ფეხბურთი

17:26 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდი” ისევ ვერ იგებს

ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები შეიყარნენ სათამაშოდ ქობულეთში, სადაც ბათუმის “დინამომ” საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს” უმასპინძლა - ერთადერთ გუნდს მიმდინარე პირველობაზე, რომელსაც მოგებების გრაფაში მოგება არ ეწერა და შესაბამისად ბოლო ადგილზე იმყოფება. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ მასპინძლებად შერაცხულნი ზღვისპირელები, რომლებსაც 8 ტურის შემდეგ 10 ქულა ჰქონდათ დაგროვილი და ცხრილში მე-10 ადგილს იკავებდნენ.

შეხვეედრის დებიუტი საშუალო ტემპში ისე წარიმართა, რომ არცერთ გუნდს დაურტყამს მეტოქის კარისკენ. მოწინააღმდეგენი მოედნის შუაგულში ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას.

პირველი ხიფათი წესით მე-13 წუთზე უნდა შექმნილიყო, როდესაც ამირან მუჯირის მიერ ჩაწოდებულ საჯარიმოს ფეხი ვერც ქორიძემ და ვერც შონიამ წაჰკრეს, თორემ ზუგდიდელთა დარაჯს კარის გადარჩენა ძალიან გაუჭირდებოდა. თითქმის მაშინვე შონიას მიერ ფლანგურ ჩაწოდებულზე ყველას თავით ტატანაშვილმა დაასწრო, მაგრამ დიმას დარტყმა რიგიანად არ გამოუვიდა და დევაძეც იოლად დაეუფლა ბურთს.

ნელნელა მოწინააღმდეგის კარისკენ ზუგდიდელებმაც გაიხედეს, რომლებმაც რამდენჯერმე სახიფათოდ ჩააწოდეს აჭარელთა საჯარიმოში, თუმცა ეს მცდელობები კარში დარტყმით არ დასრულებულა. სამაგიეროდ, ახლოს იყვნენ გატანასთან მასპინძლები 22-ე წუთზე. კუთხურიდან ჭკუასელის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ყველაზე მაღლა ტატანაშვილი ახტა, რომელმაც მცველთან ბრძოლაში იმარჯვა და კეფით ცდლობდა გატანას, თუმცა ბათუმელთა ფორვარდის დარტყმული ხარიხამ უკუაგდო. დამატებაზე დინამოელთაგან აღარავინ ყოფილა.

მალევე ისევ ჭკუასელი იყო მოვლენების ეპიცენტრში, როდესაც ახალგაზრდა გარემარბმა შეტევის მარცხენა ფლანგზე სამი მეურვე ჩამოიშორა, მაგრამ მის ჩაწოდებულს თანაგუნდელთაგან ვერავინ გამოეხმაურა. 25-ე წუთზე კი პირველი დარტყმა “დინამოს” კარის მიმართულებით ზუგდიდელებმაც განახორციელეს. სტუმართა კაპიტანმა ტყემალაძემ შორიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა მამინაშვილის დასაცავ ობიექტს.

ამის შემდეგ ტაიმის დასასრულამდე არცერთ გუნდს მიცემია რაიმე ღირებული შანსი. მეტოქეებს შეტევის ორგანიზებასა და საერთოდ კრეატიულობაში მეტი მუშაობა რომ მართებთ, აშკარად გამოჩნდა. თუმცა ამის მიუხედავად მასპინძლებმა 45-ე წუთზე გატანა მაინც მოახერხეს. ბათუმელთა სწრაფი იერიში მრავალსვლიანი გამოდგა, რომელშიც მონაწილეობა ჭკუასელმა და შონიამ მიიღეს, ამირან მუჯირმა კი გააგრძელა. გამოცდილმა ნახევარმცველმა დროული გადაწყვეტილება მიიღო და ზუსტად უპასა მეკარის ბაქანთან შეჭრილ ტატანაშვილს. აჭარელთა ფორვარდმა ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვა და ერთი შეხებით ირაკლი დევაძეს შანსი არ დაუტოვა – 1:0.

შესვენებაზე ზუგდიდელთა დამრიგებელმა ნესტორ მუმლაძემ შეტევის გასაძლიერებლად ორმაგ შეცვლას მიმართა. გამოცდილმა სპეციალისტმა მოედანზე ვახტანგ კვარაცხელია და ირაკლი ეხვაია შეუშვა. განახლებულ თამაშში ამ ფეხბურთელებმა მეტი სიხალისე შეიტანეს ზუგდიდელთა თამაშში. ბათუმელთა საჯარიმოში კვარაცხელიას მოქმედებები მასპინძელთა მცველებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდათ.

