საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირეს.
ცნობილია, რომ „იუვე“ მეკარეს ეძებს და პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს ალისონთან, მაგრამ პრობლემა „ლივერპულშია“, რომელსაც არ სურს ბრაზილიელი მეკარის გაშვება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ტურინელებმა ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა დაიწყონ.
ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ თუ ალისონი დარჩება, მამარდაშვილი შეიძლება იჯარით წავიდეს, ამ შემთხვევაში კი, იტალიური ბაზრისთვის ის საინტერესო სახელია და ბევრ გუნდს მოსწონს.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, „იუვენტუსი“ უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, დაელოდოს კიდევ ალისონს, თუ სხვა ვარიანტზე გადაერთოს, ერთ-ერთი კი მამარდაშვილის მინიმუმ ერთწლიანი იჯარით დამატებაა, როგორც დროებითი გამოსავალი, რათა 2027 წელს, ალისონი უკვე უფასოდ დაიმატოს. ქართველი მეკარის ვარიანტი ტურინელებისთვის იმ მხრივაც მოსაწონია, რომ ერთწლიანი იჯარა საკმაოდ იაფი დაუჯდებათ. გარდა ამისა, „იუვეს“ ალტერნატიულ ვარიანტებში არიან გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი) და დავიდ დე ხეა (ფიორენტინა). ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ცნობილინ ინსაიდერ ნიკოლო სკირაც მამარდაშვილის შესახებ იგივე ინფორმაციას ავრცელებს: "გიორგი მამარდაშვილს მეტი თამაში სურს და, თუ ალისონი დარჩება, მზადაა "ლივერპული" იჯარით დატოვოს".
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ უმეტესად მხოლოდ მაშინ თამაშობდა, როცა ალისონს ტრავმა ჰქონდა. თუ ბრაზილიელი დარჩება, გიორგის მომდევნო სეზონშიც მეორე მეკარის როლის მორგება მოუწევს, რაც მის გეგმებში არ შედის, ამიტომაც, იჯარით წასვლა საკმაოდ რეალური ვარიანტია. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი "ლივერპულამდე" 2021-2025 წლებში "ვალენსიაში" თამაშობდა, რომლის რიგებში 134 თამაში ჩაატარა.





