რაგბი

14:20 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 23:17 ყაზბეგი

crocobet დიდი 10-ის მე-17 ტურში, ქუთაისის ‘არესმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 23:17 აჯობა და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.

‘არესს’ 60 ქულა დაუგროვდა და 2-ით უსწრებს ‘ბათუმს’, რომელიც ხვალ რუსთავში ‘ხარებს’ ეთამაშება. ‘ყაზბეგი’ ნუგეშ-ქულას გამორჩა, ჯამში 19 მოუგროვდა და მე-9 ადგილზე რჩება. ის ‘გორს’, რომელიც 16 ქულით ბოლო ადგილზეა, 3 ქულით უსწრებს. გორელები ხვალ ‘არმიას’ თბილისში ეთამაშებიან.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. 24-ე წუთზე იაგო ხილაძის სინბინის შემდეგ მასპინძლები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ლუკა ჩქარეულმა ლელოთი ანგარიში გახსნა. ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ‘არესმა’ დავით კვირიკაშვილის ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო ზედ შესვენების წინ სანდრო ფურცხვანიძემ ჯარიმა გაიტანა და ქუთაისელები 8:5 დააწინაურა.

‘არესმა’ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში მოიპოვა. 43-ე წუთზე ფეხით გადაკიდებულ ბურთს რანი ფხალაძე მიყვა და ლელო გაიტანა, ხოლო 51-ეზე მოლის შემდეგ შოთა ხელაძემ შეუტია და საკუთარი გუნდის უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა. მალე ‘არესი’ კდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული, ყვითელი ბარათი ნიკა კილაძემ მიიღო, რითაც ‘ყაზბეგმა’ ისარგებლა და გიორგი ზაგაშვილმა ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა.

72-ე წუთზე მასპინძლებმა სტუმრებს ფეხით მოგერიებისას მათსავე ლელოში დაუფარეს და ჯესე მაროვიამ ლელო გაიტანა, თუმცა 3 წუთში ‘ყაზბეგმა’ შეძლო კიდევ ერთი საპასუხო ლელოს გატანა, თავი შოთა ნაჭყებიამ გამოიჩინა, ლუკა სახელაშვილმა კი გარდასახვით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა - 23:17. მატჩის საუკეთესო მოთამაშე არსენ მაჩალაძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092434