ბევრი ფავორიტისგან განსხვავებით, ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი დამაჯერებლად და რაც მთავარია, გამარჯვებით დაიწყო. თანაც, ბევრისგან განსხვავებით, თომას ტუხელის გუნდს ძლიერი მეტოქე ჰყავდა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ტურის ცენტრალური დაპირისპირება, რომელშიც ინგლისმა ხორვატიას 4:2 აჯობა. მატჩიც შესანიშნავი გამოვიდა, შესაძლოა, პირველ ტურში ყველაზე თვალსასეირო.
ინგლისმა ძალიან კარგად ითამაშა, ჰქონდა დაცვაში შეცდომები, მაგრამ შეტევაში „სამი ლომი“ ძალიან ძლიერი იყო, სახიფათოდ უტევდა, 4 გოლი გაიტანა და მინიმუმ ერთი ამდენის გატანა კიდევ შეეძლო.
ინგლისი მე-12 წუთზე ჰარი კეინის გოლით დაწინაურდა, რომელმაც პენალტი ზუსტად დაარტყა. აღსანიშნავია, რომ მისი პირველი დარტყმა დომინიკ ლივაკოვიჩმა მოიგერია, მაგრამ მას დარტყმის მომენტში ფეხი კარის ხაზზე არ ჰქონდა დაფიქსირებული - მსაჯმა კეინს პენალტი მეორედ შეასრულებინა და ჰარი აღარ შეცდა.
პირველი ტაიმის მიწურულს სამი გოლი გავიდა: 36-ე წუთზე ხორვატებმა მარტინ ბატურინას დიდებული გოლით წონასწორობა აღადგინეს. საყაიმო შედეგი ცოტა ხანს შენარჩუნდა, რადგან მალევე კეინმა თავით ზუსტად დაარტყა და ინგლისი წინ გაიყვანა. კეინმა მე-10 გოლი გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატზე და გარი ლინეკერს დაეწია. ინგლისელებში ამაზე მეტი გოლი არავის გაუტანია მუნდიალზე და მოსალოდნელია, რომ კეინი მიღწევას მალე გააუმჯობესებს. გარდა ამისა, კეინი დევიდ ბექჰემის შემდეგ მეორე ინგლისელი გახდა, ვინც სამ სხვადასხვა მუნდიალზე შეაგდო გოლი.
ხორვატიის ნაკრებმა ტაიმი მაინც არ წააგო, რადგან დიდებული კომბინაცია გოლით პეტარ მუსამ დაასრულა. აქ აღსანიშნავია ივან პერიშიჩის საოცარი პასი თავით... 2:2, მეორე ტაიმი წინ იყო.
შესვენების შემდეგ ინგლისმა ხორვატია უბრალოდ უშანსოდ დატოვა. ძალიან მაღალი ტემპი და ინტენსივობა, რომელსაც ხორვატებმა ვერ გაუძლეს. ტუხელის გუნდი სწრაფად დაწინაურდა, 47-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა დალაშქრა მეტოქის კარი. ამის შემდეგ ხორვატიის ნაკრების მეკარე ლივაკოვიჩი ბრწყინავდა, რომელმაც ყველაფერი აიღო, რისი აღებაც ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატება - უბრალოდ საოცარი იყო. თუმცა, 85-ე წუთზე ლივაკოვიჩიც ვერაფერს გახდა, როცა ინგლისელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლად რაშფორდმა აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.
ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტურში ინგლისის ნაკრებმა ყველაზე კარგი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა.
ინგლისის ნაკრები მეორე ტურში 23 ვნისს, განას შეხვდება, ხოლო ხორვატია 24 ივნისს, პანამას ნაკრებს დაუპირისპირდება.
ინგლისი - ხორვატია 4:2 (2:2)
დალასი, AT&T სთედიუმი
ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; ჯეიმსი, კონსა, სტოუნსი (გეჰი 85), ორაილი; ანდერსონი, რაისი (როჯერსი 72); მადუეკე (საკა 72), ბელინგემი (სპენსი 80), გორდონი (რაშფორდი 72); კეინი
მწვრთნელი: თომას ტუხელი
ხორვატია (3-4-2-1): ლივაკოვიჩი; სუტალო, ვუშკოვიჩი (მარკო პაშალიჩი 66), გვარდიოლი; სტანიშიჩი, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 58), მარიო პაშალიჩი (კრამარიჩი 79), პერიშიჩი; შუჩიჩი, ბატურინა (ვლაშიჩი 78); მუსა (მატანოვიჩი 66)
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
გოლები: 1:0 ჰარი კეინი (12, პენ), 1:1 ბატურინა (36), 2:1 კეინი (42), 2:2 მუსა (45), 3:2 ბელინგემი (47), 4:2 რაშფორდი (85)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (11) – 9 (5) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: კლემენ ტურპენი (საფრანგეთი)
| # | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ | ბქ | ქულა |
| 1 | ინგლისი | 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 2 | +2 | 3 |
| 2 | პანამა | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 3 | განა | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 4 | ხორვატია | 1 | 0 | 0 | 1 | 2 | 4 | -2 | 0 |







