ფეხბურთი

11:03 | 14.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრაკოვში, ლუჩესკუსთვის

კრაკოვში, "შახტარი" - "ალკმაარის" თამაშზე თუ მოვხვდებოდი, სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, მაგრამ მეგობარმა მოულოდნელად ეს ვარიანტი შემომთავაზა. ცოტა თუ ბევრი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მოგეხსენებათ, უკრაინული კლუბები (და ნაკრებიც) საერთაშორისო მატჩებს პოლონეთში ატარებენ, "შახტარიც" არაა გამონაკლისი, რომელმაც ევროთასებზე ლოკაციად უკრაინასთან ახლოს მდებარე კრაკოვი აირჩია, ძალიან ლამაზი ქალაქი დიდი ისტორიით.

კრაკოვში თამაშის დღეს ჩავედით, მაგრამ საზღვარზე გამკაცრებული კონტროლის გამო რიგში დგომა თითქმის 3 საათი მოგვიხდა, რაც ცხადია, დამღლელი იყო, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად. პოლონელი მესაზღვრეები, მისხალ-მისხალ ამოწმებდნენ ყველაფერს, თითქოს, ასეულობით ადამიანში დამნაშავეს ეძებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ეს დაბრკოლება გადაილახა, თავისუფლებას რა სჯობს - არც არაფერი.

თამაშზე, რომელსაც "ვისლას" სტადიონი მასპინძლობდა, ტაქსით გავეშურეთ. მძღოლი ფეხბურთის დიდი მოყვარული აღმოჩნდა, მაშინვე გვითხრა, რომ "შახტარი" - "ალკმაარი" თამაშობს, ალბათ იქ მიდიხართ და "შახტარს" ქომაგობთო. საქართველოზე კი, ჯერ "დინამო თბილისი" გვიხსენა, შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა კი, ჩვენი დახმარების გარეშე მისი გვარი ვერ გაიხსენა, უბრალოდ გაიძახდა - პსჟ-ში რომ თამაშობსო... რა თქმა უნდა, იცოდა ოთარ კაკაბაძის შესახებ, რომელიც "კრაკოვიას" კაპიტანია და იქ უკვე მეხუთე სეზონია თამაშობს. თავს ვერ დავდებ, ეს ადამიანი "კრაკოვიას" გულშემატკივარი იყო თუ "ვისლას", მაგრამ ფაქტია, ოთარზე თვითონ გვითხრა - ახლა ტრავმა აქვს და ვერ თამაშობსო. მოკლედ, კარგად ჩახედული იყო. ნიკა ძალამიძეც გაიხსენა პოლონეთში ნათამაშები ქართველებიდან, "იაგელოანიაში" რომ იყოო. პოლონეთის ნაკრებზე კი გულისტკივილით თქვა, დაცვაში გვიჭირს, მსოფლიოს ჩემპიონატზეც მაგიტომ ვერ გავედითო. ზოგადად, პოლონელებმა ჩვენზე იმ დღეებში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, გულღია და სტუმართმოყვარე ხალხია, თუ არ ჩავთვლით მესაზღვრეებს, მაგრამ ისინი ხომ თავის მოვალეობას ასრულებდნენ...

სტადიონზეც მარტივად შევედით. პოლონეთში ბევრი ახალი და თანამედროვე არენაა, "ვისლას" სტადიონი კი ძველია, მაგრამ წმინდა საფეხბურთო, 33 ათას ადამიანსაც იტევს. ტრიბუნები ლამის სანახევროდაც ვერ შეივსო, რა გასაკვირია. ამიტომაც, სტიუარდმა, როდესაც ჩვენს ადგილს ტრიბუნაზე ვეძებდით, არაა პრობლემა, სადაც გინდათ, იქ დასხედითო. თუმცა, თამაშის დასაწყისი რაც უფრო მოახლოვდა, აღმოსავლეთ ტრიბუნა ლამის შეივსო.

