ფეხბურთი

16:54 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

იუბილარი იაშვილის გამორჩეული ეპიზოდები

დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ალექსანდრე იაშვილის დაბადების დღეა. ვეტერანი ფორვარდი 37 წლის გახდა. შევეცადეთ მისი კარიერის გამორჩეული ეპიზოდები გაგვეხსენებინა.

ალექსანდრე იაშვილის საფეხბურთო კარიერაში გამორჩეული პერიოდი “ფრაიბურგს” უკავშირდება, პროფესიონალურ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები კი თბილისის “დინამოში” გადადგა, სადაც მან საოცარი შედეგი აჩვენა, 83 მატჩში 84 გოლი გაიტანა.

1997 წელს საქართველოს ჩემპიონატი დატოვა და “ლიუბეკში” განათხოვრების წესით ითამაშა. ბევრს იაშვილი “ლიუბეკის” მაისურით არ ახსოვს, თუმცა გერმანელებმა პირველად ქართველი “ლიუბეკის” მაისურით გაიცნეს.

“ფრაიბურგის” მაისურით ათი წელი თამაშობდა, 1997-დან 2007 წლამდე. ფრაიბურგელთა მაისურით 281 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 63 გოლი და შეასრულა 62 საგოლე გადაცემა.

2001 წელს “ფრაიბურგი” გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა და უეფას თასის ზონაში მოხვდა, თუმცა უფრო დიდი საფეხურის დაკავების შანსიც არსებობდა. იაშვილი-კობიაშვილი-ცქიტიშვილის გუნდმა უეფას თასზე შვეიცარიული “სერვეტი” დაამარცხა, ხოლო შემდეგ მინიმალური სხვაობით უეფას თასის მომავალ გამარჯვებულ პიერ ვან ჰოიდონკის “ფეიენოორდთან” დამარცხდა.

გერმანიაში გამართულ შეხვედრაში ალექსანდრე იაშვილმა სებატიან კელს საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო მეორე გოლი კობიაშვილის ანგარიშზეა.

2007 წელს ალექსანდრე იაშვილმა და ფოლკერ ფინკემ დატოვეს “ფრაიბურგი.” ქართველი ფეხბურთელი “კარლსრუეში” გადავიდა, სადაც 2012 წლამდე ითამაშა. პირველი ორი სეზონი იაშვილმა “კარლსრუესთან” ერთად პირველ ბუნდესლიგაში გაატარა, ხოლო შემდეგ გუნდი ქვედა ლიგაში გავარდა. “კარლსრუეს” შემდეგ ნიკა გელაშვილთან ერთად “ბოხუმში” თამაშობდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 67 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი შეაგდო. მაღალი ხარისხის გოლი გაუტანა თურქეთის ნაკრებს, როცა თბილისში 2:5 წავაგეთ. მიუხედავად წაგებისა, იაშკას გოლი დასამახსოვრებელი იყო, მან მკერდით მიიღო ბურთი და მეზობლებს აუღებელი დაურტყა.

ასევე მნიშვნელოვანი გოლები გაუტანა ირლანდიას, საბერძნეთსა და ლიტვას. “იაშკამ” “მიხეილ მესხზე” ბალტიისპირელებს დუბლი შეუსრულა.

იაშვილმა კარიერის მიწურული აზერბაიჯანული “ინტერის” მაისურით გაატარა. კახი ცხადაძის გუნდში თამაშისას კარგი მატჩები ჩაატარა, ევროპული ფეხბურთისგან მიღებული გამოცდილება მის ყოველ მოქმედებასა თუ პასში იგრძნობოდა, ხშირად თავდასხმელის უკან მოქმედებდა და მახვილგონივრულ პასებს აკეთებდა, თუმცა პირველად იაშკამ ნახევარმცველის ამპლუა “კარლსრუეში” თამაშისას მოირგო.

2004 და 2008 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კარიერის მიწურულს გოლებს უკლო, თუმცა საგოლე პასების რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. შემოგთავაზებთ ვიდეოს, სადაც 4 წუთიდან და 25 წამიდან იაშვილმა ცაციათი ბრწყინვალე პასი გააკეთა.

https://www.youtube.com/watch?v=wHvvXSdwfB0

https://www.youtube.com/watch?v=PNpxKXdE4iI

https://www.youtube.com/watch?v=yCo1llNPuIM&list=PLE7Yaa78L7Jfi8SGcyDUKqIIs81GX48cr

https://www.youtube.com/watch?v=55oWsUepT4I

https://www.youtube.com/watch?v=bRWO3cAKByU

0.121652