საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩემპიონო რბოლა უფრო დაიძაბა.
„იბერია“ წყალტუბოს „სამგურალს“ ეწვია და უქულოდ დარჩა. პირველი ტაიმის მიწურულს იმერული გუნდი ველისოლის დუბლით ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კლაუდიო სებოლინიამ უპირატესობა სამამდე გაზარდა და თითქოს, ყველაფერი გადაწყდა.
„იბერიამ“ იბრძოლა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ჯინჯოლავამ დუბლი შეასრულა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა, გუგა ნერგაძის გუნდმა მეტი ვერ შეძლო და მაინც უქულოდ დარჩა.
„იბერია“ 27 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ „ტორპედოს“ უკვე ერთადერთი ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი „დინამო ბათუმს“ შეხვდება. „სამგურალმა“ 18 ქულა დააგროვა და მეშვიდეა, წინ კი „დილასთან“ თამაში ელოდება.
„სამგურალი“ – „იბერია“ 3:2 (2:0)
გოლები: 1:0 ველისოლი (37, პენ), 2:0 ველისოლი (44), 3:0 სებოლინია (51), 3:1 ჯინჯოლავა (90, პენ), 3:2 ჯინჯოლავა (90)





