ხუთშაბათ საღამოს, კინოს სახლში რეჟისორ გოგი თორაძის ფილმის - “ჩვენი ფეხბურთი” - პრეზენტაცია გაიმართა. დარბაზში თითქმის ყველა თაობის დინამოელები შეიკრიბნენ, ყველაზე უხუცესი 87 წლის მიხეილ ჯოჯუადან დაწყებული, “დინამოს” აკადემიის მოზარდებით დამთავრებული. აქ იყვნენ 1964 წლის “ტაშკენტის გმირები,” 1981 წლის თასების თასის მომგებები, უამრავი ლეგენდარული ფეხბურთელი. ფილმი საკმაოდ თბილი და ემოციური გამოდგა. ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ გაცოცხლდა არა მარტო “დინამოს,” არამედ მთელი ქართული ფებურთის მდიდარი ისტორია. გოგი თორაძესთან ერთად, ფილმის სცენარისტი, ჟურნალისტი აკაკი გვიმრაძეცაა.
გოგი თორაძე: “დღეს მაყურებელმა იხილა სატელევიზიო დოკუმენტური ფილიმი, “ჩვენი ფეხბურთი,” რომელიც მოიცავს პერიოდს გასული საუკუნის დასაწყისის ფოთის ჩანასახიდან დღევადელის ჩათვლით. 30 წუთში ყველფერს ვერ ჩავატევდით, მაგრამ შევეცადეთ, იმ მთავარ წარმატებებზე გაგვემახვილებინა ყუადღება, რომელიც ქართულმა ფეხბურთმა გამოიარა. წამყვანი კახი კავსაძეა. ეს არის ტრილოგიის მესამე ნაწილი. ადრე, მაყურებელმა იხილა ფილმი ქართული რაგბის ისტორიაზე, შემდეგ გადავიღე ქართული კალათბურთის შესახებ და და ახლა, ქართულ ფეხბურთზე. ვიღებდით ძალიან დიდი ხნის განმავლოვბაში, ასე არცერთი ჩემი ფილმი არ გართულებულა. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ისტორიულ ფილმებში ფულს არავინ დებს, მაგრამ გამოჩნდა ერთი ადამიანი - რომან ფიფია, რომელმაც ყველანაირი დახმარება გამიწია, კიევშიც მიმავლინა დამატებითი საარქივო მასალების მოსაძიებლად და ფაქტობრივად, დამასრულებინა ეს პროექტი. მანამადე, ბევრი ხალხი იყო დახმარებას შეპირებული, მაგრამ მოგეხსენებათ ჩვენი ამბავი, მერე იმალებოდნენ, ტელეფონს აღარ პასუხობდნენ და ასე შემდეგ. საერთოდ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უფროს ნოდარ ახალკაცს, ქართული ფეხბურთის საუკუნოვან უიბილესთან დაკავშირებით ფილმის გადაღების იდეა დაებადა. სამწუხაროდ, თავად ვეღარ მოესწრო. ფილმს კი, დაახლოებით 18 წელიწადს ვიღებდით.”
რომან ფიფია (თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი): “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრის სტადიონზე მოსვლა. დღეს 5 ათასი ადამიანი ძლივს იკრიბება “დინამოს” თამაშებზე, სირცხვილი არ არის? სულითა და გულით ვეკიდებით საქმეს და გვინდა, ღირსეულად გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რომელიც ბ-მა გოგიმ თავის ფილმში გვიჩვენა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “დინამო” ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც. დღეს ჩვენ იმ ზღვარზე ვართ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეული მოწინააღმდეგე გვჭირდება, ისე ვეღარ განვვითარდებით. დიდი მადლობა ბ-ნ გოგის ასეთი კარგი ნამუშევრისთვის.”
შედეგ კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ფებურთელმა, რევაზ ძოძუაშვილმა პრეტენზია გამოთქვა, ჩვენი თაობის ფეხბურთელების კადრები რატომ არ მოხვდა ფილმშიო, რაზედაც თორაძემ უპასუხა, ძალიან ბევრი ვეძებეთ, მაგრამ სამწუხარდ, თქვენი მატჩების კადრები ვერსად მოვიძიეთო. ამ თემაზე ყურადრება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემაც გაამახვილა და სინანულით დასძინა, ძველი ფირები, საცავებში თუ ტელევიზიის არქივებში, პრაქტიკულად აღარ არსებობსო.
ფილმის პრეზენტაცია გოგი თორაძეს, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამაზ თევზაძემაც მიულოცა.