ორივე გუნდს ჰყავდა ე.წ. ფანკლუბის დაჯგუფება, მაგრამ "შახტარის" ფანსექტორი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური იყო, პუტინის მოკითხვაც, ტრადიციული შეძახილით - „პუტინ ხუილო“, არ დავიწყებიათ. სამაგიეროდ, "ალკმაარის" ფან-სექტორი, რომელიც სავსეც არ იყო, მთელი თამაში ჩუმად გახლდათ, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ 20-25 წუთის შემდეგ შევამჩნიე, რომ ტრიბუნებზე ისინიც იყვნენ.

რასაკვირველია, თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო - მირჩა ლუჩესკუს ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც "შახტარში" 12 წელი მუშაობდა და დიდი ისტორია დაწერა. ზოგადად, დონეცკელებმა ეს თამაში და გამარჯვება სწორედ რუმინელს მიუძღვნეს.

კრაკოვში კი ძალიან ციოდა (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის), ტრიბუნაზე ერთ ადგილას გაჩერებაც ჭირდა. თამაშიც ვერ ვიტყვით, რომ ძალიან სანახაობრივი გამოდგა, ორივე გუნდი დაბალ ტემპში თამაშობდა, სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თითქოს, ყველას ერთი სული ჰქონდა გასახდელში შესულიყო. მოედანზე არავინ გამოირჩეოდა. შედარებით, სიტუაცია შეიცვალა მეორე ტაიმში, როცა "შახტარი" გააქტიურდა. და მაინც, მეგონა, რომ ყველაფერი უგოლოდ დასრულდებოდა, არაფერი მოასწავებდა გოლს, მაგრამ ფეხბურთი ხომ ამიტომაა ძალიან საინტერესო - წამში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. და, კრაკოვის სუსხიან საღამოსაც ასე მოხდა. 72-ე წუთზე პედრინიომ საჯარიმოს მისადგომებიდან ცაციათი გაისროლა, ბურთი ჯერ ხარიხას შეეხო და მერე კარში აღმოჩნდა.

"ალკმაარი", რომელიც რატომღაც თამაშის ხასიათზე საერთოდ არ იყო და ცდილობდა, საპასუხო მატჩისთვის ფრისთვის მიეღწია, ამ ლამაზმა გოლმა საბოლოოდ გატეხა და ბოლოს, უკრაინელთა მარჯვენა გარემარბმა - ალისონმა დუბლი ორწუთიან ინტერვალში გაიფორმა. არადა, მანამდე, მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი და ცუდი იყო, არაფერი გამოსდიოდა. "შახტარმა" 3:0 მოიგო და პრაქტიკულად უკვე გადაწყვიტა ორმატჩიანი დუელის ბედი, ნახევარფინალთან ნაბიჯშია. სამწუხაროდ, არ მიეცა თამაშის შესაძლებლობა ირაკლი აზაროვს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად ფანებთან იზეიმა გამარჯვება და შესანიშნავ ხასიათზეც იყო.

და, ამ ყველაფრის ფონზე: მიუხედავად სიცივისა, არცთუ ლამაზი თამაშისა, მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში მაინც, ჩვენთვის შესაშურია, რომ არსებობენ გუნდები, ქალაქები და ქვეყნები, რომლებსაც დიდი საკლუბო ფეხბურთი ორ კვირაში ერთხელ მაინც აქვთ. არ გვაქვს პრეტენზია კონფერენსლიგის მეოთხედფინალში თამაშზე, მაგრამ ფაზის ეტაპზე ერთხელ მაინც, ერთი ქართული გუნდის მოხვედრა რა გახდა? ხომ შეიძლება, რომ საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სანაკრებო პაუზებზე არ იღვიძებდეს და გულშემატკივარს, ნამდვილი საკლუბო ფეხბურთის ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდეს?

თან, კონფერენსლიგაზე ხომ თითქმის ყველა გავიდა, ვისაც არ ეზარებოდა. და, ჩვენ? შეიძლება გვეზარება... ვნახოთ, ზაფხული შორს არ არის, როცა ახალი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება და ქართული გუნდებიც კიდევ ერთხელ ჩაებმებიან ევროფერხულში, იქნებ, ნავსი ამჯერად მაინც გატყდეს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159601