატესობის გაზრდა შეეძლო - ლიხტენშტეინის მცველმა ფილიპ სიმანმა საკუთარ კართან ახლოს მეკარეს ბურთი სუსტი გადაცემით დაუბრუნა, "დინამოს" ფეხბურთელმა კი ბურთი ხელთ ჩაიგდო, მეკარეს გაცდა, თუმცა მისი დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა.

გოჩა ტყებუჩავამ პირველი ცვლილება 61-ე წუთზე გააკეთა და მოედანზე არცთუ აქტიური რატი არდაზიშვილის ნაცვლად ვატო არველაძე შემოიყვანა. 35-ე სკოლის შემტევმა პირველივე შეხებაზე ბურთი კარისკენ ზუსტად გადაგზავნა, თუმცა ფოსერმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

გოჩა ტყებუჩავას მორიგმა ცვლილებამ კიდევ უფრო გაამართლა. 68-ე წუთზე მოედანზე ბუღრიძის ნაცვლად გიორგი კოხრეიძე შევიდა. "საბურთალოს" შემტევმა ოთხ წუთში კობოურისგან მარჯვენა ფლანგზე გადაცემა მიიღო, რამდენიმე ფეხბურთელს გაცდა, საჯარიმოს ცენტრისკენ შეიწია და ლიხტენშტეინის მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 3:0.

უნდა ითქვას, რომ ლიხტენშტეინს გააზრებული შეტევა საქართველოს კარის მიმართულებით არ განუხორციელებია. 80 წუთი ქართველთა მეტოქე დაცვაში იჯდა და შეტევების განეიტრალებას ცდილობდა.

მატჩის შემდეგ გოჩა ტყებუჩავა გულდაწყვეტილი მხოლოდ სახიფათო მომენტების გამოუყენებლობით გახლდათ: "მცირე ინფორმაცია მქონდა ამ გუნდზე. შევეცადეთ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და გოლი არ გაგვეშვა. ნორმალურად ვითამაშეთ. კარიერაში მინახავს, რომ სუსტ გუნდებს ძლიერებთან ფრე ეთამაშოთ და ამიტომ, ფრთხილად ვიასპარეზეთ. გული მხოლოდ მომენტების გამოუყენებლობაზე მწყდება.

ნუ ჩავთვლით, რომ ადვილ ჯგუფში მოვხვდით, ყველა თამაშს მოგება უნდა და მთავარია, ამ შესარჩევში წარმატებას მივაღწიოთ".

საქართველოს 17-წლამდე ასაკის ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს კვლავ "მიხეილ მესხზე" ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ბალტიისპირელებმა პირველი მატჩი პოლონეთთან 0:4 წააგეს.

საქართველო - ლიხტენშტეინი 3:0 (1:0)

26 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

საქართველო: გიორგი ჩოჩიშვილი, თორნიკე ჭურაძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა, ირაკლი ბუღრიძე (გიორგი კოხრეიძე 68), გიორგი არაბიძე (თორნიკე მუზაშვილი 76), ლაშა ლეჟავა, რატი არდაზიშვილი (ვატო არველაძე 61).

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა

ლიხტენშტეინი: მიხაელ ფოსერი, კუპერ ქუადერერი, რომან სპირიგი, ფილიპ სიმანი, ელიას ქუადერერი, ლივიო მეიერი, იანიკ ფრიკი (მენდერეს კაგლარი 68), მორიტს ეიდენბენსი (ჟულიან ფრიკი 59), რაფაელ გრუნენფელდერი, პასკალ კოლერი, კევინ ჰაძიპასიჩი (მანუელ მიკუსი 52).

მთავარი მწვრთნელი: მიხაელ კოლერი

გოლები: 1:0 გიორგი არაბიძე (პენ. 28), 2:0 ლაშა ლეჟავა (51), 3:0 გიორგი კოხრეიძე (72)

გაფრთხილება: იანიკ ფრიკი (30)

მთავარი მსაჯი: სებასტიან კონსტანტინ კოლტესკუ (რუმინეთი)

0.147116