ფეხბურთი

13:46 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა უკრაინაში ლიდერობს

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-9 ტურში, დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” ოდესის “ჩერნომორეცი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დნეპროპეტროვსკელებში ორი ტაიმი ითამაშა. “დნიპრო” 14-გუნდიან ჩემპიონატს 25 ქულით ლიდერობს.

ლვოვის “კარპატიმ” მარიუპოლის “ილიჩევეცი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა “კარპატიში” სრულად ითამაშა და 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. განაპირა ნახევარმცველი დავით თარგამაძე “ილიჩევეცში” არ გამოჩენილა და ხსენებულ კლუბში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი გაურკვეველია. მცველი ზურაბ ოჩიგავა სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ თამაშის შანსი არ მისცეს. ლვოველები 5 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო “ილიჩევეცი” 2 ქულით ბოლოა.

ლუგანსკის “ზორია” დონეცკის “მეტალურგს” კიევში ესტუმრა და ქულა აიღო – 0:0. ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ლუგანსკელთა 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ზორია” 12 ქულით მეექვსეა.

ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” დონეცკის “ოლიმპიკი” მიიღო და დაპირისპირება 2:2 დასრულდა. უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძემ დონეცკელებში ორი ტაიმი ჩაატარა. ნახევარმცველი ვალერიან გვილია, რომელსაც ასევე უკრაინული პასპორტი აქვს, “მეტალურგის” თადარიგში იყო, თუმცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონია. “ოლიმპიკი” 14 ქულით მეოთხეა, ხოლო ზაპოროჟიელები 8 ქულით მე-11 პოზიციაზე არიან.

ალბანეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში, ვლორეს “ფლამურტარიმ”, სადაც ნიკა გელაშვილი გამოდის, საკუთარ მოედანზე “შკენდერბეუს” ვერ მოუგო – 1:1. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტოში არ იყო და მოედანზე 23-ე წუთზე შევიდა. “ფლამურტარი” 13 ქულით 10 გუნდში მესამეა.

ლატვიის ვირშლიგის (უმაღლესი ლიფა) 33-ე ტურში, “ვენტსპილსმა” “იელგავას” უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. ნახევარმცველმა თორნიკე თარხნიშვილმა გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა. “ვენტსპილსი” 10-გუნდიან ჩემპიონატს 74 ქულით ლიდერობს.

რიგის “სკონტო”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, სტუმრად “დაუგავპილსთან” 0:1 დამარცხდა. მცველმა ლაშა დვალმა და ნახევარმცველმა ირაკლი კლიმიაშვილმა წაგებულთა შორის 90-90 წუთი ითამაშეს. “სკონტო” 69 ქულით მეორე პოზიციაზეა.

“იურმალამ” შინ თანაქალაქელ იურმალას “სპარტაკსთან” 1:2 წააგო. ნახევარმცველმა გიორგი დიაკვნიშვილმა მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “იურმალა” 11 ქულით ბოლო ადგილზეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” “ნასაფი” მიიღო და 2:0 მოიგო. საყრდენმა ნახევარმცველმა კახა მახარაძემ შეუცვლელად უკაპიტნა და 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში მან ტაშკენტელთა რიგებში მე-7 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდის ბომბარდირია. “ფახთაქორი” 57 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე. პირველ პოზიციაზე მყოფ თანაქალაქელ “ლოკომოტივს” გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.

“ქიზილქუმი”, რომლის ღირსებასაც გიორგი კვესიეშვილი იცავს, გასვლაზე “ნოვბახორთან” 0:2 დამარცხდა. ქართველი მარცხენა მცველი 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. “ქიზილქუმი” 26 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

ბელარუსის უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის მე-5 ტურში, “გომელმა” სახლში მინსკის “დინამოსთან” 0:2 წააგო. მცველი ზაზა ჭელიძე გომელელთა რიგებში შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა. “გომელი” 32 ქულით მე-6 ადგილზეა.

ქვედა ექვსეულში “სლუცკმა” მოგილიოვის “დნეპრს” უმასპინძლა და სამი ქულა აიღო – 2:0. თავდამსხმელი უჩა გოგოლაძე სლუცკელებში 79-ე წუთზე გამოჩნდა. მცველ ნიკა მნათობიშვილს “დნეპრში” არ უთამაშია. “სლუცკი” 33 ქულით ქვედა ექვსეულში მეორე ადგილზეა, ხოლო “დნეპრი” – ბოლოა.

ბობრუისკის “ბელშინამ” შინაურ კედლებში გროდნოს “ნემანთან” 1:3 წააგო. მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი მაღალდაძე თამაშში 81-ე წუთიდან ჩაერთო. “ბელშინა” 28 ქულით მეოთხეა.

უნგრეთის NBI-ის (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში, “დიორმა” “უიპეშტი” მიიღო და ვერ მოუგო – 0:0. თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია მასპინძლების სამატჩო განაცხადში ფიგურირებდა, მაგრამ არ უთამაშია. “დიორი” 11 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.

ნორვეგიის ელიტესერიენის 27-ე ტურში, “სტაბეკმა” “ვიკინგი” მიიღო და ვერ მოუგო – 1:1. ნახევარმცველი გიორგი გოროზია “სტაბეკის” რიგებში 69-ე წუთზე გამოჩნდა. “სტაბეკი” 35 ქულით 16 გუნდში მერვეა.

ბელგიის იუპილერლიგის მე-11 ტურში, “გენკმა” შინ “ვესტერლოს” 3:1 აჯობა. ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს “გენკში” არ უთამაშია, ვინაიდან ვარჯიშზე გამოუცხადებლობის გამო დასაჯეს და სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს. “გენკი” 16 ქულით 16 გუნდში მეექვსეა.

სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში, “ვითსმა” გასვლაზე“მამელოდი სანდაუნსთან” 0:0 ითამაშა. ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე სტუმართა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ვითსი” 14 ქულით 16 გუნდში მესამეა.

საფრანგეთის ლიგა I-ის მე-10 ტურში, “ბასტიამ” გასვლაზე “ნიცას” 1:0 სძლია. ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე კორსიკელთა სამატჩო განაცხადში არ იყო. “ბასტია” 10 ქულით 20 გუნდში მეთექვსმეტეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162737