მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ივლისში არგენტინაში გაემგზავრება და მსოფლიოს რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის სამ შეხვედრას განსჯის.
31 წლის ქართველი რეფერი სადებიუტო ტურში, არგენტინისა და შოტლანდიის ჯახში მოედნის მსაჯი იქნება. თამაში 4 ივლისს კორდობაში, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის - მარიო კემპესის სახელობის სტადიონზე გაიმართება. “ესტადიო მარიო ალბერტო კემპესი” 57 ათას მაყურებელს იტევს.
11 ივლისს არგენტინა უელსს სან ხუანში, “ესტადიო სან ხუან დე ბისენტენარიოზე” დაუხვდება, რომელიც 35 286 ქომაგს იტევს. მატჩის მოედნის მსაჯი ახალ ზელანდიელი პოლ უილიამსია. მას კიდეებიდან ავსტრალიელი ანგუს გარდნერი და ამაშუკელი დაეხმარებიან.
არგენტინა ზაფხულის თამაშებს 18 ივლისს, სანტიაგო დელ ესტეროში ინგლისთან ჯახით ასრულებს. 30-ათასიან „ესტადიო უნიკო მადრე და სიუდადესზე“ რეფერი ანგუს გარდნერი იქნება. მას კიდეებიდან ნიკა ამაშუკელი და უილიამსი დაეხმარებიან.
RUGBY.GE







