ფეხბურთი

16:34 | 28.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გადაფასებული მწვრთნელი

ხშირად მესმოდა და მესმის, რომ მარსელო ბიელსა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული, ნოვატორი მწვრთნელია. და, ეს ყოველთვის ჩემში დიდ გაოცებას იწვევდა.

მწვრთნელი, რომლის განდიდება პრაქტიკულად 40 წლის წინ მოგებული არგენტინის ჩემპიონატით ხდება, იმიტომ, რომ ოდესღაც ეს ტიტული ლამაზი ფეხბურთით მოიგო. შესაძლოა, თავის დროზე, ბიელსა მართლაც იყო ნოვატორი და მოტივატორიც, მაგრამ ის აშკარად დიდი ხანია ჩამორჩა თანამედროვე ფეხბურთის აუცილებელ მოთხოვნებს.

ცალკე ამბავია ის, რომ გადავხედოთ მის სამწვრთნელო კარიერას, ხელშესახებს და საინტერესოს ბევრს ვერაფერს ვიპოვით: ბილბაოსთან ერთად ესპანეთის თასის და ევროპა ლიგის ფინალი - კი, შესანიშნავი შედეგი, მაგრამ უმეტესწილად არგენტინელის შედეგები ყველგან ძალიან ცუდი იყო, სადაც სამუშაოდ მიდიოდა.

გავიხსენოთ არგენტინის ნაკრები და 2002 წლის მუნდიალი? მის განკარგულებაში იყო გაბრიელ ბატისტუტა, ხუან სებასტიან ვერონი, ერნან კრესკო და სხვა ბევრი ვარსკლავი, „ალბისელესტეც“ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა, მხოლოდ ნიგერიას მოუგო, ისიც მძიმედ, 1:0 და ასე უსახელოდ, დატოვა არგენტინამ ის მუნდიალი. ბიელსას მთავარი მიღწევა არგენტინის ნაკრებში 2004 წელს მოგებული ოლიმპიადაა და ფეხბურთში ოლიმპიადის მოგება რამდენად მნიშვნელოვანი შედეგია - ეს ყველამ კარგად იცის. იმავე წელს იყო კოპა ამერიკის წაგებული ფინალი ბრაზილიის ნაკრებთან. უფრო სწორად, ბრაზილიის B ნაკრებთან, რადგან მაშინ „სელესაო“ პერუში სრულიად გადახალისებული შემადგენლობით იყო ჩასული.

არგენტინის ნაკრებამდე იყო „ესპანიოლი“, სადაც 12 მატჩში მხოლოდ 3 გამარჯვება მოიპოვა და არგენტინის ნაკრების გამო კატალონიური გუნდი შუა სეზონში მიატოვა. არგენტინის ნაკრების შემდეგ ჩილე ჩაიბარა, რომელიც 12-წლიანი პაუზის შემდეგ, მუნდიალზე გაიყვანა, შემდეგ მერვედფინალშიც - ეს მისი კარიერის კარგ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

გავიხსენოთ „მარსელი“? სადაც პირველ სეზონში გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გაიყვანა - „მარსელისთვის“ ლიგა 1-ში მეოთხე ადგილი? დიდი წარუმატებლობაა. მერე ბედი „ლილში“ სცადა, სადაც ასევე არაფერი გამოსვლია და წავიდა „ლიდსში“, ინგლისის მეორე დივიზიონში, ფინანსურად ძლიერ კლუბში, რომელიც პრემიერლიგაში მხოლოდ მეორე ცდაზე გადაიყვანა. გახსენებად არ ღირს „ლაციოში“ მისი რამდენიმე დღიანი მოღვაწეობა, როცა გუნდიდან 15 ფეხბურთელის გაშვება მოითხოვა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ თვითონ გაუშვეს, ისე, რომ ერთხელაც არ უხელმძღვანელია რომაული გუნდისთვის. ეს 2016 წლის ზაფხულში იყო, „ლაციო“ ახალგაზრდა სიმონე ინძაგის ჩააბარეს, რომელმაც გუნდი მე-5 ადგილზე გაიყვანა მისთვის სადებიუტო სეზონში და იტალიის თასის ფინალიც ათამაშა.

და, ახლა ბიელსა ურუგვაის ნაკრებშია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე კატატსროფულად გამოვიდა. რასაკვირველია, „სელესტეს“ აღარ ჰყავს ლუის სუარესი, დიეგო ფორლანი, ალვარო რეკობა და ედინსონ კავანი წინ, დიეგო გოდინი და დიეგო ლუგანო ან პაოლო მონტერო დაცვაში, მაგრამ არც იმდენად ცუდად დაკომპლექტებული გუნდია, რომ საუდის არაბეთისა და კაბო ვერდეს ძლევა სანატრელი ჰქონდეს და ჯგუფში 2 ქულით ჩარჩენილიყო. ურუგვაის ნაკრებისთვის ასეთ ჯგუფში ჩარჩენა, საიდანაც მესამე ადგილიც დიდი ალბათობით, შეიძლებოდა გამსვლელი ყოფილიყო, სრული კრახია.

ეს არაპოპულარული მოსაზრებაა, მაგრამ ბიელსას ფენომენი ცოტა გაზვიადებულ ისტორიას ჰგავს, ფაქტები ერთს ამბობენ. მითი ბიელსას გენიალურობის შესახებ, დიდი ხანია დამსხვრეულია - უბრალოდ, ყველა ამას არ აღიარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091739