საწყის წუთებში ორივე გუნდმა შორეული დარტყმებით შეაწუხეს ერთმანეთის მეკარეები. ჯავაშვილის დარტყმისას მამინაშვილს ბურთის ხელებში შეკავება გაუჭირდა, თუმცა დასწრებაზე მყოფ გულორდავას ასისტენტმა თამაშგარე დაუფიქსირა.

ცოტა ხანში მუჯირი ურტყამდა შორიდან, თუმცა ბურთი ფეხზე აეჭრა და კარს აცდა. მალევე მუჯირის ჩაწოდებული ზუგდიდელთა კარის ძელმა აისხლიტა, დამატებაზე ტატანაშვილი ცდილობდა გატანას, მაგრამ მასაც ოფსაიდი დაუფიქსირეს.

61-ე წუთზე პირველი რეალური მომენტი შექმნეს სტუმრებმა სტანდარტულიდან. წურწუმიას მიერ ჩაწოდებულ კუთხურზე ყველას კვარაცხელიამ აჯობა, რომელმაც თავით ცადა გატანა, თუმცა ფორვარდს ზუსტი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთმა ხარიხას გადაუქროლა. ხუთიოდ წუთში ისე კუთხურიდან შეუტიეს ზუგდიდელებმა ბათუმელთა კარს. გატანას ამჯერადაც კვარაცხელია ცდილობდა, რომლის თავური დინამოელთა ხარიხას ზემოდან დაეცა და მოედანიც დატოვა.

იგრძნეს რა ბათუმელებმა მოვლენების არასასურველად განვითარების ტემპი, თამაში მოედნის შუაგულისკენ და შეძლებისდაგვარად მოწინააღმდეგის ნახევრისკენ გადაიტანეს. შედეგი ის გახლდათ, რომ ზუგდიდელებს უკვე გაუჭირდათ შეტევების ორგანიზება, ხოლო ზღვისპირელთა რიგებში ახლადშესულმა ვალერიან თევდორაძემ მირცხულავასთან ორთაბრძოლაში პენალტი დაიმსახურა. თერთმეტმეტრიანი თავად თევდორაძემ შეასრულა ზუსტად და საკუთარი გუნდის უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა – 2:0.

ორბურთიანმა უპირატესობამ ბათუმელთა თამაში უფრო თავდაჯერებული გახადა. სტუმრები ისევ ცდილობდნენ მოწინააღმდეგისათვის დიდი ძალებით შეეტიათ, მაგრამ როგორც კი “დინამოს” საჯარიმოს მიუახლოვდებოდნენ, მათი იერიშები უფერულდებოდა. ამიტომაც მატჩის ეპილოგში სამეგრელოს წარმომადგენლებმა რეალური მომენტები ვეღარ შექმნეს.

რაც შეეხება ბათუმელებს, მათ სახიფათო სტანდარტულის უფლება მიეცათ არბიტრის მიერ დამატებულ დროში, მაგრამ დევაძეს ზუსტად ჰქონდა ადგილი შერჩეული და თევდორაძის მცდელობა კიპერის იოლი ნადავლი გახდა.

“დინამო” (ბათუმი) – “ზუგდიდი” 2:0 (1:0)

19 ოქტომბერი 15:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 300 მაყურებელი

“დინამო”: მამინაშვილი, ქორიძე, ტეტუნაშვილი (აბულელიძე, 84), მგელაძე, სუხიაშვილი, ვარშანიძე, შონია, ჭკუასელი, ჩირიკაშვილი (დიასამიძე, 61), ტატანაშვილი, მუჯირი (ვალერი თევდორაძე, 73).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

“ზუგდიდი”: დევაძე, რიგვავა, მირცხულავა, ლაშა ღონღაძე, ჯავაშვილი, ტყემალაძე, გვაზავა (კვარაცხელია, 46), დავით ქირია (კობერიძე, 75), წურწუმია, გულორდავა, შენგელია (ეხვაია, 46).

მთავარი მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (45), 2:0 თევდორაძე (78).

გაფრთხილება: ჯავაშვილი (64), კობერიძე (82).

არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი)

1. დინამო (თბილისი) 9 6 2 1 15:6 20
2. სამტრედია 9 5 2 2 11:7 17
3. სპარტაკი 9 5 2 2 9:8 17
4. დილა 9 4 3 2 14:6 15
5. ტორპედო 8 3 4 1 8:5 13
6. მეტალურგი 9 3 4 2 11:9 13
7. ჩიხურა 9 4 1 4 10:10 13
8. დინამო (ბათუმი) 9 4 1 4 10:10 13
9. მერანი 9 3 2 4 8:8 11
10. ზესტაფონი 9 2 4 3 18:13 10
11. ვიტ-ჯორჯია 9 3 1 5 9:9 10
12. გურია 8 2 4 2 7:13 10
13. კოლხეთი 9 2 3 4 9:13 9
14. სიონი 9 2 2 5 9:15 8
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 9 0 4 5 4:13 4

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122806